Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი მზად არის ირაკლი ალასანიასთან მოლაპარაკებისთვის


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება თანახმაა ჟენევაში შეხვდეს ირაკლი ალასანიას, რომელიც აფხაზეთის დევნილ ლეგიტიმურ

მთავრობას თბილისში ხელმძღვანელობს. ამასთან, სოხუმი მოითხოვს, რომ გაეროს ეგიდით დაგეგმილ მოლაპარაკებაში ირაკლი ალასანია არა აფხაზეთის მთავრობის მეთაურის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით ჩაერთოს.
ჟენევის შეხვედრის წინ საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას პოლიტიკური დიალოგით აპირებს.

თბილისსა და სოხუმში აპრილის დასაწყისში ჟენევაში გაეროს ეგიდით დაგეგმილი შეხვედრისთვის ემზადებიან. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მეთაური ირაკლი ალასანია და დე ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა უხელმძღვანელებენ. სოხუმის აფხაზური ხელისუფლება აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებაში ირაკლი ალასანიას მონაწილეობასთან დაკავშირებული თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზური მხარე თბილისში მოქმედი მთავრობის ლეგიტიმურობას აღიარებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო დრომდე დე ფაქტო ხელისუფლება ირაკლი ალასანიასთან მოლაპარაკების სურვილს არ გამოთქვამდა, თუმცა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სოხუმმა პოზიცია შეცვალა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ტაბლიაშვილი არცთუ ზუსტს უწოდებს:

[ირაკლი ტაბლიაშვილის ხმა] ,,ფაქტი, რომ სოხუმმა შეცვალა პოზიცია, ესეც არ შეიძლება ითქვას. სოხუმში ითხოვდნენ, რომ ალასანია ყოფილიყო წარმოდგენილი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით. მოლაპარაკებაში ალასანია მიიღებს მონაწილეობას სწორედ ამ სტატუსით.” (სტილი დაცულია)

სოხუმის პოზიციას ირაკლი ტაბლიაშვილი მომავალი მოლაპარაკების წარმატებისთვის საჭირო დადებით იმპულსად აფასებს და აცხადებს, რომ თბილისი მიესალმება აფხაზური მხარის ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას.
დიალოგისთვის მზადყოფნას ადასტურებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშიც, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ჟენევის მოლაპარაკება საქართველოს პრეზიდენტთან მისი შეხვედრის საფუძველს მოამზადებს:
[სერგეი ბაღაფშის ხმა] ,,აუცილებელია მისი საგულდაგულოდ მომზადება, რათა ეს არ იყოს შეხვედრა მხოლოდ იმისათვის, რომ ერთმანეთს მივესალმოთ, გავეცნოთ და შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით დავიშალოთ. შეხვედრებს სამუშაო ჯგუფები მოამზადებენ.”

ამ თვალსაზრისით, ჟენევის მოლაპარაკების წინ სოხუმისა და თბილისის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა:

[ირაკლი ტაბლიაშვილის ხმა] ,,ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა შეიძლება.” (სტილი დაცულია)

ირაკლი ტაბლიაშვილის ინფორმაციით, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ინტენსიურ კონსულტაციებს აწარმოებს გაეროს გენერალურ მდივანთან არსებული ,,საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის” წარმომადგენლებთან, რომლებიც ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებაში შუამავლის მისიას ასრულებენ. ეს ჯგუფი გერმანიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და რუსეთს აერთიანებს. ჟენევის მოლაპარაკების წინ ამ სახელმწიფოთა დიპლომატებმა მოსკოვში საგანგებო კონსულტაციაც გამართეს, საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად. ცნობილია, რომ ჟენევის შეხვედრისას აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხი არ განიხილება. წინასწარი ინფორმაციით, მოლაპარაკების საგნად იქცევა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი, ერთობლივი ეკონომიკური პროექტების რეალიზაციის პერსპექტივა და გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG