Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენლები ''ფრთხილი ოპტიმიზმით'' უყურებენ აფხაზეთის სამშვიდობო პროცესის განახლების პერსპექტივას


ბოლო ხანს გაეროს მისამართით სულ უფრო ხშირად გაისმის კრიტიკა იმის გამო, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც კონფლიქტების მომწესრიგებელი, ვერ ასრულებს

თავის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას. ასევე ბევრი ლაპარაკია გაეროს ძირფესვიანი გარდაქმნის აუცილებლობაზე, რაზეც ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გუშინ ისაუბრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ იორკში. გაეროს გარდაქმნის გეგმაზე, რომელიც, სხვა ზომებს შორის, უშიშროების საბჭოს წევრთა 24-მდე გაზრდასაც ითვალისწინებს, ჩვენს გადაცემებში კიდევ არაერთხელ შევეხებით. დღეს კი ვისაუბრებთ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ განხილვაზე, რომელიც ორშაბათს მოეწყო უშიშროების საბჭოში.

ნიუ იორკში, უშიშროების საბჭოში გამოსვლისას, სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჟან-მარი გეენომ იხმარა ტერმინი "ფრთხილი ოპტიმიზმი". მან სწორედ ასე შეაფასა აფხაზეთის კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეთა შორის დიალოგის განახლების პერსპექტივა და აღნიშნა, რომ საამისოდ გარკვეული მზადყოფნა უკვე არსებობს.

[ჟან-მარი გეენოს ხმა] "მხარეები მზად არიან, განიხილონ პრაქტიკული საკითხები, რომლებშიც შესაძლებელია პროგრესის მიღწევა: იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნება, ეკონომიკა, უსაფრთხოების გარანტიები. არსებობს მზადყოფნა გარკვეული მოქმედებისა, მაგრამ, ამავე დროს, პირდაპირ უნდა ითქვას: ძირითადი პოზიციები ჯერ კიდევ ძალიან დიდად არის დაშორებული ერთმანეთს."

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში გაეროს როლი კარგა ხანია, მინიმუმამდეა შემცირებული. გასული ზაფხულიდან მოყოლებული მხარეთა შორის პრაქტიკულად არ მიმდინარეობს დიალოგი, რის გამოც საერთაშორისო შუამავალთა აქტიურობა მცირე პროექტების განხორციელებით შემოიფარგლება. შარშანდელი წლის მიწურულს, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ვითარება იმ მხრივაც დაამძიმა, რომ ხელი შეუწყო დაპირისპირების გაღრმავებას თვით სეპარატისტთა ბანაკში. და თუ იმავე ჟან-მარი გეენოს დავუჯერებთ, აფხაზთა ხელმძღვანელობაში ერთიანობა დღემდე არ არის. და მაინც, გეენოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის, სერგეი ბაღაფშის იმედი აქვს.

[ჟან-მარი გეენოს ხმა] "ჩემი აზრით, ბაღაფშს ნამდვილად უნდა რაღაცის მიღწევა. მას უნდა, აფხაზეთის მოსახლეობას რაღაც შედეგი უჩვენოს. ცხადია, ამის გაკეთება იოლი არ იქნება. ამიტომ ვხმარობ გამოთქმას "ფრთხილი ოპტიმიზმი". ვფიქრობ, ვითარება ოდნავ შეიცვალა უკეთესობისკენ, მაგრამ მაინც არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ახლო მომავალში რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება. მეორე მხრივ, სრული უძრაობის პერიოდის შემდეგ ისევ გაჩნდა მოძრაობის შანსი."

გაერო, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ სცნობს. უშიშროების საბჭოსაც არაერთხელ დაუდასტურებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობა. თავის რეზოლუციებში საბჭო მხარეებს მოუწოდებს, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკება, რომლის საფუძველთა საფუძველი უნდა იყოს პრინციპი: აფხაზეთი საქართველოს ნაწილად რჩება.

მიუხედავად ამისა, სერგეი ბაღაფში მოლაპარაკების ამ სცენარით განახლებას არ აპირებს. მეტიც, მას საერთოდ არ სურს აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე საუბარი და მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური საკითხების განსახილველად არის მზად. გაეროს წარმომადგენლები შექმნილ ვითარებაში ამასაც სასიკეთო ნიშნად მიიჩნევენ.

რადიო "თავისუფლების" ნიუ იორკელ კორესპონდენტთან, რობერტ მაკმეჰონთან საუბარში გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ჰაიდი ტალიავინიმ აფხაზთა სადღეისო პოზიცია ასე შეაფასა:

[ჰაიდი ტალიავინის ხმა] "ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ეკონომიკურ საკითხებში, ურთიერთნდობის აღდგენის მიმართულებით, და დიალოგის რეალურად განახლების მიზნით. ვფიქრობ, მოცემულ ვითარებაში ეს შესანიშნავია."

ჰაიდი ტალიავინი, ისევე, როგორც ჟან-მარი გეენო, მონაწილეობას მიიღებს 7-8 აპრილს ჟენევაში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაში კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეთა შორის. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას. ვიცით მხოლოდ, რომ აფხაზთა დელეგაციის სათავეში იქნება დე ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრად ხელახლა დანიშნული სერგეი შამბა. შუამავალთა შორის იქნებიან აშშ-ის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG