Accessibility links

ამერიკელი სენატორები საქართველში რუსულ სამხედრო ბაზებს “ცივი ომის” გადმონაშთს უწოდებენ


საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე მოსკოვში დაწყებული რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება ყურადღების მიღმა არც საქართველოში მყოფ

ამირეკილ სენატორთა დელეგაციას დარჩენია. რადიო “თავისუფლებისათვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დემოკრატიული ფრაქციის ლიდერის მოადგილემ რიჩარდ დურბინმა რუსულ სამხედრო ბაზებს “ცივის ომის დროინდელი გადმონაშთი” უწოდა. ამერიკელ სენატორთა დელეგაციამ 23 მარტს, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან შეხვედრის გარდა, კრწანისის ქართულ-ამერიკული სამხედრო პოლიგონის დათვალიერებაც მოასწრო.

თავის დროზე საქართველოს ტერიტორიიდან ვაზიანისა და გუდაურის სამხედრო ბაზა შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების შედეგად გავიდა. რუსეთის კუთვნილი სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირება ვაშინგტონმა 2001 წელს 10 მილიონი ლარით დააფინანსა. შეერთებული შტატები ახლაც აქტიურად უჭერს მხარს ბათუმსა და ახალქალაქში არსებული სამხედრო ბაზების გაყვანას, განაცხადა რადიო “თვისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების სენატის დემოკრატიული ფრაქციის ლიდერის მოადგილემ რიჩარდ დურბინმა. გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოს ტერიტორიაზე “ცივი ომის გადმონაშთი” უწოდა:
[რიჩარდ დურბინის ხმა] “მე მოხარული ვარ, რომ ამ საკითხზე რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. რაც მალე დატოვებენ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს, მით უკეთესია, რადგან ამ ბაზებს არც საქართველოს უსაფრთხოებისთვის აქვს მნიშვნელობა და არც საკუთრივ რუსეთის უსაფრთხეობისთვის. ეს ბაზები, სამწუხაროდ, შეგვახსენებენ “ცივ ომს”, როდესაც საქართველო ძალზე განსხვავებული ქვეყანა იყო. ახლა კი ის დროა, როცა რუსეთმა საქართველოსთან ახალი ურთიერთობა უნდა დაამყაროს და გაიყვანოს ეს სამხედრო ძალა.”

თუმცა რუსეთის ბაზები არ იყო ამერიკელ სენატორთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მთავარი თემა. ამერიკელ კანონმდებლებს აინტერესებდათ, თუ რა შეიცვალა “ვარდების რევოლუციის” შემდგომ საქართველოში და როგორ ვითარდება ქართული დემოკრატია. ვიზიტის პროგრამიდან გამომდინარე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა სენატორებმა ჯერ ხელისუფლებისგან, მოგვიანებით კი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგანაც მოისმინეს. სტუმრები ცდილობდნენ შეცდომებზე არ ესაუბრათ. სამაგიეროდ, დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინი ამ შეხვედრებმა დაარწმუნა, რომ ახალი საქართველოს მშენებლობას კარგი პერსპექტივები აქვს:
[ რიჩარდ დურბინის ხმა] “მე ბედნიერი ვარ ქართველი ხალხის გამო, ქართველი ხალხის ამ თაობას აქვს შესაძლებლობა - რაც ძალიან ცოტას თუ ეძლევა - აშენოს ახალი, დემოკრატიული საქართველო. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ყველა პიროვნება, რომელსაც მე შევხვდი, - პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული და პრეზიდენტით დამთავრებული, - მოუთმენლად ელის საქართველოს წინსვლას.”

ამერიკელმა სენატორებმა საქართველოში ვიზიტის დროს დაათვალიერეს კრწანისის ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამის ბაზა, სადაც მესამე თვეა წვრთნას გადის მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის 530 ჯარისკაცი. აღნიშნული ქართული ქვედანაყოფის მისია ამთავითვე განსაზღვრულია - მიიღოს მონაწილეობა სტაბილურობის შენარჩუნების სამშვიდობო ოპერაციებში საერთაშორისო არენაზე.
XS
SM
MD
LG