Accessibility links

logo-print

30 მარტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ


30 მარტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორი დღით ყაზახეთში მიემგზავრება. ვიზიტის წინა დღით მან კანცელარიაში ბრიფინგი ჩაატარა

30 მარტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორი დღით ყაზახეთში მიემგზავრება. ვიზიტის წინა დღით მან კანცელარიაში ბრიფინგი ჩაატარა
და ისაუბრა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტაქტები საქართველოსთვის იმ პერიოდშიც კი, როცა იქ არ არის ელექტროენერგია და მოქალაქეებს მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება. საქართველოს პრეზიდენტი თითქმის ერთსაათიანი ბრიფინგის განმავლობაში უამრავ საკითხს შეეხო. საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას სააკაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტსაც შეეხო: [სააკაშვილის ხმა] "ჩვენ კიდევ ბოლომდე არ გვესმის რას ნიშნავს პრეზიდენტ ბუშის ჩამოსვლა საქართველოში. ესეთი რამე ყველაზე უფრო ოპტიმისტურ სიზმარში არ შეიძლებოდა დაგვსიზმრებოდა ჩვენ, ასეთი რეალობები – ზოგადად (კონკრეტულად ამ ვიზიტზე არ ვლაპარაკობ), რაც ახლა იქმნება საქართველოს გარშემო, სულ ცოტა ხნის წინ. პრეზიდენტ ბუშის ვიზიტი, რომელმაც თქვა, რომ მე მოვდივარ საქართველოში (და ის არასოდეს არ ყოფილა არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში რუსეთის გარდა) იმისათვის, რომ მხარი დავუჭირო იქ მიმდინარე ისტორიულ რეფორმას და დავეხმარო ქართველებს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში". რაც შეეხება შუა აზიაში ვიზიტს, უფრო ზუსტად კი იქ მიმდინარე მოვლენებს და მათ მიმართ დამოკიდებულებას, სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის ეკონომიკურ წინსვლას, ასევე ყირგიზეთის ოპოზიციის გაბედულებაზე საქართველოს გამოცდილების როლს. შემდეგ კი ზოგადად რეგიონში არსებული ვითარება ასე შეაფასა: [სააკაშვილის ხმა] "ყველაფერი, რაც მოხდება ყირგიზეთში, არის ყირგიზების საქმე ისევე, რაც მოხდება სხვა ქვეყნებში. თუ ამას შევხედავთ გლობალურად, ამ სივრცეს რაც შეეხება, მართლაც ხდება ისტორიული გეოპოლიტიკური რევოლუცია, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს. რატომ გვაძლიერებს, - მე მგონი ყველა, ალბათ, რომ დაფიქრდება, მიხვდება". მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა როგორც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე, ასევე ხელისუფლების ოპოზიციაზე, ელექტროენერგიის დეფიციტზე. ჟურნალისტის მიერ ქართული ემიგრაციის ერთი ნაწილის მძიმე მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვას, საქართველოს პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა: [სააკაშვილის ხმა] "მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ქართველები. რა თქმა უნდა არავინ არ უნდა მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი არსად. ჩვენ ვმუშაობთ დღე და ღამე, რომ საქართველოში შეიქმნას პირობები იმისათვის, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს". საქართველოს პრეზიდენტს პრიორიტეტად მიაჩნია საქართველოდან წასული მოსახლეობის დაბრუნება და ამის ხელშეწყობის გზად ეკონომიკურ განვითარებას მიიჩნევს, თუმცა, ის ასევე დასძენს: [სააკაშვილის ხმა] "ყველა არ დაბრუნდება, ილუზია მე არა მაქვს".
XS
SM
MD
LG