Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის ძალადობამ ადამიანი დაამუნჯა


დავით პაიჭაძე, თბილისი გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ადგილობრივმა პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა. 4 მარტს რამდენიმე პოლიციელი ძებნილ ნუგზარ ჩალათაშვილის სახლში

შევარდა და, იარაღის მუქარით, სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით, ჩხრეკა ჩაატარა. ელდისაგან ენის დამბლა დაემართა ნუგზარ ჩალათაშვილის ქალიშვილს, 26 წლის ქეთევანს, და მეტყველების უნარი წაერთვა. თავად ნუგზარ ჩალათაშვილს, მართალია, ძებნილად იყო გამოცხადებული, არავითარი ძებნა არ სჭრიდებოდა - ის არავის დამალვია. გაგაცნობთ ამ საქმის რამდენიმე დეტალს.

ნუგზარ ჩალათაშვილს შარშან საგარეჯოში ავტოავარია შეემთხვა. შედეგად, დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი. თვითმხილველთა აღწერით, ავარია გარდაცვლილის მიზეზით მოხდა. გარდაცვლილის ახლობლები ჩალათაშვილს დამნაშავედ არ მიიჩნევდნენ და არც სარჩელი აღუძრავთ მის წინააღმდეგ. ავარიიდან ორი კვირის შემდეგ გამომძიებელმა ნუგზარ ჩალათაშვილს დაუბრუნა მანქანა, საბუთები და ის ბოლო დრომდე მუშაობდა ამ მანქანაზე.

[სოზარ სუბარის ხმა] “გამომძიებელმა, ამავე დროს, უთხრა: იმათთან კი მოაგვარე საქმე, მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის, საკმარისი არ არის და 1500 დოლარი უნდა ჩამოიტანოო.”

ეს სოზარ სუბარია, საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც ჩალათაშვილის ოჯახმა მიმართა. მისი თქმით, ნუგზარ ჩალათაშვილმა მხოლოდ 500 დოლარი მისცა გამომძიებელ ნიკო თევდორაშვილს. თევდორაშვილმა ეს ფული ორ კვირაში დაუბრუნა, რადგან მოსამართლის მოსაქრთამი თანხა ჩალათაშვილს არ ჰქონდა და უამისოდ გამომძიებელი ვერ დაეხმარებოდა. თევდორაშვილმა ჩალათაშვილს დამალვა ურჩია და ძებნაში გადასცა. თუმცა ნუგზარ ჩალათაშვილი არ დამალულა და ძიების პერიოდში რვაჯერ შეხვდა გამომძიებელს. 1500 დოლარს ჩალათაშვილმა თავი ვერ მოუყარა. მოსამართლე და გამომძიებელი კი, როგორც ჩანს, ელოდნენ ამ ფულს და ჩალათაშვილის დაჩქარება ამ ხერხით გადაწყვიტეს: ამა წლის 4 მარტს პოლიციელები მიუგზავნეს. ჩალათაშვილის სახლში შეჭრისა და ძალადობრივი ჩხრეკის შედეგად, მეტყველება წაერთვა ნუგზარ ჩალათაშვილის ქალიშვილს. მე ტელეფონით ველაპარაკე ოჯახის დიასახლისს, მანანა ჩალათაშვილს. ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მან ასე აღწერა:
[ჩალათაშვილის ხმა] “ცუდად არის, როგორც იყო, ისევ ისეა. გაუმჯობესება არ ეტყობა. დრო სჭირდებაო, თქვეს. მკურნალობით კი, როგორც საჭიროა, ვერ ვმკურნალობთ.”

მანანა ჩალათაშვილს ვთხოვე, აღეწერა პოლიციელთა ქცევა მის სახლში. პასუხად კი, აი, რა მივიღე:

[ჩალათაშვილის ხმა] “ბოდიშს გიხდით, მაგრამ იმდენად იმედგაცრუებული და რწმენადაკარგული ვარ, რომ არავის და აღარაფრის აღარ მჯერა. ვერანაირ შეკითხვას ვერ ვუპასუხებ. თუ ნამდვილად დავრწმუნდები, თქვენ ვინ ბრძანდებით, კი ბატონო, ყველაფერს აგიხსნით და აგიწერთ, როგორც არის.”

თუმცა მანანა ჩალათაშვილმა ის მაინც მითხრა, რომ მისი მეუღლე 27 მარტს სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს. ჩალათაშვილს აღმკვეთი ღონისძიება პოლიციის ზედამხედველობით შეუცვალეს. მას შემდეგ, რაც პოლიციელები სახლში შეეჭრნენ, ნუგზარ ჩალათაშვილის ოჯახის წევრები თვითონ მივიდნენ შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოში, საიდანაც ისინი გამოაგდეს. სწორედ მაშინ დაუკავშირდა მანანა ჩალათაშვილი სახალხო დამცველს.

[სუბარის ხმა] “სამჯერ ჩავიდნენ ჩვენი წარმომადგენლები წინასწარ გაუფრთხილებლად და სამივეჯერ ეს კაცი, ნუგზარი, ადგილზე დახვდათ, ანუ არ იმალებოდა. ჩავედით, წამოვიყვანეთ საგარეჯოში და ჩავაბარეთ პოლიციას. თავად მისი სურვილი იყო, რომ ჩაბარებოდა, ოღონდ დაფიქსირებულიყო, რომ ჩაბარდა. პოლიციაში მოვიყვანეთ საგამოძიებოს უფროსი, რომელსაც ნუგზარ ჩალათაშვილი პირზე დაადგა, არ გახსოვს, რამდენჯერ შემხვდი ამა და ამ ადგილას და ამა და ამ დროსო? დრო მისი ძებნაში ყოფნის პერიოდს ემთხვეოდა. ისეთ დეტალებს ეუბნებოდა, რომ საგამოძიებოს უფროსი იძულებული გახდა, ეღიარებინა, კი, სახეზე ამ კაცს ნამდვილად ვიცნობ და შევხვედრივარო.”

დღეს ნუგზარ ჩალათაშვილი გარეთაა. სოზარ სუბარი ამბობს, რომ საქმის გამოძიება ბევრი დარღვევით წარიმართა, არ ჩატარებულა გარდაცვლილის ექსპერტიზა, არ შეუდგენიათ ავარიის ნახაზი, თავად ჩალათაშვილი ირწმუნება, რომ არც ერთხელ არ დაუკითხავთ, თუმცა არსებობს დაკითხვის ოქმები, მისი ხელმოწერით. ჩალათაშვილმა პატიმრობის რამდენიმე დღე ძალიან მძიმე პირობებში გაატარა: ეს იყო უსარკმლო ცივი საკანი, რომელშიც პატიმარს არ მისცეს ნება, ახლობლების მოტანილი თბილი ტანსაცმელი მიეღო. მე ვკითხე სახალხო დამცველს, რის გაკეთებას აპირებს:

[სუბარის ხმა] “რეკომენდაცია უნდა მივცეთ პოლიციის უფროსის დსასჯელად, რომელიც უფლებას არ იძლევა, ადამიანს თბილი ტანსაცმელი შეუტანონ. ეს - ერთი. ასევე რეკომენდაცია უნდა მივცეთ, რომ საგარეჯოში და, საერთოდ, ყველგან, სადაც უფანჯრო საკნები და საშინელი პირობებია, ისინი არ უნდა არსებობდნენ და გაუქმდნენ. ეს ადამიანის წამებაა.”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG