Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა აქცია გრძელდება


ორ კვირაზე მეტია, ქართული საზოგადოება განათლების მინისტრისა და სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა დაპირისპირებას ადევნებს თვალყურს.

ორ კვირაზე მეტია, მხარეები საკუთარი პოზიციის მართებულობის დამტკიცებას ცდილობენ: სტუდენტები კვლავინდებურად უარს აცხადებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე; თავის მხრივ კომპრომისის დაშვებას შეუძლებლად მიიჩნევს განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია, რომლის თქმითაც, “გამონაკლისის დაშვებით სამინისტრო გახსნის იმ კარს, რომელსაც ვეღარასოდეს დახურავს”. ამ შედარებით მინისტრმა სხვა სახელმწიფო კოლეჯების იმ 7 ათას 500 სტუდენტეზე მიანიშნა, რომლებიც, პრეცედენტის დაშვების შემთხვევაში, ასევე მოითხოვენ უმაღლეს სასწავლებეში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე მოხვედრას.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, დაპირისპირებული მხარეები პოზიციების შეჯერების ნაცვლად სულ უფრო მეტად შორდებიან ერთმანეთს. სტუდენტების მიერ დაწყებულ შიმშილობის აქციას განათლების მინისტრმა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით უპასუხა. თანაც ალექსანდრე ლომაიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უმაღლეს სასწავლებლეში ჩაბარების წესთან დაკავშირებით სამინისტრო პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

[ალექსანდრე ლომაიას ხმა] ”ეს სისტემა პრინციპულად ვერ იტანს და ვერ ჰგუობს რაიმე სახის გამონაკლისის დაშვებას ჩარიცხვის წესთან დაკავშირებით.”

არადა, პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ვითარების განსამუხტავად სამინისტრომ კოლეჯის მესამე კურსის სტუდენტებისთვის მართლაც უნდა დაუშვას გამონაკლისი და ისინი უმაღლეს სასწავლებელში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უნდა მიიღოს. თუმცა ამგვარი გამონაკლისის დაშვება თავად კოლეჯის სტუდენტებისა და მათი მშობლებისთვისაა მიუღებელი.

[ქალბატონის ხმა] “როგორ პირველმა კურსმაც ჩააბარა გამოცდები, მეორემაც და მესამემაც... უნდოდა მოეხდინათ განხეთქილება ჩვენ შორის, რომ ერთმანეთს დავპირისპირებოდით, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად, ჩვენი შვილების გვერდით”.

[სტუდენტის ხმა] “პირველი, მეორე და მესამეც - ყველანი ვართ კოლეჯის სტუდენტები. ამიტომ ჩვენ ვდგავართ ერთად და ბოლომდე ვიდგებით ერთად”.

ვითარებას ერთი-ორად ართულებს სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე შიმშილობის აქცია, რომელიც თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. აქციის მონაწილენი სტუდბილეთების გარდა, განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასაც მოითხოვენ.

[სტუდენტის ხმა] “მოშიმშილე ბავშვები და საერთოდ ყველანი ვითხოვთ ლომაიას გადადგომას”.

ცხადია პარლამენტის წინ მიმდინარე მარათონული საპროტენსტო აქციის მიმართ გულგრილნი ვერც რიგითი თბილისელები რჩებიან. რას ფიქრობენ ისინი? რა გამოსავალი უნდა მოიძებნოს შექმნილი ვითარებიდან?

[მამაკაცის ხმა] “თუ ძალიან მოვინდომებთ, კომპრომისი მოძებნა შეიძლება. ოღონდ ეს ისეთი კომპრომისი უნდა იყოს, რომ კანონიერება იყოს დაცული, რათა სხვას არ გაუჩნდეს ცდუნება, რომ მორალური ზემოქმედებით ელისუფლება აიძულოს არაკანონიერი ნაბიჯები გადადგას. თანაც მე ვგულისხმობ, რომ ლაპარაკი უნდა იყოს მხოლოდ მესამე კურსზე”.

თუმცა, როგორც ეს არაერთხელ აღინიშნა, ამგვარი კომპრომისი თავად აქციის მონაწილეებისთვის არის მიუღებელი.

[ქალბატონის ხმა] “არავითარი კომპრმისი! პირველი და მეორე დღე არაა რაც ქუჩაში გამოვედით. ჩვენ არ გვეგონა თუ ასეთი შემაძრწუნებელიი რამ მოხდებოდა. არავითარი კომპრმისი!”

კოლეჯის სტუდენტთა მშობლები ცდილობენ დაპირისტპირებაში საქართველოს პრეზიდენტი ჩარიონ და ამ გზით გადაწყვიტონ პრობლემა. ისინი მიხეილ სააკაშვილს ასე ანამუსებენ.

[ქალბატონის ხმა] “ეს უღრისი ლომაია და ეს უღირსი ბოკერია, რომლებიც იქ უსხედან და სახელს უტეხენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ პრეზიდენტს, იგი დროზე უნდა მიხვდეს და მოიშოროს, თორემ ძირს უთხრიან ისინი პრეზიდენტსა და საქართველოს”.

მაგრამ პრეზიდენტი დუმს და სხვის, ანუ საკუთარი მინისტრის საქმეში ჩარევას არ აპირებს. საკითხავია მხოლოდ, როდემდის. თუმცა, ყველაფერი ისევ და ისევ მხარეთა პრინციპულობაზეა დამოკიდებული.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG