Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნეს


ფინეთში დაკავებული საქართველოს 50 მოქალაქე 22 მარტს ფინეთის სპეციალური ჩარტერული ავიარეისით სამშობლოში დააბრუნეს. ჩარტერული რეისის ორგანიზება ფინეთის

მთავრობამ ითავა, რადგან ტრეფიკინგში ეჭვმიტანილ ქართველებს უკან დასაბრუნებელი ყველა გზა მოჭრილი ჰქონდათ. მართალია, ფინეთის სამართალდამცველთა ეჭვი არ გამართლდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში მაინც არ სჯერათ, რომ ტრეფიკინგის ფაქტს არ ჰქონდა ადგილი. ქართველ სამართალდამცველებს ქართველი ტურისტების სამშობლოში დაბრუნებისთანავე გამოძიების დაწყება აქვთ გადაწყვეტილი.

რუსეთ-ფინეთის საზღვარზე დაკავებული 52 საქართველოს მოქალაქიდან 2-მა უკვე რამდენიმე დღეა დატოვა ფინეთი. ისინი ავტობუსის მძღოლები იყვნენ და რუსეთის მრავალჯერადი ვიზის მეშვეობით უკან, რუსეთში, დაბრუნება მოახერხეს. 50 ქართველი კი - მათ შორის, 48 ქალბატონი - სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ ფინეთის სამართალდამცველების მიერ გაუქმებული ვიზების გამო. საქართველოს ხელისუფლება თანახმა იყო ფინეთიდან ქართველების დეპორტაცია რუსეთში მომხდარიყო, თუ რუსეთის მთავრობა უვიზო ქართველებს პრობლემებს არ შეუქმნიდა. ასეთი განცხადება 21 მარტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა გააკეთა. იყო სხვა განცხადებებიც, რაც ძალზედ მწვავედ მიიღეს ფინეთში დაკავებულმა ქართველებმა:

[ქართველი ტურისტის ხმა] ”მე მყავს საუკეთესო ლიდერი და მე მრცხვენია იმის, რომ მე ქვეყანა არ გამაჩნია და მიცავს სათვისტომო. მე ქვეყანა არა მყავს. მთელი ფინელი ხალხი, მთელი ევროპა გაოცებულია, ეს პატარა ერის შვილები როგორ იცავენ თავისი ქვეყნის ღირსებას და ღირსეულია კი ქვეყანა სინამდვილეში? “ (სტილი დაცულია)

აი, ასეთ ემოციურ განცხადებებს აკეთებდნენ ფინეთში დაკავებული ქართველი ქალბატონები საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გაცნობიერების შემდეგ. ხოლო თუ როგორი პოზიცია აქვს ხელისუფლებას, ეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი გომიაშვილის განცხადებიდან ჩანს:

[გიორგი გომიაშვილის ხმა] ”მოდით, ასე ვთქვათ: ეს ფაქტი ტრეფიკინგი არის თუ არა, ამას საქართველოში ჩატარებული მოძიება და გამოძიება დაადგენს.”(სტილი დაცულია)

ოდნავ მოგვიანებით, უკვე მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა და გადაწყდა, კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმაც გააკეთა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენი მოქალაქეები არიან ესენი და ჩვენ უნდა გავერკვეთ იმ ბრალდებებში, რასაც მათ უყენებენ - მაინც ჩვენი მოქალაქეები არიან და მათი უფლებები უნდა დავიცვათ. ვნახოთ...”

ქართული მხარისგან განსხვავებით, უფრო აქტიური და პრინციპული აღმოჩნდა შვედური მხარე, რომლის მიერაცაა გაცემული ქართველი ტურისტების შენგენის ვიზები. სწორედ შვედური კომპანიაა იმ ტურისტული სააგენტოს პარტნიორი, რომელმაც 48 ქართველი ქალბატონი ევროპის გარშემო ეგრეთ წოდებულ ”შოპტურში” წაიყვანა. ფინეთში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლის რენო სირაძის განცხადებით, შვედეთის ხელისუფლების პოზიციამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რომ ქართველი ტურისტები უდანაშაულოდ ცნეს. სწორედ ამ ძალისხმევის შედეგია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩარტერული ავიარეისით დაბრუნება ფინეთის მხარემ ითავა.

[რენო სირაძის ხმა] ”პრინციპში, ამათ მიერ არის მოგზაურობა ჩაშლილი და, აბა, ვის უნდა ეკისრა. პოლიციის წარმომადგენელმა, რომელიც ამათ თან მიჰყვება, გააკეთა საინტერესო განცხადება: მე რომ ჩავალ საქართველოში, ბოდიშს მოვიხდიო.”

საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყველაფერი გააკეთა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უპრობლემოდ დასაბრუნებლად, თუმცა რაში გამოიხატებოდა ეს ძალისხმევა, არავინ აკონკრეტებს. უფრო მეტიც, დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ოფიციალური თბილისი ფინეთში დაკავებული ქართველების საქმეში ტრეფიკინგის ნიშნების ძიებას აპირებს.
XS
SM
MD
LG