Accessibility links

“საშიში ფოტოექსპონატები”


18 მარტს თბილისში, გალერეა “ტიემესში”, გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელიც ესთეტიკურ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ, მაგრამ სიმართლეს აუცილებლად დაგანახვებთ.

“სიმართლე” კი ისაა, რომ საქართველოს რეგიონები სავსეა ეგრეთ წოდებული მდგრადი ორგანული დამაბინძურებლებით, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლეს. სწორედ ეს “არაესთეტური სახეები” წარმოადგინეს გუგა კოტეტიშვილმა და დათო ქაჯაიამ ფოტოგამოფენაზე.

“გამოფენაზე თქვენი დასწრება უაღრესად მნიშვნელოვანია” – აღნიშნულია მოსაწვევზე, რომელიც “ტიემესში” გამართულ აქციაზე გვეპატიჟებოდა. გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხალხმრავლობა ამ ექსპოზიცია-აქციაზე ხელისუფლებას დაარწმუნებდა, რომ საქართველოს მოსახლეობას, მართლაც, აწუხებს თავისი ჯანმრთელობა და ცდილობს გაიგოს, ზრუნავს თუ არა ჩვენი ხელისუფლება გარემოს დაცვაზე... ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა მარიკა შოთაძემ, რომელიც არ არის პროექტის ავტორი, მაგრამ მისი ორგანიზაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ყველანაირად ცდილობს გააგებინოს მთავრობას, რამდენად საშიშია ეს, ეგრეთ წოდებული, მოდ-ები, ე.ი. მდგარდი ორგანული დამაბინძურებლები:

[მარიკა შოთაძის ხმა] “საჭიროა ფინანსები, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ამ პროექტის ფარგლებში შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, ვაიძულოთ მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, რომ გარკვეული დაფინანსება გამოიყოს ასეთ ღონისძიებებზე.”

თუმცა პროგრამაში ჩართული სპეციალისტების აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად საზოგადოებამ გაიაზროს, რომ ათწლეულების მანძილზე მაღალტოქსიკური ნივთიერებების მოქმედება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, იწვევს ავთვისებიან სიმსივნეებს, ნერვული, იმუნური და რეპროდუქციული სისტემების მოშლას. მარიკა შოთაძის თქმით, ამ ექსპონატებმა, შესაძლებელია, შოკივით არ იმოქმედოს დამთვალიერებელზე, რადგან ჩვენი საზოგადოება ასეთ “შოკებს” უკვე შეეჩვია, მაგრამ ხალხმა ის მაინც უნდა შეიგნოს, რომ დამწვარი ფოთლებიც კი (ფოთლებს კი ჩვენში ხშირად წვავენ ხოლმე) აბინძურებს გარემოს:

[მარიკა შოთაძის ხმა]“ასეთი მასობრივი ღონისძიება დღეს პირველია. საერთოდ, პროექტის მიზანია შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა ამ დაბინძურებული მასალის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ჩვენ ვუწყობთ ხელს ამ პროექტს და ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საზოგადოებრივი ცოდნის ამაღლების ღონისძიებები. ეს გამოფენა ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც ასახავს საქართველოში მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებთან - აგრეთვე დაბინძურებულ ტერიტორიებთან -დაკავშირებულ პრობლემას... ესაა პესტიციდები, ტრანსფორმატორის ზეთები, დამწვარი ფოთლები.”

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის მარიკა შოთაძის თქმით, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები გამოირჩევიან განსაკუთრებული მდგრადობით, რადგანაც ათეული წლების განმავლობაში არ ექვემდებარებიან დაშლას, იოლად შეუძლიათ შეაღწიონ დედის რძეში და აქვთ შორ მანძილზე გადაადგილების უნარი:

[მარიკა შოთაძის ხმა] “ჯანმრთელობისთვის საშიშია, რადგან ეს ნივთიერებები არის მდგრადი, გადაიტანება დიდ ტერიტორიებზე და შეიძლება ნაპოვნი იქნას ანტარქტიდაზეც კი. ორი ქარხანა უშვებდა საბჭოთა კავშირში ამ ზეთებს და მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები, მეტ-ნაკლებად, მთელ კავკასიაში გამოიყენებოდა. “

საერთოდ, იმ ექსპონატებში, რომელიც გალერეა “ტიემესში” გუგა კოტეტიშვილმა და დათო ქაჯაიამ წარმოადგინეს, “საბჭოთა სული” აშკარად იგრძნობოდა. ფოტოსურათების კომპოზიცია, წარწერის გამოყენების სტილი ძალიან ჰგავდა საბჭოთა პლაკატებს... ეს, ალბათ, ირონიაა, რომელმაც უნდა გაგვახსენოს, რომ ჰაერი კავკასიაში ჯერ კიდევ გაჟღენთილია საბჭოთა საწამლავით, ეს საწამლავი შეიძლება იქცეს თავისებურ “მტრის ხატად” კავკასიელებისთვის, რომლებიც, პოლიტიკამ და კულტურამ თუ არა, ბუნების დაცვამ მაინც უნდა გააერთიანოს.

[მარიკა შოთაძის ხმა] “კავკასიის მასშტაბით ჯერ არ ვიცით, რადგან ეს არის ეროვნული პროექტი. ანალოგიური მუშაობა მიდის სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც... ეს საბჭოთა კავშირის გადმონაშთია.”

საბჭოთა ეპოქაში მოქმედებდა სპეციალური კომისია, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებდა ეგრეთ წოდებული “ქიმიური და ბიოლოგიური ბრძოლის საშუალებების” სიას, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან იყო შეთანხმებული... იქმნებოდა სიები, მაგრამ მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები ამ სიას არ ემორჩილებოდნენ. “ტიემესში” წარმოდგენილი “არაესთეტური” და საშიში ფოტოებიც უბრალო “სიად” არ უნდა იქცეს – ჰაერი თავად ხალხმა უნდა გაწმინდოს.
XS
SM
MD
LG