Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებების განხილვა დაიწყო


28 მარტს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყო "საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა.

პროექტთან დაკავშირებით საბოლოო სიტყვას იტყვის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომლის სხდომა 1 აპრილისთვისაა დაგეგმილი. 4 აპრილს კი ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს, რის შემდეგაც კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას გადაეცემა. ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონპროექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 450 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის 450 მილიონი ლარით გაზრდას, ძირითადად, პრივატიზაციიდან მისაღები თანხებით აპირებს. პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის სტრუქტურას შემდეგნაირად განმარტავს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”მთლიანობაში, ნაერთი ბიუჯეტის, კონსოლიდირებული ბიუჯეტის ხარჯები 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. უფრო დეტალურად რომ აღვნიშნოთ, შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლები იზრდება 37 მილიონი ლარით, არასაგადასახადო შემოსავლები - 36 მილიონი ლარით, გრანტები - 3 მილიონი ლარით და, შესაბამისად, დანარჩენი ზრდა მოდის კაპიტალურ შემოსავლებზე.”

28 მარტს ამ ცვლილებების განხილვა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტიდან დაიწყეს. ამ კომიტეტმა მხარი დაუჭირა საბიუჯეტო ცვლილებებს, რადგან ბიუჯეტის ნამატიდან მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანდაცვის სფეროს რეფორმირებისთვის დაიხარჯება. კომიტეტის თავმჯდომარის გიგი წერეთელის კომენტარი:

[გიგი წერეთელის ხმა] ”საუბარია 25 მილიონზე. მანამდე იყო უფრო მეტზე საუბარი, მაგრამ ახლა ასეთი ციფრი სახელდება. საკმაოდ დიდი ნაწილი ამ თანხის, როგორც წინასწარ არის ჩაფიქრებული, უნდა მოხმარდეს ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაციას, ახალი ტექნოლოგიების შემოტანას საქართველოში...”

ჯანდაცვის სფეროს გარდა, ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლებიდან თუ რომელ სფეროებს რა მოცულობის თანხა მოხმარდება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზირიძისგან შეიტყობთ:

[ირაკლი კოვზირიძის ხმა] ”განსაზღვრულია პრიორიტეტები ბიუჯეტში. ესენია: თავდაცვა, ენერგეტიკა, საგზაო მშენებლობა და განათლება, სოციალური სფერო...”

ბიუჯეტის სახსრების ასეთი განაწილების მომხრე ყველა როდია: ზოგიერთი დეპუტატი ენერგეტიკის დაფინანსების გაზრდას მოითხოვს, ზოგიც კიდევ - ხარჯვით ნაწილში არსებული დანაკლისის დაფინანსებას. მიუხედავად ამისა, ძნელი სავარაუდოა ბიუჯეტის ზრდას ვინმე სერიოზულად დაუპირსპირდეს, თუმცა მთავრობის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკას ეკონომიკის ბევრი ექსპერტი აკრიტიკებს. ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ ნამეტი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ასეთმა პოლიტიკამ შეიძლება ინფლაციური პროცესების განვითარებას მისცეს ბიძგი. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მათგანი, ნიკო ორველაშვილი, ეკონომიკური კრიზისის დაწყებას ვარაუდობს მას შემდეგ, რაც საპრივატიზაციო ობიექტები ამოიწურება და პრივატიზებიდან შემოსავლების მიღებაც შეწყდება.
XS
SM
MD
LG