Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ უკრაინა სამხედრო დახმარების პროგრამებს გაზრდის


პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინა საქართველოსთვის იარაღისა

და საბრძოლო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია, ხოლო უკრაინის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სულ უფრო მეტი ქართველი ოფიცერი ეუფლება სამხედრო ხელოვნებას. მოსალოდნელია, რომ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ორმხრივი სამხედრო-თანაშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. მით უფრო, რომ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში საქართველოს არმიის ბრძოლისუნარიანობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა უკრაინიდან მიღებული მძიმე საბრძოლო ტექნიკით.

საქართველო-უკრაინის სამხედრო თანამშრომლობაში ბზარი ვერც ანტისარაკეტო სისტემა “კოლჩუგებთან” დაკავშირებულმა საერთაშორისო სკანდალმა შეიტანა და ვერც “ნარინჯისფერთა” რევოლუციაში ქართული პოლიტიკური დესანტის მონაწილეობამ. მიუხედავად უკრაინაში ქართული რევოლუციის ექსპორტის მცდელობით პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას გარემოცვის გაღიზიანებისა, საქართველომ მძიმე საბრძოლო ტექნიკის მსხვილი პარტია სწორედ ნოემბერ-დეკემბრის თვეში მიიღო. იარაღის შეძენის ფაქტს უკრაინიდან, დამოუკიდებელ გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილიც ადასტურებს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “აქ იგულისხმება ის ძირითადი საბრძოლო საშუალებები, რომლითაც ხდება ქართული არმიის გადაიარაღება და რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს არმიის ჯავშანსატანკო პოტენციალი.”

საქართველო-უკრაინას შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესი განსაკუთრებით 1998 წლიდან დაიწყო. მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ფიქრობს, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა როგორც პირად, ისე სხვადასხვა სტრუქტურების დონეზე. თუმცა ჩვენთან სატელეფონო საუბარში დავით თევზაძემ განაცხადა, რომ თავდაპირველად ძირითადი აქცენტი კეთდებოდა არა უკრაინის მხრიდან სამხედრო-ტექნიკურ დახმარებაზე, არამედ რეგიონულ გაერთიანება სუუამის ფარგლებში სამხედრო თანაშრომლობაზე, და გაიხსენა ერთობლივი ქართულ-აზერბაიჯანულ-უკრაინული სამხედრო სწავლება კრწანისის პოლიგონზე:

[დავით თევზაძის ხმა] “ის, რაც ჩვენ პრაქტიკულად ჩავატარეთ აზერბაიჯანთან ერთად, ამ სუუამის ფარგლებში, ნავთობსადენის ავარიის ლიკვიდაციასათან დაკავშირებით, ეს იყო მთლიანად უკრაინის ინიციატივა.”(სტილი დაცულია)

მაგრამ სამხედრო თნამშრომლობა სუუამის ფარგლებში ამ ერთი სწავლებით დასრულდა, სავარაუდოდ, ამ რეგიონული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ ლიდერებზე რუსეთის ზეწოლის გამო. მაგრამ როგორც უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, უკრაინაში მომხდარი “ნარინჯისფერო რევოლუციისა” და მოლდოვეთის სულ უფრო პროდასავლური კურსის გამო, სუუამის რეგიონული ორგანიზაციის შიგნით ინტეგრაციული პროცესები სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს შეიძენს. მით უფრო, რომ ახლოვდება სუუამის სამიტი.
[გრიგოლ ქათამაძის ხმა]

სულ მალე სამხედრო-ტექნიკურ პროექტებს, რაც საქართველოსათვის შეღავათიან ფასებში საბრძოლო ტექნიკის მოწოდებას გულისხმობს, დაემატა კონტაქტები საგანმანათლებლო ხაზით. უკრაინის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია მეექვსე წელია ამზადებს უფროს ოფიცერთა და მეთაურთა კადრებს საქართველოს სამხედრო უწყებებისათვის. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გრიგოლ ქათამაძის თქმით, უკრაინის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სხვადასხვა სახის ქართველი სამხედრო-ტექნიკური კადრების მომზადებაც იგეგმება.

[გრიგოლ ქათამაძის ხმა]


იმ ფონზე, როცა საქართველო სულ უფრო მეტი სპეციალისტის მომზადებას აპირებს უკრაინაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გატარებული საკადრო რეფორმების შემდეგ უკრაინის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულ ოფიცერთა რიცხვი მაღალ თანამდებობებზე სულ უფრო კლებულობს. ერთი თვის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დაჟინებული მოთხოვნით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გენერალური შტაბის უფროსობიდან გაათავისუფლა გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელმაც სამი წლის წინ ოქროს მედალზე დაამთავრა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აკადემია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG