Accessibility links

logo-print

გასულმა კვირამ წინა პერიოდისგან იმემკვიდრა სამედიცინო კოლეჯის


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულმა კვირამ წინა პერიოდისგან იმემკვიდრა სამედიცინო კოლეჯის

მოსწავლეთა პრობლემა, თუმცა კვირის მიწურულს, შეიძლება ითქვას, მას აქტუალობა მოაკლდა: ეს დაეტყო საინფორმაციო გადაცემებსაც, სადაც შიმშილობისა თუ გამოცდების ჩაბარება-ჩაუბარებლობის საკითხებმა მესამე პლანზე გადაინაცვლა. კონფლიქტის არც ერთი მხარე არ ცნობდა კომპრომისს, ამიტომ უპირატესობა ბუნებრივად დარჩა მას, ვისაც მეტი ძალა ჰქონდა: ხელისუფლებას, განათლების სამინისტროსა და პარლამენტს, რომელიც, თუნდ ხელისუფლების ერთიანობის განსახიერებისათვის, იძულებულიც კი იყო, მხარში ამოსდგომოდა განათლების მინისტრს. კახა ლომაიამ, თავის მხრივ, გადამწყვეტი იერიში მიიტანა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორზე, რომელსაც კოლეჯის მოწაფეები მთავარ მეოხად მიიჩნევდნენ; იერიშს ამაგრებდა ორი არგუმენტი: რექტორის კორუფცია წარსულში და უმოქმედობა აწმყოში: განათლების მინისტრს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უშიშროებამ მიაწოდა ფოტოები, რომელზეც რექტორ რამაზ ხეცურიანის ხელფასთან შეუსაბამო მისივე სახლები იყო აღბეჭდილი. თუმცა, კორუფციული ეჭვი მაინც გარნირი გახლდათ ძირითადი პრეტენზიისათვის: კახა ლომაიას აზრით, რამაზ ხეცურიანმა არაფერი გააკეთა სამედიცინო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად რეფორმების დასაწყებად. პასუხად ხეცურიანი კარდიოლოგიურ კლინიკაში აღმოჩნდა, ხოლო იქიდან გამოსვლისას უკვე აღარ იყო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი: მოვალეობის შემსრულებლად განათლების მინისტრმა დავით თელია დანიშნა.

დაპირისპირება ამით ბოლომდე არ ამოწურულა, მაგრამ აშკარად გამოჩნდა: შიმშილობით კოლეჯის მოსწავლეები ვერაფერს გახდებიან. ისინი ითხოვენ პრეზიდენტთან შეხვედრას, ამ დროს კი პრეზიდენტის პასუხი გასაგებია: მიხეილ სააკაშვილი შეელია რამაზ ხეცურიანს, რომელიც, ამას წინათ, ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ახალი რექტორების დანიშვნისას, პოსტზე დატოვა. პრეზიდენტის სურვილის გათვალისწინებით, კახა ლომაია, უბრალოდ, იძულებული იყო, მისთვის რექტორობის კანდიდატად რამაზ ხეცურიანი წარედგინა. მოგვიანებით, ლომაიამ შეძლო თავისი გაეტანა.

რამაზ ხეცურიანი არის ფიგურა ახლო, მაგრამ მაინც, წარსულიდან. მისი შესაძლო კორუმპირებულობა, საქართველოში დამკვიდრებული შეფასებითი სტერეოტიპების ფონზე, ბუნებრივადაც კი ჩანს. საზოგადოებაში ხეცურიანის საცხოვრისთა ფოტოებზე მეტი რეზონანსი მოჰყვა ახალი თაობის მმართველთა გავრცელებული მიდრეკილების მორიგ მხილებას: დეპუტატმა კობა დავითაშვილმა გამოამზეურა ლეგალური აუდიოჩანაწერები, საიდანაც ფინანსური პოლიციის ახალგაზრდა მაღალჩინოსანთა, ბოდიში მომითხოვია და, “ქუჩური ბაზარი” ისმის ნარკოტიკებისა და ფინანსურ პოლიციაში ფულის კეთების შესახებ. ამ უწყების ხელმძღვანელმა დავით კეზერაშვილმა ყმაწვილებს იმავე დღეს დაატოვებინა თანამდებობები, მაგრამ სრულიად რეზონულად ჟღერდა კობა დავითაშვილის მოთხოვნა, პრეზიდენტს მოეხსნა თავად ფინანსური პოლიციის უფროსიც. თუ გავიხსენებთ თბილისის მერიაში ნარკოლოგიური ტესტირების შედეგად 6 თანამშრომლის გათავისუფლებას გასულ ზაფხულში, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა ქალაქის მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ბრეგაძის, კარიერა მერიაში, შეიძლება, უკეთეს შემთხვევაში, დავუშვათ, რომ დავით კეზერაშვილიც ნიჩაბზე შესვეს. ასე უცებ, ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნით, ამ კაცს პრინციპულად არ მოხსნიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ აუდიოჩანაწერების გახმაურების შემდეგ ხელისუფლების წევრები ამბის კომენტირებას უხერხულ დუმილს ამჯობინებდნენ.

გასული კვირა აღსანიშნავი იყო კიდევ ერთი მოვლენით, რომელიც, მართალია, საქართველოში არ მომხდარა, მაგრამ “ვარდების რევოლუციის” ქვეყანაში განსაკუთრებულად ეხმიანებოდნენ. ყირგიზეთში მოქალაქეები არჩევნების გაყალბებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ და ახალი ტალღის რევოლუციათა ქვეყნებისათვის სარეკორდოდ მოკლე დროში აიძულეს პრეზიდენტი ასკარ აყაევი ბიშკეკიდან გაქცეულიყო. აყაევის გაქცევამდე საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა მას, რომ შეეწეოდა ოპოზიციისა და ხელსუფლების მორიგებაში. როცა ძალაუფლება ყირგიზეთში ოპოზიციის ხელში აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ ასკარ აყაევმა დაწერა წიგნი, სადაც ასაბუთებდა, რომ “ვარდების რევოლუცია” ყირგიზეთისთვის საფრთხეს წარმოადგენდა:

[სააკაშვილის ხმა] “ამის შემდეგ მან არაერთხელ გააკეთა კომენტარი საქართველოზე. მე მას პირადად ვიცნობ. ჩვენ მოგვმართავდნენ და საქართველოზე აპელირებდნენ ყირგიზეთის ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჰქონდა შანსი, ჯერ კიდევ გუშინ, გუშინწინ ეთამაშა შუამავლის როლი. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა აკაევმა ამას უპასუხა იმით, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი არის კრიმინალი და კრიმინალებთან საუბარს ის არ აპირებს. ეს იყო მისი პასუხი ჩვენდამი. დღეს სიტუაცია ძალიან გართულებულია და მე მოვუწოდებდი ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, მაქსიმალურად ერიდონ ძალადობას.”

ყირგიზეთში უკვე ძალადობდნენ და მაღაზიებს ძარცვავდნენ, როცა კიევში სახელმწიფო ვიზიტით ჩასული საქართველოს პრეზიდენტი ყირგიზეთის რევოლუციას სიკეთის გამარჯვებად აცხადებდა.

[სააკაშვილის ხმა] “ვფიქრობ, ეს არის სიკეთის ძალა. და, როგორც უკვე ვთქვი, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს. სიკეთე იმარჯვებს პოლიტიკაშიც.”

უკრაინაში სააკაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელშიც საქართველოს ახალი პარტნიორები მონიშნა:

[სააკაშვილის ხმა] “ჩვენ, დიდი ხანია, ვმუშაობთ ბალტიის ქვეყნებთან და უკრაინასთან; ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ რუმინეთთან, რომლის პრეზიდენტი პირველად აპირებს სუუამის სამიტზე ჩამოსვლას 22 აპრილს. ამ ქვეყნებს შორის იქნება სრულიად ახალი ინტერესების დამთხვევა. ეს არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ.”

ბალტიის ქვეყნებთან და რუმინეთთან საქართველოს თანამშრომლობის შესაძლო შინაარსის განმარტება ვთხოვე საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტს ალექსანდრე რონდელს. რონდელის თქმით, ამგვარი თანამშრომლობის იდეა რამდენიმე წლის წინ დაიბადა:

[რონდელის ხმა] “ეს დაკავშირებულია ევროპის გაფართოებასთან. ეს არის ევროპის მომავალი გაფართოების სარტყელი. იგივე რუმინეთი რამდენიმე წელიწადში გახდება ევროკავშირის წევრი, ბალტიის ქვეყნები უკვე ევროკავშირში არიან. მათთან ერთად ერთ გუნდში ყოფნა ჩვენთვის ძალიან კარგია. აქ არის ძალიან პერსპექტიული სატრანსპორტო მიმართულებებიც. გამოდის, რომ აღმოსავლეთი ევროპა გარკვეულ ზოლს ქმნის. ეკონომიკურად თუ არ იქნება ეს ქვეყნები დაკავშირებული, მაშინ მათ უნდა აკავშირებდეს ერთიანი უსაფრთხოების განსაკუთრებული ინტერესები. ასეთი ექსტრემალური ინტერესი არ არის, რადგან რუსეთი მათთვის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს. ისე, ეგ მომენტი არის - რუსეთთან პოლიტიკურად ყოფნა ამ ქვეყნებს არ უნდათ; მაგრამ თუ ეკონომიკური ინტერესებით არ იქნებიან დაკავშირებული, არავითარი დაჯგუფება არ იმუშავებს. მე მგონი, ეს უფრო დემოკრატიული განვითარების გზაზე დამდგარი ქვეყნების რაღაც ერთიანობაა.”(სტილი დაცულია)

სანამ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ახალ პარტნიორებს ეძებს, მის მოქალაქეებს ძველი, ლამის მუდმივად ქცეული, პრობლემები აწუხებთ. ტრადიციულად, ცივ მარტში ენერგეტიკული კრიზისი უკიდურესად გამწვავდა და ამით შევიწროებული მოსახლეობა სულაც არ დაგიდევდათ, რა წარმატებისკენ ისწრაფოდა საქართველო ევროპულ სარბიელზე. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დედაქალაქის ჩათვლით, მოქალაქეები კეტავდნენ გზებს და წყალს, შუქსა და გაზს ითხოვდნენ. ხელისუფლებას არაფერი ეთქმოდა გარდა იმისა, რომ ვითარება ობიექტურად მძიმეა და მოსახლეობამ ცოტა კიდევ უნდა გაუძლოს. ენერგოკრიზისის მიზეზთა ახსნისას ხელისუფლება სხვადახვა მიდგომას ავლენდა. ასე მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ აჩვენა, რომ მასშტაბურად აზროვნებს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა - რომ აზროვნებს კონკრეტულად:

[ნადირაძისა და ნოღაიდელის ხმები] ნადირაძე: “ვინ ამბობს, რომ დენი არ უნდა იყოს ქვეყანაში? ოღონდ, იცით, რა მაინტერესებს? აქ დადგენილებებს რომ ვიღებთ ბაზების გაყვანაზე, ქვეყნის გაერთიანებაზე, ჩვენ არ ვიცით, რომ ამას პრობლემები მოჰყვება? მესმის, ეს შეიძლება არ იცის ფონიჭალაში მცხოვრებმა ადამიანმა; თუ არ ვეტყვით, ვერ გაიგებს. მაგრამ პოლიტიკოსებმა ხომ იციან, რომ ნებისმიერი სერიოზული გადაწყვეტილება, პირდაპირ თუ ირიბად, რაღაც პოლიტიკურ შეფერხებას გულისხმობს? ეს როგორ უნდა ავხსნათ კიდევ?” ნოღაიდელი: “არა, არ ვეთანხმები ამ კრიტიკულ გამონათქვამს, იმიტომ, რომ ასეთი კრიზისული ვითარება გრძელდება ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ბოლო ორი დღის დამატებით პრობლემებზე: კავკასიონის ხაზი ზვავმა ჯერ რუსეთის ტერიტორიაზე დააზიანა 20 დღის წინ, შემდეგ კი - საქართველოს ტერიტორიაზეც. მიმდინარეობს რემონტი ორივე მხარეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი იმ მასშტაბით, რომელიც ჩვენ გვჭირდება ენგურჰესის გაჩერების დროს. ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ ენგურჰესის რეაბილიტაცია.”

სამუშაო კვირა კი გასრულდა მორიგი ნაბიჯით რეფორმების - უკეთ, ჯერჯერობით ერთადერთი თვალსაჩინოდ მიმდინარე რეფორმის - გზაზე: პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა კანონს ზოგადი განათლების შესახებ. პოლიტიკის კიდევ ერთი საშური საკითხი - როდის გავლენ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან - მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ჯერ არ გარკვეულა. თუმცა, პრინციპულად უკვე ცნობილია, რომ გავლენ აუცილებლად.
XS
SM
MD
LG