Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი რევოლუციონერების მორიგი წარმატებული მისია ამჯერად ცენტრალურ აზიაში


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ცენტრალურ აზიაში “ვარდების რევოლუციის” ექსპორტი განხორციელდა. ყირგიზეთში ხელისუფლების ცვლილებას ქართველი დეპუტატებიც ადევნებდნენ თვალყურს.

თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ისინი არათუ უბრალო დამკვირვებლები, არამედ ბიშკეკის რევოლუციის რუხი კარდინალები იყვნენ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია გივი თარგამაძის, თემურ ნერგაძისა და კახა გეწაძის დაპატიმრებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ბიშკეკში მთავრობის სახლის შტურმს ალმა-ათიდან ადევნებდნენ თვალყურს.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახა გეწაძე და გივი თარგამაძე - მათთან ერთად კი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი თემურ ნერგაძე - ამ წუთებში ყაზახეთიდან ყირგიზეთის დედაქალაქისაკენ მიემართებიან. ბიშკეკში ყირგიზეთის მთავრობის სახლის იერიშის დროს ისინი მოვლენებს ალმა-ათის ერთ-ერთი სასტუმროდან აკვირდებოდნენ. ალმა-ათაში კი ქართველი მეთვალყურე-რევოლუციონერები ყირგიზეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშიდან მოხვდნენ. ჩვენთან სატელეფონო საუბარში გივი თარგამაძემ თავისი დღევანდელი გეგმების შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა:

[გივი თარგამაძის ხმა] “ოშში რომ ვიყავი, ახლა ვიქნები ბიშკეკში. დაახლოებით 4-5 საათში ვიქნები.”

საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარისაგან ისიც შევიტყვეთ, რომ ოშში მათ გარკვეული პრობლემები შექმნიათ ადგილობრივ სამართალდამცველებთან, რის გამოც იძულებულნი გამხდარან ყირგიზეთი დაეტოვებინათ. სავარაუდოდ, ამას გულისხმობდა რესპუბლიკური პარტიის წევრი ფრიდონ საყვარელიძე, რომელსაც დღეს დილით ასევე ტელეფონით გავესაუბრეთ. ის, რა თქმა უნდა, თბილისში იმყოფება:

[ფრიდონ საყვარელიძის ხმა] “სულ ბოლოს თემურ ნერგაძე და გივი თარგამაძე იყვნენ ოშში. შემდეგ ინტერნეტით იყო ინფორმაცია: დააკავეს თუ შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველ თუ უკრაინელ დამკვირვებელს, კარგად არ ჩანდა, და არა ბელორუსს. ასეთი უცნაური ინფორმაცია იყო. იმის მერე ვერ გავარკვიეთ ვერაფერი.” (სტილი დაცულია)

როგორც უკვე ვთქვით, სამი ქართველი დეპუტატი, ამჟამად კიდევ ერთი რევოლუციის ტალღაგადავლილი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქისაკენ მიემართება. ბატონი თარგამაძე ხანმოკლე სატელეფონო საუბარში დაგვპირდა, რომ მოგვიანებით დაწვრილებით გვესაუბრება ყირგიზეთში რევოლუციის პერიპეტიებისა და ამ მოვლენებში ქართველი რევოლუციონერების წვლილის შესახებ.
XS
SM
MD
LG