Accessibility links

logo-print

”პანკისის ხეობის დამცველებმა” სამართალს ვერ მიაგნეს


ადამიანები, რომლებიც თითქმის სამი წლის განმავლობაში პანკისის ხეობას იცავდნენ, სახელმწიფომ სულმთლად დაივიწყა. შინაგან ჯარში მომსახურე ადგილობრივი

კონტინგენტი (რამდენიმე ათეული კაცი) სამსახურიდან მოულოდნელად და უბოდიშოდ დაითხოვეს. თანაც ისე, რომ მათთვის კუთვნილი ფულიც კი არ გადაუხდიათ და, მეტიც, პასუხის გამცემიც აღარავინ არის. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები ”პანკისის დამცველებთან” დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ, რადგანაც შინაგანი ჯარი ამასობაში პირველი უწყების დაქვემდებარებიდან მეორის დაქვემდებარებაში გადავიდა. სამართლის მძებნელი ყოფილი სამხედროების ბედით ამჟამად სახალხო დამცველის ოფისი დაინტერესდა.

იყო დრო, როდესაც ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალიან სჭირდებოდა. ეს იყო 2002 წლის შემოდგომაზე, ანუ მაშინ, როდესაც პანკისის ხეობაში კრიმინალური ვიათარება უკიდურესად დაიძაბა და სპეცოპერაციის ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა გაჩნდა. იმხანად ახმეტის რაიონის მკვიდრ რამდენიმე ათეულ მამაკაცს (მათ შორის - უშუალოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებსაც) შინაგან ჯარში სამსახური სახელმწიფოსთვის ნამდვილად არ დაუმადლებია. 2002 წლის ნოემბერში შინაგანი ჯარის რიგებში გაწევრიანდა 12 დუისელი ქისტიც, რომელთა სამხედრო სამსახურსაც იმხანად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭებოდა. დაქირავებულთა მოვალეობა საკმაოდ სარისკო იყო და, დაზვერვითი საქმიანობის გარდა, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სადღეღამისო მორიგეობასაც გულისხმობდა. თუმცა მათ მიმართ მადლიერება, როგორც ჩანს, არავის გამოუხატავს:

(დავით კიკლიაშვილის ხმა) ”როცა ვჭირდებოდით, ხელისგულზე გვატარებდნენ, თავს გვევლებოდნენ, გვეფერებოდნენ და... უცბად მოვიდა ბრძანება - აღარა გვჭირდებით, დაიშალენით, წადით სახლებშიო.” (სტილი დაცულია)

ეს დავით კიკლიაშვილია, ანუ ერთ-ერთი იმათგანი, რომლებსაც ”პანკისის დამცველების” სახელი დღემდე შემორჩათ. პირადად ის და მისი მეგობრები სოფელ ხადორში ხადორჰესის მშენებლობას იცავდნენ, თუმცა სახელმწიფო არც პანკისის ხეობის სხვა სოფლების მცველებს მოექცა სამართლიანად. ასე მაგალითად, ოსმან ხანგოშვილს, რომელიც წიბახევში იყო გამწესებული:

(ოსმან ხანგოშვილის ხმა) ”ჩვენ თვითონ მივხვდით, რომ უკვე საჭირო არ ვიყავით და... ხელფასიც არ მოდიოდა და არც ”პაიოკის” ფულს გვიხდიდნენ. ველოდებოდით - როდის, როდის და... მერე უკვე, მათ ყურებაში, სხვა სამსახური ვიშოვოთ-მეთქი - ამაზე გვქონდა ”უჟე” ლაპარაკი. ავდექით და წამოვედით ჩვენ.” (სტილი დაცულია)

ადგნენ და წამოვიდნენ, მაგრამ კუთვნილი ფული მათთვის გზაში ნამდვილად არავის დაუწევია:

(დავით კიკლიაშვილის ხმა) ”გვაქვს ასაღები მთელი 9 თვის “პაიოკი” (თვეში გვერიცხებოდა 60 ლარი) და გვაქვს ასაღები კიდე იანვრის ხელფასი და გვეუბნებიან, რომ თებერვლისაც გეკუთვნითო, იანვარ-თებერვალი, რა, - 120 ლარები, 125 ლარები”. (სტილი დაცულია)

და მაინც, ვისგან უნდა მიიღონ კუთვნილი ფული პანკისის დამცველებმა, ან სად უნდა იპოვონ სამართალი?! ბევრი მცდელობის მიუხედავად, კიკლიაშვილის თქმით, ეს მათთვის ჯერაც გაურკვეველად რჩება:

(დავით კიკლიაშვილის ხმა) ”ვიყავით ჩასულები შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგვიხვია ხელზე, გაგვგზავნეს მერე თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტროში ქვეყანა შეგვიყარეს, რო - აქ რაზე გამოგგზავნეს, ეგ იმათი საქმეაო და იმათ მოგიშორეს თავიდანო და ჩვენ გადაგვკიდეს თქვენი თავიო. მივედით ისევ სამინისტროში, ის კაციც აღარ დაგვხვდა, ვინც იქ გაგვგზავნა. სად უნდა მივაკითხოთ, ვის უნდა მივაკითხოთ, სად არის, საერთოდ, ჩვენი საქმე რო, ვინ უნდა მოგვცეს ეგ თანხა, ეგ ხელფასი, ეგ ფული - იმასაც ვერ ვარკვევთ.” (სტილი დაცულია)

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასული შინაგანი ჯარი, როგორც ჩანს, ჯერ კვლავ ჰაერშია გამოკიდული. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი სამხედრო საკითხებში ვალერი ძველაია დაუსრულებელ პროცესზე საუბრობს:

(ვალერი ძველაიას ხმა) ”პრობლემები, რაც წარმოშობილი იყო შინაგან ჯარში, ის ყველაფერი თავისთავად, ავტომატურად გადავიდა თავდაცვის სამინისტროზე. მაგრამ რადგან რეორგანიზაცია ბოლომდე არ არის დამთავრებული (იქ არის კიდევ რაღაც კუდები დარჩენილი), ძნელია ერთიანი სურათის დანახვა.” (სტილი დაცულია)

საერთო სურათის დანახვის სიძნელის მიუხედავად, სახალხო დამცველის ოფისი პანკისის დამცველების ბედით სერიოზულად დაინტერესდა:

(ვალერი ძველაიას ხმა) ”დავიწყებთ გაგებას, ვინ არის პასუხისმგებელი მაგათ ფულად ანაზღაურებაზე. ცდას არ დავაკლებთ, ნამდვილად.” (სტილი დაცულია)

მართალია, პანკისის დამცველებს სიმართლის პოვნის იმედი თითქმის აღარ შემორჩათ, მაგრამ, პროტესტის უფრო ხმამაღლა გამოხატვამდე, ჯერ ისევ იცდიან.
XS
SM
MD
LG