Accessibility links

რა შენიშვნა აქვს ევროსაბჭოს საქართველოში მყოფ ლტოლვილებთან დაკავშირებით


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, დროებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან დაკავშირებით,

1500-ზე მეტი რეკომენდაციისგან შემდგარ პაკეტს სთავაზობს. ასამბლეის წევრის ბორის სილევიჩის თბილისური ვიზიტიც სწორედ ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის ინფორმირებასა და შექმნილი ვითარების გაანალიზებას მიეძღვნა. საქართველოს მხარე არ იზიარებს ევროპსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენიშვნას, რომ თითქოს ლტოლვილებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება ეზღუდებათ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ სინამდვილეში?

ხელახალი რეგისტრაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ძველი მონაცემების მიხედვით კი, საქართველოში 272 000 იძულებით გადაადგილებული პირი და 2554 ლტოლვილი ცხოვრობს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე აფხაზეთიდან და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ადამიანების პრობლემების მოუგვარებლობას, რა თქმა უნდა, ტრადიციული მიზეზით ხსნის:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”ეს არის სახსრები, ეს არის ფული, ეს არის ჩვენი იძულებით გადაადგილებული ადამიანების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ადგილებით, მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონორების დახმარება გვჭირდება.” (სტილი დაცულია)

თუმცა, ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ დევნილთა გულისწყრომა საქართველოში, თუკი ბოლო დროს მოხშირებული საპროტესტო აქციების მიხედვით ვიმსჯელებთ, მხოლოდ ბინების მოთხოვნას არ უკავშირდება.

ხოლო რაც შეეხება ლტოლვილებს, თევდორაძე მათთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნაზე საუბრობს. თუმცა ხსენებული ასამბლეის ლტოლვილთა და მიგრაციის კომიტეტის წევრს, ელენე თევდორაძეს, მიაჩნია, რომ ეს შენიშვნა აბსოლუტურად უსაფუძვლოა:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”თითქოს პანკისში ლტოლვილები რომ არიან, ჩეჩნები, თითქოს მათი გადაადგილება არის შეზღუდული, რაც არ შეეფერება სიმართლეს. ის კანონი, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული ლტოლვილთა შესახებ, რა თქმა უნდა, იქ ჩაწერილია, რომ არ არის მათი მოძრაობა სახელმწიფოში შეზღუდული და ეს კანონი სრულდება.” (სტილი დაცულია)

ამ მხრივ პრობლემას ვერც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე ხედავს:

(ჯამბულ ხოზრევანიძის ხმა) ”ჩეჩენ ლტოლვილებს და, საერთოდ, ლტოლვილებს, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების არავითარი პრობლემა არა აქვთ - არა მარტო ლტოლვილებს, არამედ ლტოლვილობის მაძიებლებს. როდესაც ჩვენ ვაძლევთ ცნობას, იმათ 4 თვის განმავლობაში აქვთ უფლება გადაადგილდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.” (სტილი დაცულია)

მართალია, პანკისის ხეობის სოფელ დუისის გამგებელი ჯარაფ ხანგოშვილი ამას ლტოლვილთა გადაადგილების შეზღუდვას არ არქმევს, მაგრამ იხსენებს, რომ ხეობაში ვითარების გამწვავების დროს (ასე, ორი წლის წინათ) ჩეჩნები გარკვეული ტიპის გაუგებრობაში, მართლაც, აღმოჩენილან:

(ჯარაფ ხანგოშვილის ხმა) ”თუკი შეამოწმეს და საბუთი ხელზე არ აღმოაჩნდება, სანამ გაირკვევა, ამ პიროვნებას დაადგენენ, მანამდე დაკავებული ყოფილა. ყოფილა ასეთი შემთხვევები, კი. ახმეტაში არავის პრობლემა არ შექმნია. ეგ შეიძლება, ახლა, თბილისში თუ მოინდომა წასვლა ან სხვა რაიონში გადაადგილებისას - ვისაც საბუთი არა ჰქონია.” (სტილი დაცულია)

თუმცა, საერთო ჯამში, ხანგოშვილის თქმით, ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოში თავისუფლების შეზღუდვას ნამდვილად არ უჩივიან. ამის პარალელურად, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სოციალური პრობლემებით დამძიმებულ საქართველოში თავშესაფარს საკმაოდ ბევრი ადამიანი ეძებს - მაგალითად, ირანელები, ტაჯიკები და, თქვენ წარმოიდგინეთ, კუბელებიც კი.

თევდორაძის თქმით, საქართველოს პარლამენტი სულ მალე განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რამაც მაძიებელთა სურვილის სწრაფად შესრულებას უნდა შეუწყოს ხელი:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”ადამიანს, რომელიც, ავიღოთ, შემოვიდა ჩვენს საზღვარზე და აცხადებს, რომ მე მინდა ლტოლვილის საბუთი მივიღო და მოვითხოვო საქართველოში თავშესაფარი, ჩვენ ამას ვუადვილებთ კიდევაც. არის, სამწუხაროდ, ფაქტები, როცა ისინი პატიმრობაში ხვდებიან და მერე ხდება იქ დეპორტაცია საქართველოდან.” (სტილი დაცულია)

საინტერესოა, ხომ არ გამოიწვევს პროცედურის ამგვარი გაადვილება ლტოლვილთა რიცხვის ზრდას საქართველოში.
XS
SM
MD
LG