Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის ჯორჯ ბუში: ''გამთიშველი'' თუ ''შემაკავშირებელი''?


2000 წელს, როცა პირველად წამოაყენა თავისი კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ჯორჯ ბუშმა თქვა: მე გამთიშველი კი არა ვარ, შემაკავშირებელი ვარო.

ახლა, პრეზიდენტობის მეორე ოთხწლიანი ვადის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, ბუშმა ორი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომლითაც ნაკლებად სავარაუდოა, თავისი კრიტიკოსების გული მოიგოს. გაეროში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბოლტონის, ხოლო მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე პოლ ვულფოვიცის კანდიდატურების წამოყენებით, ბუშმა პირიქით, ბევრს აფიქრებინა, რომ სიტყვები თავისი "შემაკავშირებელი" ბუნების შესახებ ცარიელი რიტორიკა იყო და მეტი არაფერი. თუმცა, როგორც ჩანს, ბუშს ნაკლებად აინტერესებს, როგორ აფასებს ხალხი პრეზიდენტად მის მოღვაწეობას.

გასულ კვირაში, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბუშმა პირდაპირ თქვა, ჩემს მოღვაწეობას, როგორც ამერიკის პრეზიდენტისა, ჩემივე საქმეებით შეაფასებენ თანამედროვეებიცა და მომავალი თაობების ისტორიკოსებიცო. ამდენად, გუნდრუკის კმევა ან თანხმობის ნიშნად თავის ქნევა არავისგან არ მჭირდებაო, დაახლოებით ასეთი იყო პრეზიდენტის ნათქვამის დედააზრი.

ბოლტონისა და ვულფოვიცის კანდიდატურების წამოყენებით ბუშმა ყველას დაანახა, რასაც გულისხმობდა. ექსპერტთა აზრით, ამ ორი გადაწყვეტილებიდან უფრო თამამია მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად პოლ ვულფოვიცის დასახელება, რამაც ევროპაშიც და თვით შეერთებულ შტატებშიც ბევრი შეაშფოთა, რომ არა ვთქვათ -აღაშფოთა. ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ ვულფოვიცის დანიშვნამ შეიძლება ისევ დაძაბოს ევროპელ მოკავშირეებთან ვაშინგტონის ურთიერთობა, რომელმაც ბოლო ხანს დათბობა იწყო.

ბუნებრივია, ბუშს - ისევე, როგორც ნებისმიერ პრეზიდენტს - სურს, თავისი კვალი დაატყოს იმ დიდ საერთაშორისო უწყებებს, რომლებშიც ხელმძღვანელთა დასახელების პრივილეგია აქვს მინიჭებული. მსოფლიო ბანკში ეს კვალი, როგორც ჩანს, პოლიტიკური რეფორმის გატარებით უნდა გამოიხატოს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ვაშინგტონის კატოს კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკის ექსპერტი იან ვასკესი.

[იან ვასკესის ხმა] "ბუშის ადმინისტრაცია კარგა ხანია ცდილობს - ჯერჯერობით მეტად წარუმატებლად - გარდაქმნას მსოფლიო ბანკის ზოგიერთი სტრუქტურა. მისი მიზანია, ამ უწყებაში უფრო მაღალი ხარისხის ანგარიშვალდებულება დაამკვიდროს - ვთქვათ, დამოუკიდებელი სააუდიტო სისტემის შემოღებით. ჩემი აზრით, ვულფოვიცზე არჩევანის შეჩერება ნიშანია იმისა, რომ ვაშინგტონი მიზნის მიღწევას ცდილობს მსოფლიო ბანკის ისეთი პრეზიდენტის დახმარებით, რომელიც ამ იდეის განსახორციელებლად ახლანდელ პრეზიდენტზე მეტად არის მზად."

იან ვასკესისგან განსხვავებით, უილიამ ჰარტუნგი - ნიუ იორკის მსოფლიო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი - პრობლემას უფრო ფართო პერსპექტივის ჭრილში აფასებს. იგი გვახსენებს ევროპაში თავად ბუშისა და მისი სახელმწიფო მდივნის ამასწინანდელ მოგზაურობებს, რომლებიც მიზნად სწორედ ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობის განმუხტვას ისახავდა. და ჰარტუნგის აზრით, ბოლტონისა და ვულფოვიცის კანდიდატურების დასახელება აშკარად ეწინააღმდეგება ამ ძალისხმევას.

[უილიამ ჰურტუნგის ხმა] "გავრცელებული აზრით, პრეზიდენტი ბუში დარწმუნებულია, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სწორედ ამერიკის თვალსაზრისია ყველაზე სწორი და, ამდენად, ჯონ ბოლტონისთანა კაცის ყოლა გაეროში, ან პოლ ვულფოვიცისთანა ადამიანის დანიშვნა მსოფლიო ბანკში ამ უწყებებში ამერიკის სტრატეგიის დამკვიდრების მომასწავებელი იქნება. სამწუხარო, ვფიქრობ, ის არის, რომ ბუშის ასეთი პოზიცია ეწინააღმდეგება ამჟამინდელი ადმინისტრაციის მცდელობას, უფრო მულტილატერალურად, მოკავშირეებთან მოთათბირებით იმოქმედოს."

უილიამ ჰარტუნგის აზრით, ჯონ ბოლტონი ყოველ ღონეს იხმარს გაეროს ავტორიტეტის შესასუსტებლად და იმის საჩვენებლად, რომ ეს ორგანიზაცია თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს. ხოლო რაც შეეხება ვულფოვიცს, იგივე ჰარტუნგი ფიქრობს, რომ მსოფლიო ბანკში მისი მისვლის შედეგად ეს ორგანიზაცია ფინანსური დახმარების განაწილებისას იხელმძღვანელებს არა საჭიროების პრინციპით, არამედ იდეოლოგიური მოსაზრებებით.

კიდევ უფრო არაორაზროვანია თავისი აზრის გამოთქმისას ლეონ ფერთი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ალ გორის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში. რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელი კორესპონდენტისთვის, ედრიუ ტალისთვის მიცემულ ინტერვიუში ფერთი ასე ახასიათებს ბუშის პოზიციას:

[ლეონ ფერთის ხმა] "შეიძლება, არ მოგწონთ ჩემი პოლიტიკა, შეიძლება ფიქრობთ, რომ ის მცდარია, შეიძლება გგონიათ, რომ სწორად არ ვიქცევი, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. პრეზიდენტი კი მე ვარ. ეს დაუფარავად კონფრონტაციული პოზიციაა, რომელიც ბუშისთვის საერთოდაც დამახასიათებელია. ამას, რბილად თუ ვიტყვით, "შეუწყნარებელი პრეზიდენტობა" შეიძლება ვუწოდოთ."

ლეონ ფერთი დასძენს, რომ ბუშს სულაც არ ანაღვლებს, რას ფიქრობენ მასზე შინ თუ გარეთ; რადგან დედამიწის ერთადერთი ზესახელმწიფოს მართვის სადავეები სწორედ მას უპყრია ხელთ.
XS
SM
MD
LG