Accessibility links

logo-print

მეზობელთა რეაქცია ყირგიზეთში მომხდარ მომვლენებზე


ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მორიგი რევოლუცია მოხდა.

ყირგიზეთში ოპოზიციის მომხრეების რამდენიმეკვირიანმა საპროტესტო გამოსვლებმა ხუთშაბათს კულმინაციას მიაღწია დედაქალაქ ბიშკეკში პრეზიდენტის სასახლეში დემონსტრანტების შეჭრით. თავად პრეზიდენტის ადგილსამყოფელი ჯერაც უცნობია, თუმცა იგი ავრცელებს ინფორმაციას, რომ არ აპირებს გადადგომას. ოპოზიციამ კი ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

ყველაზე დიდი ყურადღებით მსოფლიო საზოგადოებრიობა რუსეთის რეაქციებს ელოდა. ჯერჯერობით პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "არც მწვადი დაწვა და არც შამფური."

[პუტინის ხმა] "გულდასაწყვეტია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში პოლიტიკური პრობლემები ისევ არაკანონიერი გზით გვარდება და ამას ძალადობა და ადამიანთა მსხვერპლი სდევს თან."

პარასკევს სომხეთში ვიზიტის მსვლელობისას გამოსვლაში პუტინმა ყირგიზეთის ოპოზიციის ამ დატუქსვის შემდეგ მის ღირსებებზეც ისაუბრა.

[პუტინის ხმა] "ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ ადამიანებს. მათ დახმარება გასწიეს ყირგიზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში, როცა ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ. მათ ბევრი რამ გააკეთეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დღევანდელი დონის მიღწევისთვის."

პოსტსაბჭოთა სივრცეში გამორჩეული გეოპოლიტიკური მდგომარეობის წყალობით რუსეთს ცენტრალურ აზიაზე დღემდე დიდი გავლენა აქვს.

ამ რეგიონის სხვა ქვეყნების ოფიციალური რეაქცია ყირგიზეთის მოვლენებზე ან ერთობ თავშეკავებული იყო ან ხელისუფლების მხრიდან საერთოდ არავითარი რეაქცია არ ყოფილა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა პარასკევს ასტანაში გამოსვლისას გააკრიტიკა ყირგიზეთის ჩამოგდებული პრეზიდენტი და თქვა, რომ ყირგიზეთის ოპოზიციას ხელი შეუწყო ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა.

თურქმენეთის საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც სახელმწიფოს ხელშია, საერთოდ არ შეხებიან ყირგიზეთის თემას.

უზბეკეთსა და ტაჯიკეთშიც, რომლებმაც ყირგიზეთში დაწყებული არეულობების გამო მეზობელ ქვეყანასთან საზღვრები ჩაკეტეს, მთავრობები დუმილით შეხვდნენ აყაევის ჩამოგდებას.

სამაგიეროდ სიტყვაძუნწობაში არ შეიმჩნევიან ამ ქვეყნების ოპოზიციური პარტიები. ყაზახეთის ოპოზიციური პარტია "აკ ჟოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბოლათ აბილოვმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ყირგიზეთის მოვლენები კარგი გაკვეთილია სხვა დიქტატორებისთვის.

[აბილოვის ხმა] "საოცარი რამააა, როცა ხალხს სურს, დამოუკიდებელი იყოს. ესაა ნიშანი დანარჩენი დიქტატორებისთვის, რომ აუცილებელია ცვლილებები, რომ ადამიანებს სჭირდებათ სამართლიანი არჩევნები, რომ ხალხისთვის, უბრალოდ, აუცილებელია სამართლიანი არჩევნები. ესაა ყველზე მთავარი."

ყაზახეთის ოპოზიციური პარტიების ბლოკი "სამართლიანი ყაზახეთისთვის" ყირგიზი ხალხისადმი გაგზავნილ ღია წერილში აცხადებს, რომ ყაზახი ხალხი ამაყობს ყირგიზი მეზობლებით. ისინი ულოცავენ ყირგიზებს, მათი სიტყვებით, "კლანურ და ოჯახურ ურთიერთობებზე დამყარებული ავტორიტარული რეჟიმის" ჩამოგდებაში.

ყირგიზეთში მომხდარი პოლიტიკური მიწისძვრის ბიძგები კავკასიაშიც შეიგრძნობა. როგორც აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია "უმიდის" წარმომადგენელმა იკბალ აღაზადემ უთხრა ჩვენს რადიოს, ყირგიზეთის ამბებს გავლენა ექნება არა მხოლოდ უშუალო მეზობლებზე, არამედ, შესაძლოა, სომხეთსა და აზერბაიჯანზეც იმოქმედოს. ყოველ შემხთვევაში, ფსიქოლოგიურად მაინც. როგორც სომხეთში და აზერბაიჯანში ჩატარებული უკანასკნელი არჩევნები, საერთაშორისო მეთვალყურეთა საერთო აზრით, სერიოზული დარღვევებით გაიმართა.
XS
SM
MD
LG