Accessibility links

logo-print

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში არასამთავრობო სექტორი გააქტიურებას ცდილობს


დავით პაიჭაძე, თბილისი კონფლიქტს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დღესდღეობით სიმწვავე მოაკლდა, რაც არ ნიშნავს, რომ იმატა მისი მოგვარების შესაძლებლობამ.

აქამდე კონფლიქტის მოგვარებაში უფრო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს არ ჰყოფნიდა ის, რაც ყოველთვის ახლდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს: ეს გახლავთ კონფლიქტის გააზრება, მხარეთა პოზიციების გარკვევა და შესაძლო დაახლოებაზე მსჯელობა საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში საქართველოს ხელისუფლება, ძირითადად, ხისტი პოზიციით გამოდიოდა, რამაც მოლაპარაკება, არსებითად, გაყინა. სამაგიეროდ, არასამთავრობო ორგანიზაციათა და აქტივისტთა შეხვედრებმა ის შედეგი გამოიღო, რომ ქართულ ენაზე დაიწერა აფხაზეთის საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფნის კონცეფცია და გაჩნდა ნდობა საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა მიმართ. აფხაზეთში კი საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანის დაცვას სწორედ ის ადამიანები ედგნენ სათავეში, რომლებიც სამოქალაქო და დემოკრატიულ ღირებულებებს არასამთავრობო სექტორში საქმიანობისას ეზიარნენ. სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქართველ კოლეგებს ნამდვილად აკლდათ იმ ტიპის შეხვედრები, რომლებიც მანამდე აფხაზებთან ჰქონდათ. ახლა კი, ჩანს, ვითარება ამ მხრივაც იცვლება. ორიოდე დღის წინ სლოვენიაში დასრულდა დიალოგი ოს სამოქალაქო აქტივისტებთან. ამის შესახებ შეხვედრის მონაწილეს, პაატა ზაქარეიშვილს, ვესაუბრე.

შეიძლება ვცდები, მაგრამ, მიუხედავად შარშანდელი ესკალაციისა, სამხრეთ კავკასიის სამი კონფლიქტიდან შედარებით მსუბუქი და იოლად მოსაგვარებელი სწორედ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტია, ამბობს პაატა ზაქარეიშვილი:

[ზაქარეიშვილის ხმა] “სლოვენიის შემდეგ დავრწმუნდი: მიუხედავად იმისა, რომ ისინი მე არ მენდობიან, ოსებთან საერთო მეტი შეიძლება გამონახო, უფრო მოდიან და წამოვლენ დათმობებზე, ვიდრე ჩემი მეგობარი აფხაზები.”

პაატა ზაქარეიშვილი იხსენებს აფხაზებთან წლების მანძილზე მიმდინარე შლაინინგის პროცესს და მის შედეგს - აფხაზეთის კონცეფციად წოდებულ ტექსტს. ამ ტექსტის შემუშავებას 5-6 წელი დასჭირდა. სამხრეთ ოსეთთან სამოქალაქო კავშირების აქტივაცია დაგვიანდა, თუმცა, მიიჩნევს ზაქარეიშვილი, 7-8 თვის მუშაობა საკმარისი იქნება, რომ სამხრეთ ოსეთის შესახებ გამართული კონცეფცია დაიდოს. ოსები ხვდებიან, რომ ვერანაირ დამოუკიდებლობას ვერ “გამოაცხობენ”: სამხრეთ ოსეთი ანკლავია, რომელიც, უპერსპექტივობის გამო, მოსახლეობისგან იცლება. ცხინვალელ ოსებს შეუძლიათ ეროვნულ იდეას ჩრდილოეთ ოსეთშიც ემსახურონ, ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და განაგრძობს იმ არგუმენტების ჩამოთვლას, მისი აზრით, კონფლიქტის შედარებით ადვილად მოგვარებას რომ შეუწყობს ხელს:

[ზაქარეიშვილის ხმა] “თბილისი არის ძალიან ახლოს, ვლადიკავკაზისგან განსხვავებითაც კი. თან, ვლადიკავკაზი არის უდიდესი იმპერიის პროვინცია, როცა თბილისი პერსპექტიული სახელმწიფოს დედაქალაქია, ევროპული ორიენტაციითა და ინტერესებით; ნათესაური კავშირები: ბევრია შერეული ქორწინება, ნათესავები ჰყავთ ქართველებში; ოსებმა თვითონ, თავიანთი ნებით აირჩიეს ქართული ენა მშობლიურ ენად. ოსების დიდი ნაწილი ცხოვრობს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე - მათ კონტაქტები აქვთ, ხედავენ, რომ საქართველო იცვლება უკეთესობისაკენ, თუმცაღა ნელა. ერთადერთი დამაბრკოლებელი არის საქართველოს აგრესია: იმან, რაც გასულ ზაფხულს მოხდა, ოსები ძალიან შეაშინა.”

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ სამხრეთ ოსეთის მკვიდრნი დღეს საქართველოსგან ელიან არა მხოლოდ გამსახურდიას პერიოდის შეცდომათა აღიარებას, არამედ შარშანდელი სამხედრო ოპერაციის შეფასებასაც და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოდიში უამრავ ოსს კეთილად განაწყობდა ქართველთა მიმართ. მით უმეტეს, რომ ჩრდილოეთი ოსეთიც დაინტერესებულია საქართველოსთან კარგი ურთიერთობით. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გასულ შემოდგომაზე კოფლიქტის მოსაწესრიგებლად შემუშავებული გეგმა გულისხმობდა მნიშვნელოვან შეღავათებს საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთ ოსეთის ტვირთების გადატანისას. ამ ფაზამდე მისასვლელად მხარეებს დიდი გზა რჩებათ.
XS
SM
MD
LG