Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა შესაძლებელი ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის გამარჯვება?


პროდემოკრატიული დემონსტრაციები ლიბანში; საკონსტიტუციო რეფორმა ეგვიპტეში; ახალი სამშვიდობო ძალისხმევა ისრაელსა და პალესტინელებს შორის. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ეს

და დემოკრატიული ცვლილებებისკენ მიმართული სხვა პროცესები უკვე მონათლეს "არაბულ გაზაფხულად". შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშისთვის ეს რეგიონში მისი ენერგიული ანტიტერორისტული და პროდემოკრატიული ინიციატივების შედეგია. მართლა შეიძლება თუ არა არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესებში შემოტრიალების წერტილი დავინახოთ? და თუ შეიძლება, არის თუ არა ეს შეერთებული შტატების დამსახურება?

[ბუშის ხმა] "ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების ბედი სულ უფრო და უფრო მეტად არის დამოკიდებული თავისუფლების ბედზე სხვა ქვეყნებში. ჩვენთან მშვიდობის მომავალი დამოკიდებულია მთელ მსოფლიოში თავისუფლების გავრცელებაზე."

ასე მიაჩნია შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს. იგი ტერორიზმსა და ტირანიას შორის უშუალო კავშირს ხედავს და ტერორიზმის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად დემოკრატიის გავრცელება მიაჩნია.

ამ თვალსაზრისით ბუშმა მთავარი ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ გადაიტანა და დღეისთვის უკვე გარკვეულ წარმატებებზეც საუბრობენ.

ეს წარმატებებია იანვარში ერაყში გამართული საპარლამენტო არჩევნები; მილიონიანი პროდემოკრატიული მოძრაობა ლიბანში; პალესტინელების მიერ ახალი ხელმძღვანელობის არჩევა და გასამხედროებული დაჯგუფებების მიერ ზავის გამოცხადება; ეგვიპტეში გარკვეული ნაბიჯები იდგმება საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად და პოლიტიკური ღიაობის მიმართულებით.

[ფაჰმის ხმა] "ჩემის აზრით, მრავალ ადამიანს სწყურია დემოკრატია და ეს მოძრაობა საუდის არაბეთსა და ეგვიპტეზე ვრცელდება. არ ვიცი, დემოკრატიაა თუ არა, რაც ლიბიაში ხდება. მაგრამ მე აშკარად ვხედავ ამას ქუჩებში, მასმედიაში. ეს კარგი მოძრაობაა, კარგი ნაბიჯია," შენიშნავს კანადაში მცხოვრები ეგვიპტელი მიმომხილველი მოჰამედ ფადელ ფაჰმი. ამასთან, მისი თქმით, ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა ვაშინგტონის აქტიურობის გარეშე.

მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს. ეჭვებს იწვევს ის, თუ რა მოტივები ამოძრავებს შეერთებულ შტატებს.

კრიტიკოსების თქმით, ერაყი ომის გამო საგანგებო შემთხვევად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება ლიბანს, იქ დემოკრატიას უკვე კარგა ხნის ტრადიცია აქვს. ისრაელსა და პალესტინელებს შორის ურთიერთობაში ცვლილებები კი, უპირველეს ყოვლისა, იასირ არაფატის სიკვდილით არის განპირობებული და არა ბუშის ძალისხმევითო.

არის ეს ამერიკის დამსახურება თუ არა, ერთ რამეს არავინ უარყოფს: არაბულ სამყაროში მართლაც შეინიშნება გარკვეული დადებითი ძვრები. საკითხავი ისაა, რამდენად სტაბილური და შორსმიმავალი იქნება ეს ცვლილებები.

მაშინ, როცა შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ ამ რეგიონისთვის საუკეთესო წამალი დემოკრატიაა, კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ არაბული სამყაროსთვის დემოკრატიის პრინციპების თავს მოხვევა ხდება გარედან, რაც არ არის ბუნებრივი პროცესი.

[ხაზენის ხმა] "მე ვისურვებდი, რომ დემოკრატიული ცვლილებები შიდა კანონზომიერებიდან გამომდინარეობდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამიტომაც ეჭვი მეპარება, რომ ეს ლაპარაკი არავითარ შედეგს არ გამოიღებს. ეს ხალხისგან კი არ მომდინარეობს, არამედ შეერთებული შტატების ზეწოლის შედეგია," ფიქრობს არაბულენოვანი გაზეთი "ალ-ჰაიათის" ყოფილი რედაქტორი ჯიჰად ხაზენი.

მისი თქმით, ეგვიპტეში, რომელიც ტრადიციულად ტონს იძლევა ამ რეგიონში, ცვლილებები მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს. ეს დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული დიქტატურაო, განუცხადა მან ჩვენს რადიოს.

მისივე თქმით, საუდის არაბეთში, მართალია, პირველად გაიმართა საყოველთაო არჩევნები, მაგრამ ქალებს მაინც არ ანიჭებენ საარჩევნო უფლებებს.

[შეჰადის ხმა] "რეჟიმები მუქარას განიცდიან ვაშინგტონის მხრიდან და ისინი იცვლებიან ანდა თავი მოაქვთ, რომ იცვლებიან. მაგრამ ეგვიპტეში ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა. კოსმეტიკურია ცვლილებები საუდის არაბეთშიც."

სპეციალისტები უფრო ოპტიმისტურად უყურებენ ლიბანში მიმდინარე ცვლილებებს. რაც შეეხება ერაყსა და ისრაელს, აქ ძალზე იოლია ვითარების კვლავ დესტაბილიზება.

მაინც რომ წარმატებას მიაღწიოს დემოკრატიისკენ მიმართულმა ძალისხმევამ? კრიტიკოსები ამ შემთხვევაშიც სკეპტიპურად უყურებენ სამომავლო პერსპექტივას. მათი აზრით, მაგალითად, ერაყში დემოკრატიული არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში არ მოსულან დასავლეთზე ორიენტირებული ლიბერალური ძალები. საბოლოოდ შეიძლება შეერთებული შტატების ძალისხმევა იმით დასრულდეს, რომ რეგიონში რეაქციულმა ძალებმა იმძლავრონ ვაშინგტონისავე ხელშეწყობით. დადებითი სცენარის შემთხვევაში კი დემოკრატია რეალურად გაძლიერდება ისე, როგორც ეს ამერიკას წარმოუდგენია.
XS
SM
MD
LG