Accessibility links

logo-print

სად მიდიან მესხეთიდან დეპორტირებული მოქალაქეები


დავით პაიჭაძე, თბილისი მესხეთიდან 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობის საქართველოში დაბრუნების პრობლემა თბილისში პერიოდულად ახსენდებათ. ორიოდე დღის წინ სახელმწიფო

მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა შეხვდა მესხეთელ თურქთა ორგანიზაციის, “ვატანის”, თავმჯდომარეს სულეიმან ბარბაქაძეს, რომელმაც მადლიერება გამოხატა მესხეთიდან დეპორტირებული მოქალაქეების ეტაპობრივად დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. თუმცა დასძინა, რომ არ იცის, რამდენი მოისურვებს დაბრუნებას, ის და მისი თანამოაზრეები კი არ აპირებენ თანამემამულეები აიძულონ დაბრუნდნენ. დეპორტირებული მოსახლეობის რამდენიმე პრობლემაზე თბილისში ქართველ რეპატრიანტთა კავშირის თავმჯდომარეს მარატ ბარათაშვილს ვესაუბრე.

მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის პრობლემამ, კარგა ხანია, საერთაშორისო განზომილება შეიძინა. საქმე ეხება არა მხოლოდ მათ რეპატრიაციას, ანუ სამშობლოში დაბრუნებას, არამედ უფლებების დარღვევას იქ, სადაც ამჟამად ცხოვრობენ. მესხეთელთა უფლებების შელახვით განსაკუთრებულად გამორჩეულია რუსეთის კრასნოდარის მხარე, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება არ მალავს, რომ მათ მიმართ უაღრესად მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს: ეროვნული ნიშნით აგდებენ სამსახურიდან, შემდეგ ბრალს დებენ უსაქმურობაში, უბრკოლებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობას, არ აძლევენ პასპორტებს, ხშირად ემუქრებიან და ა.შ. ქართველ რეპატრიანტთა კავშირის თავმჯდომარე მარატ ბარათაშვილი ამბობს, რომ მესხეთელები, კრასნოდარის მხარის გარდა, ბევრგან ცხოვრობენ - როსტოვის ოლქში, ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველო-რუსეთის მთელი საზღვრის გასწვრივ, აზერბაიჯანში, შუა რუსეთშიც; ბევრნი არიან თურქეთის აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში:

[ბარათაშვილის ხმა] “თურქეთმა წარმართა კამპანია დეპორტირებულ მესხეთელებს შორის მოხალისეთა მისაზიდად. უქმნიდნენ რაღაც პირობებს, აძლევდნენ დაპირებებს… ზოგი შეუსრულეს, ზოგიც - არა. ბევრი გადასახლდა. ათიათასობით ცხოვრობენ ახლა თურქეთში.”

საქართველოში დღესდღეობით 700-მდე რეპატრირებული მოქალაქე ცხოვრობს. მარატ ბარათაშვილი ამბობს, რომ ქართველ რეპატრიანტთა კავშირი აპრილში დაასრულებს საქართველოში მცხოვრები მესხეთიდან დეპორტირებული მოქალაქეების აღწერას. 2003 წლის ნოემბრის შემდეგ არც ერთი დეპორტირებული მოქალაქე არ დაბრუნებულა საქართველოში, - აღნიშნავს ბარათაშვილი. წინა ხელისუფლებას, ასე თუ ისე, გამოხატული ჰქონდა თავისი ნება მათი დაბრუნების მიმართ, ერთგვარ კეთილგანწყობასაც კი იჩენდნენ - რეპატრირებულებს გაიოლებული პროცედურით ანიჭებდნენ საქართველოს მოქალაქეობას, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან იწვევდნენ საქართველოს უნივერსიტეტებში სასწავლებლად. დღევანდელ ხელისუფლებას, ჩანს, ჯერ ან დრო არ მიეცა, ან შესაძლებლობა, გამოეხატა საკუთარი კეთილი ნება, - თქვა მარატ ბარათაშვილმა.

მე ვკითხე ქართველ რეპატრიანტთა კავშირის თავმჯდომარეს, რა არგუმენტები აქვთ დეპორტირებულ მოქალაქეებს საიმისოდ, რომ არ ცდილობენ დაბრუნებას საქართველოში.

[ბარათაშვილის ხმა] “ერთნი კანონმორჩილნი არიან და მიიჩნევენ: რაკი კანონი არ არსებობს, დაბრუნებაც გვეკრძალებაო. არის კატეგორია, რომელიც ეკონომიკურ ინტერესებს აყენებს ყველაზე მაღლა იქ, სადაც ამჟამად ცხოვრობს. დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ფრთხილობს, რადგან ცხოვრებაში ბევრჯერ გამოიცვალეს საცხოვრებელი ადგილი, ბევრი რამ ნახეს და დაითმინეს - დევნა, დარბევა, დისკრიმინაცია. სამომავლო საცხოვრებელში არსებითი გარანტიების გარეშე ძალიან საეჭვოა, ისინი ადგილიდან დაიძვრნენ.”

სწორედ ასეთი გარანტიების არსებობამ დაძრა მესხეთელი მოქალაქეები დღევანდელი საცხოვრებელი ადგილებიდან. ათიათასობით დეპორტირებულ მოქალაქეს განაცხადი აქვს შეტანილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე. როგორც ცნობილია, ამ ქვეყანამ უკვე რამდენიმე ათას ე.წ. მესხეთელ თურქს თავის ტერიტორიაზე ცხოვრების ნება მისცა. მარატ ბარათაშვილის თქმით, თანამემამულეები ამერიკაშიც, ძირითადად, სოფლის მეურნეობას მისდევენ.
XS
SM
MD
LG