Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ყირგიზეთის პრეზიდენტს ოპოზიციასთან შუამავლის როლის შესრულებას სთავაზობს


საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ ის, რაც ყირგიზეთში ხდება, თბილისის “ვარდების რევოლუციით” პოსტსაბჭოთა სივრცეში დაწყებული პროცესების გაგრძელებაა.

თუმცა ისიც ესმით, რომ ყირგიზეთში შექმნილი რეალობა განსხვავდება რევოლუციების პერიოდის საქართველოსა და უკრაინის რეალობისაგან. ყირგიზეთში ვითარება გაცილებით რთულია - ამას სადამკვირებულო მისიით იქ ჩასული და უკან დაბრუნებული ჩვენი თანამემამულეებიც ადასტურებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი - რამდენიმე ქართველი დეპუტატი - დღემდე ყირგიზეთშია. ეს ფაქტიც და ისიც, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტს რევოლუციებში კარგად გამოცდილმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციასთან შუამავლობა შესთავაზა, ცხადყოფს, რომ შუა აზიაში მიმდინარე მოვლენებისადმი საქართველო გულგრილი არაა. როგორ უყურებენ საქართველოში პრეზიდენტის ამ ინიციატივას და, საერთოდ, იმას, რაც დღეს ყირგიზეთში ხდება?


ასკარ აკაევისთვის მარტო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მოუწოდებიათ პრობლემა დიალოგის გზით გადაჭრას. ასკარ აკაევისთვის გაგზავნილ წერილში მიხეილ სააკაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს ყირგიზეთში შექმნილი რთული ვითარების გამო, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ყირგიზ ხალხს და მათ პრეზიდენტს, თუმცა ამ უკანასკნელს ურჩევს სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ოპოზიციის მოთხოვნებს. მიხეილ სააკაშვილმა თავის ყირგიზ კოლეგას ოპოზიციასთან კონსტრუქციულ დიალოგში შუამავლის როლის შესრულებაც შესთავაზა და იქვე გამოთქვა იმედი, რომ მის მეგობრულ წინადადებას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად კი არა, ყირგიზეთში არასტაბილურობისა და ქაოსის თავიდან აცილების გულწრფელი სურვილის გამოხატულებად მიიჩნევენ.

პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ ყირგიზეთის ხელისუფლებსა და მის ოპოზიციას შორის საშუამავლო ინიციატივით გამოსვლა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სწორი ნაბიჯია:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “ცენტრალურ აზიაში ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ხავერდოვნად, ამიტომ კარგ რამეს აკეთებს ჩვენი პრეზიდენტი, როცა ცდილობს გამოვიდეს მედიატორად. ეს, სხვათა შორის, კარგი გაგებით, PR -იც არის საქართველოსთვის. “

ალესანდრე რონდელის მიერ ნახსენებ, კარგი გაგებით, PR მიმართვაში სრული მხარდაჭერაა გამოცხადებული ყირგიზი ხალხისა და, ამავდროულად, მათი პრეზიდენტისადმი. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ყირგიზეთში განვითარებული პროცესებისადმი დამოკიდებულებაში სააკაშვილი ერთგვარ სიფრთხილეს იჩენს, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე აღნიშნავს, ყირგიზი ხალხისა და მათი პრეზიდენტისადმი გამოცხადებული სრული მხარდაჭერა, უპირველესად, ხალხისთვის მხარდაჭერის გამოცხადებად უნდა გავიგოთ:

[მაია ნადირაძის ხმა] “სააკაშვილი დაიჭერს ხალხის მხარეს და ხელისუფლებას უფრო კარგად გააგებინებს, რა შეიძლება მოჰყვეს ხალხის ღელვას. - მე ასე გავიგე ეს მიმართვა. “

მაგრამ რესპუბლიკური პარტიის წევრი ფრიდონ საყვარელიძე, რომელიც ყირგიზეთში არჩევნების მიმდინარეობას ადგილზე აკვირდებოდა, ფიქრობს, რომ ყირგიზეთში შექმნილ ვითარებაზე საქართველოს პრეზიდენტს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. მისი თქმით, იქაურ სიტუაციასა და საქართველოს - მით უფრო, უკრაინის - რევოლუციურ სიტუაციას შორის განსხვავება მნიშვნელოვანია.

[ფრიდონ საყვარელიძის ხმა] “ყირგიზეთში ოპოზიცია და დემონსტრანტები არ არის ერთი და იგივე. ეს არის ერთამენთისგან სრულიად განსხვავებული ძალები. ოპოზიცია ცდილობს დემონსტრანტების გაკონტროლებას, მაგრამ მან ეს კონტროლი უკვე დაკარგა. “

“სტიქიური დემოკრატიული მოძრაობა”- ასე ახასიათებს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ყირგიზეთში განვითარებულ მოძრაობას და რევოლუციური საქართველოსა და უკრაინისგან ყირგიზეთის დღევანდელი რეალობის განმასხვავებელ ნიშნებზე საუბრისას შემდეგს აღნიშნავს:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “ევროპისგან მოშორებულ კუთხეშია ყირგიზეთი და უფრო რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობაში ასრულებს გეოპოლიტიკურ ფუნქციას, უფრო რუსეთსა და ისლამურ სამყაროს შორის. აქ ძალის გამოყენების ელემენტები უფრო მეტია. “

“ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც დღეს ყირგიზეთში ხდება, არის ძალიან სერიოზული გამაფრთხილებელი ნიშანი უზბეკეთისთვის, ყაზახეთისთვის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთისთვისო, “- ამბობს ალექსანდრე რონდელი. საუბრის ბოლოს აღვნიშნავთ, რომ ოთხშაბათსაც შეუძლებელი იყო ყირგიზეთში მყოფ ქართველ დეპუტატებთან დაკავშირება.
XS
SM
MD
LG