Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონული ორგანიზაცია სუუამის განვითარების საკითხი კვლავ აქტუალურია


კიევში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა რეგიონული ორგანიზაცია სუუამის გააქტიურება იქნება. ამ გაერთიანების, მართლაც,

ეფექტურ ორგანიზაციად გარდაქმნაზე საუბარი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახშირდა.
ჯერჯერობით სუუამის ხუთი წევრი ქვეყნიდან შესაბამისი განცხადებები სამი ქვეყნის ლიდერებისგან ისმის და თითოეული მათგანი საკუთარი სახელმწიფოს სპეციფიკურ ინტერესებზე საუბრობს.

სუუამის ფარგლებში თანამშრომლობა აუცილებლად კონკრეტული შინაარსით უნდა შეივსოს - ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა გასული წლის გაზაფხულზე კიევში ვიზიტისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი ამ რეგიონულ ორგანიზაციას, რომლის წევრებიც საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვეთი არიან, პერსპექტიულ გაერთიანებად მიიჩნევს და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ემხრობა.
სუუამის ეფექტურ ორგანიზაციად გარდაქმნის აუცილებლობა უკრაინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ არაერთხელ აღნიშნა ვიქტორ იუშჩენკომაც, ამასწინანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ კი ანალოგიური პოზიცია გამოხატა მოლდოვეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმაც, რომელიც ორი წლის წინ სუუამიდან კიშინიოვის გასვლას არ გამორიცხავდა:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ,,ის, რომ ეს თემა აქტუალური გახდა უკანასკნელი მოვლენების შედეგად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავის დროზე მისი შექმნის იდეა სწორი იყო და არ გახლდათ თითიდან გამოწოვილი, რაღაც ხელოვნური რამ, როგორც მას მისი არაკეთილმოსურნენი ხატავდნენ ხოლმე.” (სტილი დაცულია)

საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს მიაჩნია, რომ ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს სუუამის საწინააღმდეგოდ გავრცელებულ განცხადებებს და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ორგანიზაციამ, მართლაც, ეფექტური ფუნქციის შესრულება შეძლოს. სუუამი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეიქმნა და რომელსაც მოსკოვში დესტრუქციულ და არაეფექტურ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
ბოლო პერიოდში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვეთის ლიდერებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ სუუამის ფარგლებში თანამშრომლობა არ ეწინააღმდეგება მათ ნორმალურ ურთიერთობას სხვა მეზობლებთან. მიუხედავად ამ ტიპის ოფიციალური განცხადებებისა, პოლიტოლოგი გიორგი ხელაშვილი სუუამის პერსპექტივად ანტირუსული მიმართულებით პოლიტიკურ გააქტიურებას მიიჩნევს:

[გიორგი ხელაშვილის ხმა] ,,ეფექტიანობის ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლა, ერთობლივი პოლიტიკური ზეწოლა მისი წევრი ქვეყნების მხრიდან და აქაც არის გარკვეული პრობლემები, ვინაიდან, ვთქვათ, თუ მოლდოვეთი, უკრაინა და საქართველო ხელს მოაწერენ ამგვარ პოლიტიკას, ანტირუსულს, უზბეკეთი და აზერბაიჯანი ჯერჯერობით ამისთვის მზად არ არიან.” (სტილი დაცულია)

უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ამასწინანდელი ვიზიტისას ორი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, რომ კიევისა და მოსკოვის ურთიერთობაში არანაირი პრობლემები არ არსებობს. ამასთან, რუსი ანალიტიკოსები უკვე საუბრობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში მიზიდულობის ცენტრის მოსკოვიდან კიევში გადატანის შესაძლებლობაზე. სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი მენაღარიშვილი სუუამის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინის, როგორც მომავალი ერთპიროვნული ლიდერის, როლს გამორიცხავს:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ,,დსთ-გან განსხვავებით, სადაც რუსეთს პრეტენზია აქვს და, შესაბამისად, დსთ-ს მთელი სტრუქტურა სწორედ რუსეთზე არის ორიენტირებული, სუუამი გახლავთ გაერთიანება, სადაც ყველა ქვეყანა თანაბარია და მას პერსპექტივა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი იგი, მართლაც, ასეთ, ცივილიზებულ, თანასწორუფლებიან ფორმატს შეინარჩუნებს.” (სტილი დაცულია)

სუუამის განვითარება პარასკევს კიევში უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა იქნება. ჯერჯერობით არ ჩანს ის კონკრეტული იდეა, რომლის გარშემოც ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ეფექტურად გაერთიანდებიან. მით უმეტეს, იმ დუმილის ფონზე, რომელიც აზერბაიჯანისა და უზბეკეთისგან შეინიშნება. ზოგადი საუბარი სუუამის რეანიმაციასთან დაკავშირებით, ძირითადად, ეკონომიკურ ასპექტებზე საუბრით შემოიფარგლება. საგულისხმოა თბილისისა და კიევის ბოლოდროინდელი განცხადებებიც იმის თაობაზე, რომ დსთ არაეფექტური ორგანიზაციაა და სერიოზული ცვლილებების გარეშე მისი წევრობა აზრს კარგავს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG