Accessibility links

logo-print

განმუხურის ინციდენტს ერთობლივი კომისია გამოიძიებს


კვლავ დაიძაბა ვითარება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, სადაც 24 მარტს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ზუგდიდიდან სტუმრად

ჩასული ორი მოქალაქე, გვარად ღურწკაია და წყაროზია, გაიტაცეს. წინასწარი ინფორმაციით, გამტაცებლები უკვე დაუკავშირდნენ მძევალთა ნათესავებს და, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, 50 ათასი ამერიკული დოლარი მოითხოვეს. არადა, ამ ინციდენტამდე კონფლიქტის ზონაში ვითარება ისედაც უკიდურესად იყო დაძაბული. ლაპარაკია 22 მარტს რუსული სამშვიდობო ძალების სამხედრო გამოსვლაზე, რომლის დროსაც სამხედროებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დისლოცირებულ ქართველ პოლიციელებს ალყა შემოარტყეს და იარაღის დაყრა უბრძანეს.


22 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მომხდარი ინციდენტის შესახებ, როგორც მოსალოდნელი იყო, 24 მარტს გამართულ ჭუბურხინჯის ოთხმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს. ცნობისათვის: 22 მარტს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ხანმოკლე კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსული სამშვიდობო ძალების 12-მა ჯავშანტრანსპორტიორმა და 200-მდე ჯარისკაცმა სოფელ განმუხურში დისლოცირებულ ქართველ პოლიციელთა რაზმს ალყა შემოარტყა. ქართული მხარის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ამგვარად გამოეხმაურნენ წინა დღით სამართალდამცავების მიერ ოთხი მთვრალი ჯარისკაცის დაკავების ფაქტს. ჭუბურხინჯის შეხვედრაზე საქართველოს მხარეს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა წარმოადგენდა.

[გოგა ხაინდრავას ხმა] “ჩვენ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გავაკეთეთ, გაეროშიც გავგზავნეთ წერილი, ასევე რუსეთის მხარესაც - გენერალ ევნევიჩს, ლოშჩინინს - გავუგზავნეთ წერილი. ქალბატონმა სალომემ ლავროვთან დააყენა საკითხი. ეს არის დაუშვებელი. ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე და ყველა, ვინც გასცა ბრძანება მსგავსი მოქმედებისა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს.”

საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტი რუსული ბაზების გატანის საკითხს დაუკავშირა და მას დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] “მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ის მომენტი, როცა ბევრი პროვოკაცია შეიძლება მოაწყონ იმ წრეებმა, რომლებსაც არ აწყობთ მოლაპარაკებების დაწყება და რომლებსაც მიუღებლად მიაჩნიათ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმოება.”(სტილი დაცულია)

რადიო “თავისუფლების” ზუგდიდელი კორესპონდენტი ლაშა ბერულავა კი იტყობინება, რომ სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა და სამშვიდობო ძალების სარდალი გენერალი ევტეევი ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. სწორედ ამ კომისიამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ და რატომ უბრძანა 22 მარტს რუს სამხედროებს განმუხურში დისლოცირებული ქართველი პოლიციელების ალყაში მოქცევა.

[ლაშა ბერულავას ხმა] “როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, შეიქმნა ორმხრივი კომისია, ქართული და რუსული მხარეების მონაწილეობით. ამ კომისიამ დეტალურად უნდა გამოიძიოს 22 მარტს განმუხურში მომხდარი ინციდენტი და ასევე უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისაჯონ.”(სტილი დაცულია)

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ერთადერთი კომისია, რომელიც 25 მარტიდან შეუდგება მუშაობას. ჭუბურხინჯის შეხვედრაზე კიდევ ერთი ერთობლივი კომისიის შექმნის საკითხი გადაწყდა. ეს უკანასკნელი 24 მარტს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან გატაცებული ორი მოქალაქის, ღურწკაიასა და წყაროზიას, ბედით დაინტერესდება.
XS
SM
MD
LG