Accessibility links

logo-print

საქართველოს ელექტროსისტემა გაჩერების პირასაა მისული


საქართველოში სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს ზამთრის პერიოდისთვის დამახასიათებელი ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტითაა გამოწვეული.

მთავრობა კრიზისის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზების განმარტებით ცდილობს მოსახლეობის უკმაყოფილება შეაჩეროს, მაგრამ უდენობით გაწამებული მოქალაქეების პროტესტი სულ უფრო მწვავდება. 25 მარტს როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების მოსახლეობამ ავტომაგისტრალები სტიქიურად გადაკეტა. საპროტესტო აქციის მონაწილენი ელექტროენერგიის მხოლოდ 3 საათით მიწოდებას მოითხოვენ.

[ისმის აქციის მონაწილეთა ხმა] ”...ჩვენ, ბავშვებმა, მოვიწადინეთ და ჩვენ გადავკეტეთ. სამი დღეა წყალი არაა, შუქი არაა და იმიტომ გადავკეტეთ...

...როდესაც მოგვარდება პრობლემა, მაშინ გავხსნით გზებს. ბარიდან ბავშვები გამოსულია, სადილი ვერ კეთდება. სკოლაში მიდიან, მასწავლებლები გაყინულ- გათოშილი ზიან. შუქი, წყალი სამი დღე არ არის. საზღვარი აქვს ყველაფერს.” (სტილი დაცულია)

აი, ასეთი საპროტესტო განცხადებები ისმოდა თბილისი-მარნეულის საავტომობილო გზატკეცილზე, რომელიც ზემო ფონიჭალის მოსახლეობამ გადაკეტა. ქუჩაში ელექტროენერგიის მოთხოვნით გამოვიდა ვაზისუბნისა და ვარკეთილის მოსახლეობა. თბილისის ამ რაიონებს 2-3 დღეა ელექტროენერგია თითქმის არ მიუღიათ. იმავე მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს წალენჯიხაშიც.

[საპროტესტო აქციის ხმა] ”...ეს ორგანიზებული არის ბავშვების მიერ და ბავშვების მოთხოვნა არის ელექტროენერგია. ჩვენ არ ვითხოვთ 24 საათს და ვიცით რა მდგომარეობაა.

ბავშვებს უნდათ სინათლე, უნდათ შუქი. ჩვენ ვართ ისეთ ტერიტორიაზე და 1 საათი და 2 საათი შუქი სათხოვარი უნდა გვქონდეს ჩვენ?”(სტილი დაცულია)

გიგანტი, ანუ ენგურჰესი, რომელზეც უდენობით გაწამებული ქალბატონი საუბრობდა, ბოლო ერთი კვირაა გაჩერებულია. ენგურჰესის რესურსები ახალი წლის დღეებში უმოწყალოდ დაიხარჯა. იმ დროს რუსეთიდან დენის იმპორტი არ ხორციელდებოდა ტექნიკური მიზეზების გამო და საზეიმო დღეებში მთელი საქართველოს გასანათებლად ენგურის პიკურმა სადგურმა საბაზისო ენერგიის წყაროს ფუნქცია შეასრულა. მას შემდეგ ვერც რუსეთიდან იმპორტის განხორციელება მოხერხდა კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო და მცირე ჰიდროელექტროსადგურებშიც ამოიწურა ჰიდრო რესურსები.

ქვეყნის მთავრობა გამოსავალს ეძებს. ამ მიზნით პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა თავისთან მიიწვია ენერგოკომპანიების ხელმძღვანელები და დახურული თათბირი გამართა, თუმცა ყველა აცნობიერებს, რომ ეს ვითარებას კარდინალურად ვერ შეცვლის, რადგან საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავების ტექნიკური პირობებიც კი არ არსებობს.

[გოგი ლიპარტელიანის ხმა] ”მობრძანდეს ენერგეტიკის მინისტრი და გაგვცეს პასუხი, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მისი გადაყენების მოთხოვნით. ასეთი მინისტრის ყოლას სჯობია საერთოდ არ გვყავდეს.”

ეს არის გოგი ლიპარტელიანი, საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს რეგიონების” ლიდერი. მის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობა იმით გამოეხმაურა, რომ ენერგეტიკის მინისტრს გამოექომაგა. შექმნილ მდგომარეობაში დამნაშავედ ენერგეტიკის მინისტრი არც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს დაუსახელებია, რომელმაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ და ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ მოსახლეობას ასეთი პერსპექტივა დაუხატა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “შეზღუდვები უახლოესი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. გაგრძელდება კავკასიონის აღდგენის შემდეგაც. თუ გვინდა გვქონდეს 2006 წლის ბოლოს 24 საათიანი ენერგომომარაგება, და ესაა ჩვენი ამოცანა, ეს ამოცანები უნდა გადავწყვიტოთ სწორედ იმ თანმიმდევრობით, როგორც გითხარით.”
XS
SM
MD
LG