Accessibility links

logo-print

რა ბედი ეწევათ „ელიავას ბაზრობაზე“ დასაქმებულ ადამიანებს


მას შემდეგ, რაც “ელიავას ბაზრობაზე” დასაქმებული ადამიანები, პროტესტის ნიშნად, ქუჩაში გამოვიდნენ, გაირკვა, რომ მერია არა ზოგადად ბაზრობების საქმიანობით,

არამედ ბაზრობების გარშემო შექმნილი მძიმე სანიტარიული მდგომარეობითაა შეწუხებული. მერიაში ასევე განმარტავენ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტის ქალაქგარეთ - ლილოს ბაზრობის მახლობლად - გადატანა იმითაც არის გამართლებული, რომ ერთიორად გაიზრდება საავტომობილო ნაკადის ინტენსივობა. თუმცა, ამგვარი კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, “ელიავას ბაზრობაზე” დასაქმებული ადამიანები სავაჭრო ობიექტის ქალაქგარეთ გადატანის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ და ბაზრობის ადგილზე დატოვებას ითხოვენ. ამ ადამიანებს, ოპოზიციური პარტიების სახით, უფასო ადვოკატებიც გამოუჩნდნენ. მოგითხრობთ მერიის გადაწყვეტილების გამო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ.

თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ელიავას ბაზრობის“ ქალაქგარეთ გატანას სანიტარიული მდგომარეობის გამოსწორებისა და სატრანსპორტო ნაკადის გაზრდის წინაპირობად მიიჩნევს. ჭიაბერაშვილის თქმით, დედაქალაქის ცენტრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს ბაზრობის ტიპის სავაჭრო ობიექტებისგან, თუმცა, მისივე თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მერია ხალხის უმუშევრად დატოვებას აპირებს:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „ჩვენი წინადადება არის ის, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში არ იყოს ასეთი დიდი ბაზრობები, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ადამიანები გავყაროთ ქუჩაში. რა შედის ჩვენს ინტერესში? მოძრაობა განიტვირთოს მარცხენა სანაპიროზე და, ამავდროულად, ჩვენ გვინდა, რომ ნებისმიერი სავაჭრო ადგილი იყოს მოწესრიგებული ისე, რომ ადამიანები ნორმალურ პირობებში ვაჭრობდნენ.“

მერიის ამ გადაწყვეტილებამ “ელიავას ბაზრობაზე” დასაქმებული ადამიანების აღშფოთება გამოიწვია.ისინი მიიჩნევენ, რომ საცალო ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანით თავის რჩენის ერთადერთ საშუალებას დაკარგავენ:

[მამაკაცის ხმა]„მე, მაგალითად, ვერ ვივლი, თავს დავანებებ ყველაფერ ამას, ვერ ვივლი მე გლდანიდან ლილოში, ნამდვილად ვერ ვივლი. არც მანქანა მყავს. 6 ლარი უნდა დავხარჯო ყოველდღე მარტო გზაზე... თან არც მოვა ხალხი, ასე რომ, ტყუილი სიარული გამოგვივა, რა.“

“ელიავას ბაზრობის” მოვაჭრეებმა დახმარებისათვის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართეს. შედეგად, „კონსერვატორები“, კონსულტაციების შემდეგ, თბილისის მერიის წინააღმდეგ მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. პარლამენტის წევრის კახა კუკავას თქმით, სასამართლომ ძალადაკარგულად უნდა გამოაცხადოს მერიის ის დადგენილება, რომლის საფუძველზეც “ელიავას ბაზრობის” გადატანა გადაწყდა:

[კახა კუკავას ხმა] „კონსტიტუციაში წერია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხალხის დასაქმება, ანუ როცა შემცირებაში ყვება ადამიანი, სახელმწიფო ვალდებულია, იმავდროულად, უზრუნველყოს სხვა სამუშაო ადგილით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ მათ შესთავაზა ალტერნატივა ლილოში, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ სასამართლოში დავამტკიცოთ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთებით მოვაჭრეთათვის ლილოში გადასვლა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა.“

თუმცა არაა გამორიცხული საქმე სასამართლომდე არც მივიდეს. მერია, როგორც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში მოვაჭრეებთან გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, ბაზრობის დაუყოვნებლივ გადატანას აღარ ითხოვს. ამ ეტაპზე „ელიავას ბაზრობის“ მესვეურებმა მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება და ქაოსური პარკირების პრობლემის მოგვარება უნდა უზრუნველყონ.
XS
SM
MD
LG