Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა, მეორე მოსმენით, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის პროექტი მოიწონა


საქართველოს პარლამენტმა, მეორე მოსმენით, მოიწონა კანონპროექტი “ზოგადი განათლების შესახებ”. ამ კანონმა უნდა მოაწესრიგოს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო

საქმიანობის განხორციელების პირობები, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპები, უნდა დაადგინოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების როგორც სტატუსი, ასევე დაფუძნების, საქმიანობისა და აკრედიტაციის წესი. როგორც მოსალოდნელი იყო, დეპუტატებმა კანონი, მეორე მოსმენით, ვნებათაღელვის გარეშე, მშვიდ ატმოსფეროში მიიღეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ პლენარულ სხდომას, პროტესტის ნიშნად, კონსერვატორები და ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენლები არ დასწრებიან.

პარლამენტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი ჯერ კიდევ პლენარული სხდომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ კანონპროექტს, რომელშიც მთელი რიგი შენიშვნები იქნა გათვალისწინებული, დეპუტატების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა. გრიგალაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ძირითად საგანთა ჩამონათვალში შეტანილი იქნა რელიგიათა ისტორია, კანონპროექტში ასევე აისახა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] “კანონში დავაფიქსირეთ კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რაც იქცა უკვე დამავალდებულებელ გარემოებად ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში განათლების პოლიტიკის წარმოებისა. ასევე ძირითად საგანთა ჩამონათვალში შევიტანეთ რელიგიების ისტორია.”

თუმცა “მემარჯვენე ოპოზიციამ” და კონსერვატორებმა კომიტეტის თავმჯდომარის ეს ოპტიმიზმი არ გაიზიარეს. მემარჯვენეთა წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ, “უმაღლესი განათლების შესახებ კანონის” მსგავსად, პარლამენტი “ზოგადი განათლების შესახებ კანონსაც” დამკვრელურ ტემპში, ზერელედ იღებს.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] “ჭკუა ვერ ვისწავლეთ და “ზოგადი განათლების შესახებ კანონსაც” ჰაიჰარად ვეპყრობით, გაგვაქვს დამკვრელურად სხდომებზე და, მე ვფიქრობ, პარლამენტი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის იმ ხარვეზების გამო, რომელიც ძალიან მრავლად არის წარმოდგენილი ამ კანონპროექტში.”

განათლების მინისტრი კახა ლომაია კი, პირიქით, ამტკიცებს, რომ კანონპროექტი მაღალ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს:

[კახა ლომაიას ხმა] “დაფინანსებასთან, მმართველობის სისტემასთან, თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციასთან და როლთან და მთელი რიგი სხვა საკითხები არის შეთანხმებული და, ჩემი აზრით, კანონპროექტი პასუხობს ძალიან მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს.”(სტილი დაცულია)

დეპუტატთა ერთმა ნაწილმა არაეთიკურად მიიჩნია სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა ბედის გარკვევამდე სხვა თემებზე მსჯელობა. მაგრამ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კოლეჯის სტუდენტთა საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ვერ მოხვდა. შედეგად, მემარჯვენე ოპოზიციამ და კონსერვატორებმა, პროტესტის ნიშნად, კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს:

[კახა კუკავას ხმა] “რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ და ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს სხდომათა დარბაზის დატოვება. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ამ განცხადებას ვაკეთებ კონსერვატორებისა და მემარჯვენე ოპოზიციის სახელით.”

სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებისაგან განსხვავებით, რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “განათლების რეფორმა არის, ჩემი აზრით, ის ადგილი, სადაც ჩვენ იოლად ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან და უფრო გულწრფელნი ვართ, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები.”

უნდა ითქვას, რომ, პარლამენტის მსგავსად, კანონპროექტისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ საშუალო სკოლის პედაგოგებსაც.

[მამაკაცის ხმა] “პრინციპები ჩემთვის მისაღებია, მაგრამ არის რაღაც დეტალები, რომელიც ითხოვს ჩასწორებას და ამიტომაც ჰქვია ამ დოკუმენტს კანონპროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მეორე ვარიანტი გაცილებით უკეთესია, ვიდრე პირველი.”

[ქალბატონის ხმა] “ჩემი აზრით, ინტეგრაცია ქიმიის და ბიოლოგიის კიდევ დასაშვებია, მაგრამ ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის ნამდვილად დაუშვებელია.”

[ქალბატონის ხმა] “თუ ეს ყველაფერი დამთავრდება ბავშვებისთვის უკეთესად, პედაგოგების მდგომარეობაც გამოსწორდება, კანონის მიღებას ნამდვილად მივესალმებით.”

საბოლოო ჯამში, პარლამენტმა განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, მეორე მოსმენით, როგორც მოსალოდნელი იყო, სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე მიიღო.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG