Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელებს სურთ დედაქალაქის მერი თავად აირჩიონ


,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ,” რომელიც თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობა, დედაქალაქის მოსახლეობის პოზიციის გასარკვევად

სპეციალური კვლევა ჩაატარა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, თბილისელების უმრავლესობას თავად სურს იმის გადაწყვეტა, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი.
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” იმედი აქვს, რომ საქართველოს პარლამენტი მოსახლეობის აზრს გაითვალისწინებს, თუმცა, შესაბამისი კანონპროექტის შინაარსი ხელისუფლების ამგვარ სურვილს ჯერჯერობით არ ადასტურებს.

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ გამოკითხული თბილისელების 75%-ს დედაქალაქის მერის არჩევა თავად სურს. ამ მნიშვნელოვანი პრინციპის რეალობად გადაქცევის მიზნით, რამდენიმე ხნის წინ მოქალაქეთა ნაწილმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა და მოთხოვნის კანონიერების დასტური მიიღო. ამჟამად საქართველოს პარლამენტი ,,თბილისის შესახებ კანონის” და პრეზიდენტის მიერ დედაქალაქის მერის დანიშვნის წესის შესაცვლელად ემზადება, თუმცა, თბილისელებს მერის არჩევას ვერ ანდობს.

,,თბილისის მერი არის ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი, რომელსაც საკრებულო ირჩევს” - ნათქვამია ,,თბილისის კანონის” ცვლილებათა პროექტში, რომლის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი გიგა ბოკერიაა. პროექტის შინაარსიდან ეს პუნქტი ყველაზე მეტად მიუღებელია ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის თამარ ჟვანიასათვის:

[თამარ ჟვანიას ხმა] ,,სამწუხაროდ, მე არ ვიცი უმრავლესობის და საერთოდ, ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის აზრი იმიტომ, რომ ჯერ არ განხილულა ეს კანონპროექტი. მაგრამ ის ფაქტი, რომ თვითონ იურიდიული კომიტეტიდან და მისი ერთ-ერთი წარმომადგენლისგან ესეთი ინიციატივა შედის, რათქმა უნდა, დასაფიქრებელია.” (სტილი დაცულია)

საკრებულოს მიერ თბილისის მერის არჩევას მხარს უჭერს გამოკითხულ მოქალაქეთა მხოლოდ 4%. რაც შეეხება დედაქალაქის მოსახლეობის მიერ მერის პირდაპირი წესით არჩევას, მას თბილისელების უმრავლესობისა და არასამთავრობო სექტორის გარდა, საპარლამენტო ოპოზიციაც ემხრობა. ,,მემარჯვენე ოპოზიციამ” მოამზადა ალტერნატიული კანონპროექტი, რომლის წარუმატებლობა ეჭვს ალბათ არ უნდა იწვევდეს.

იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის მიერ თბილისის მერის დანიშვნის მოქმედი წესის გაუქმებას აპირებს, პარლამენტის წევრი, რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი ამგვარად ხსნის:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,ჩვენ რაკი გვაქვს საკონსტიტუციო და ქარტიის რატიფიკაციის შემდეგ საერთაშორისო ვალდებულება, რომ უნდა გვქონდეს თვითმმართველობა, რომელიც იქნება არჩევითი, ამიტომ ფსევდოარჩევითობის მოდელი შემოგვთავაზეს.” (სტილი დაცულია)

იმას, რომ ხელისუფლება თბილისის მოსახლეობას მერის არჩევას ვერ ანდობს, დავით ბერძენიშვილი გარკვეულ შიშს უკავშირებს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,თუ ვთქვათ, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი აშინებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ დედაქალაქის მერობიდან პრეზიდენტობამდე გზა არის, ეს ცნობილი რამ არის. ჟაკ შირაკიც იყო მერი, ერთხელ წააგო არჩევნები, მეორედ წააგო, მესამედ მოიგო.ზოგი მერი დედაქალაქისა ხდება პრეზიდენტი და უფრო მეტი ვერ ხდება. მაგრამ ეს შიშია აშკარად ხელისუფლებისა.” (სტილი დაცულია)

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას,” რომლის ყოფილი ხელმძღვანელი თბილისის მერად პრეზიდენტის მიერაა დანიშნული, იმედი აქვს, რომ საბოლოოდ ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის აზრს გაითვალისწინებს და მას მერის არჩევის უფლებას დაუთმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თამარ ჟვანია გამოსავალს სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად გააქტიურებაში ხედავს:

[თამარ ჟვანიას ხმა] ,,არ დაავიწყდეს არავის, რომ მოქალაქეებს აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. ეს არის 30 ათასი მოქალაქის ხელმოწერა. ჩვენი ორგანიზაცია ალბათ, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი აღიარებული და მიღებული პარლამენტში, ალბათ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ მოაგროვოს ხელმოწერები და სამოქალაქო ინიციატივით, საკანონმდებლო ცვლილებით შევიდეს პარლამენტში.” (სტილი დაცულია)

სავარაუდოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას ამ ინიციატივის განხორციელებაზე ზრუნვის დაწყება მოუწევს, რადგან პარლამენტის მიერ თბილისელთა უმრავლესობის პოზიციის გათვალისწინების შანსი მინიმალურია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG