Accessibility links

logo-print

განათლების მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

  • ნინო როდონაია

სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის განათლების მინისტრს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. უმრავლესობა არ დაეთანხმა ,,მემარჯვენე ოპოზიციის” ინიციატივას,

რომელიც კახა ლომაიას იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცედურის დაწყებას ითვალისწინებდა.
21 მომხრე და 80 მოწინააღმდეგე - ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა, რომლის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.
დარბაზს მიღმა კი, პარლამენტის შენობასთან, განათლების მინისტრის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებმა განაახლეს.

სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტთა შიმშილობის აქციის და განათლების მინისტრის მიერ სასწავლებლის რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის ფონზე, სამშაბათს პარლამენტმა დაადგინა, რომ კახა ლომაია პოსტზე უნდა დარჩეს, განათლების რეფორმის კურსი კი არ შეიცვლება. განათლების მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით პარლამენტს ფრაქცია ,,მემარჯვენე ოპოზიციამ” მიმართა. მისი ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა შიმშილობაში გადაზრდილი საპროტესტო აქციისა და შექმნილი სიტუაციის მიზეზად კახა ლომაიას სუბიექტური პოზიცია იქცა:

[დავით გამყრელიძის ხმა] ,,ლომაიამ, როგორც მინისტრმა, ამოწურა ყოველგვარი შესაძლებლობა არა მარტო ამ სტუდენტებთან და პედაგოგებთან დიალოგისა, არამედ მან ამოწურა საერთოდ თავისი შესაძლებლობა ჩაატაროს ქვეყანაში როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდები, ისე განათლების რეფორმა.” (სტილი დაცულია)

საპარლამენტო უმრავლესობიდან ,,მემარჯვენე ოპოზიციის” მოთხოვნას მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ, თუმცა მის პოზიციას უმრავლესობაში ერთიანობის განცდა არ შეუცვლია:

[გიორგი არველაძის ხმა] ,,ჩვენი ხელისუფლება არ იყოფა ცალკე ლომაიებად და ცალკეულ მინისტრებად. ჩვენი ხელისუფლება არის ერთიანი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, რომელსაც აქვს მიზნად დასახული, რომ განახორციელოს რეფორმები ყველა მიმართულებით, მათ შორის -განათლების სისტემაში. ამ რეფორმებს ვერაფერი ვერ გააჩერებს.” (სტილი დაცულია)

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი არველაძემ, განათლების მინისტრის საწინააღმდეგო რიტორიკას უადგილო უწოდა და მემარჯვენე ოპოზიცია საერთოდ რეფორმის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, რასაც დავით გამყრელიძის ფრაქცია კატეგორიულად არ ეთანხმება.
მემარჯვენეებისადმი მხოლოდ ოპოზიციონერი კონსერვატორების მხარდაჭერა კახა ლომაიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად საკმარისი, რა თქმა უნდა, არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც მათ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს.
პარალელურად შიმშილობას განაგრძობს სამედიცინო კოლეჯის 16 სტუდენტი, რომლებიც სხვებთან ერთად მარტის დასაწყისიდან მოითხოვენ სამედიცინო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვას. სამშაბათს სტუდენტებმა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთანაც განაახლეს და პარლამენტის თავმჯდომარისგან კვლავ სასამართლოში ჩივილის რეკომენდაცია მიიღეს. პოზიცია არ შეუცვლია არც კახა ლომაიას, რომელიც განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის წევრებს შეხვდა:

[კახა ლომაიას ხმა] ,,ჩვენ გავაღებთ ისეთ კარს, რომელსაც ვერასოდეს ვეღარ დავხურავთ. დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი და პარლამენტმა ეს კანონად აქცია, რომ მისაღებ გამოცდებში ერთხელ და სამუდამოდ დავამყაროთ წესრიგი.” (სტილი დაცულია)

საკუთარი მოთხოვნა აქვს თავად განათლების მინისტრსაც, რომელმაც პრეზიდენტს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ ხეცურიანის გათავისუფლების წინადადებით მიმართა.
ამ მოთხოვნას რესპუბლიკელების სახელით მხარი დაუჭირა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ჯერ კიდევ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორია რამაზ ხეცურიანი და მე არ მესმის საქართველოს პრეზიდენტი რატომ აჯანჯლებს ამ საკითხის გადაწყვეტას.” (სტილი დაცულია)

თავად რამაზ ხეცურიანი სამშაბათს საავადმყოფოში მოათავსეს, რექტორის მხარდამჭერ ხელმოწერებს კი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აგროვებენ და კიდევ ერთი შიმშილობის აქციის დაწყებით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG