Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევითი უნდა იყოს თუ არა თბილისის მერი


ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და საქართველოში სულ უფრო მწვავდება დავა მერების არჩევითობის შესახებ. ძირითადი ყურადღება დედაქალაქის მერის პოსტისკენაა მიპყრობილი.

ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა სხვადასხვა ფორმით უკვე დაიწყეს ბრძოლა თბილისის მერის წინააღმდეგ. მათ შორისაა პოლიტიკური ორგანიზაცია ”ახალი მემარჯვენეები”, რომელმაც 29 მარტს თბილისის ქუჩები დედაქალაქის მერის საწინააღმდეგო პლაკატებით ააჭრელა.

”აღარ გვინდა ჭია-მერი, ავირჩიოთ ნაღდი მერი” - ასეთი მოწოდება და თბილისის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის კარიკატურაა გამოსახული იმ პლაკატებზე, რომლებიც თბილისის სხვადასხვა შენობაზე ახალმა მემარჯვენეებმა გააკრეს.

[დავით გამყრელიძის ხმა] ”დიდი ხანია ამ ბატონმა თბილისი და თბილისელები თავისი უჭკუო ექსპერიმენტების პოლიგონად აქცია და თავი დაგვამახსოვრა ამ ერთი წლის განმავლობაში არა მარტო საათის, ქართლის დედის თუ ცნობილი სამკუთხედის ინციდენტით, არამედ თავი დაგვამახსოვრა როგორც ადამიანმა, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქალბატონებს, აგინებს, ცემა-ტყეპით უსწორდება მომიტინგეებს...”

ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რის გამოც “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ ზურაბ ჭიაბერაშვილის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო და თბილისის ქუჩები მერის კარიკატურებით ააჭრელა.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] ”ვთხოვე ამ ადამიანებს და ყველასაც ვთხოვ, ვინც შეიძლება ასეთი პლაკატები გააკრას ნებისმიერ თემაზე, რომ ახლად შეღებილ ფასადებს ნუ დავამახინჯებთ, ნუ დავამახინჯებთ ისეთი შენობების ფასადებს, სადაც ქვაა და ჩამორეცხვა ძნელია, თორემ სადაც ჩვეულებრივ იკვრება, გააკრან. ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ.”

აი, ასეთია ზურაბ ჭიაბერაშვილის რეაქცია მის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაზე. მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ, რომ ჭიაბერაშვილი, მართლაც, ცდილობს დედაქალაქის შენობების ფასადები შეღებოს, გზები მოაწესრიგოს, თუმცა ამას, ახალი მემარჯვენეების აზრით, ის შეცდომები ჩრდილავს, რაც თბილისის მერმა დაუშვა.

დავით გამყრელიძის განცხადებით, მაშინ როდესაც დაუფინანსებელია მიწისძვრით დაზარალებულ თბილისელთა ბინების შეკეთება თუ კოოპერაციული ბინათმშენებლობის დასრულება, თბილის მერია პრეზიდენტის სასახლის მშენებლობისთვის 2005 წელს 2,5 მილიონ ლარს გამოყოფს.
ასევე თბილისის ბიუჯეტშია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროს 7 მილიონი ლარით, ხოლო პოლიციის 23 მილიონი ლარით დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ ეს უწყებები ნაწილობრივადაც კი არ ექვემდებარებიან თბილისის მთავრობას და, კანონის მიხედვით, ცენტრალური ბიუჯეტის კმაყოფაზე იმყოფებიან.

[დავით გამყრელიძის ხმა] ”ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჭიაბერაშვილი, უბრალოდ, არის სააკაშვილის მოჯამაგირე და ხელის ბიჭი და მეტი არაფერი. მაგრამ ეს მხოლოდ ჭიაბერაშვილის პრობლემა არ არის. ვინც არ უნდა იყოს დანიშნული მერად, ყველა იქნება ამ მდგომარეობაში. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, მივაღწიოთ მერის არჩევითობას.”

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის ამ ინიციატივას უბრალო თბილისელებს შორის ბევრი მომხრე გამოუჩნდა. მათი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არჩეული მერი უფრო იზრუნებს ხალხზე, ვიდრე თუნდაც მათივე რჩეული პრეზიდენტის მიერ დანიშნული:

[მოქალაქეთა ხმა] ”დღევანდელ მერზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გამოსწორებას არ დაადგა საშველი.

აუცილებლად უნდა იყოს არჩეული, იმიტომ რომ არჩეული უფრო დაიცავს ხალხის ინტერესს, ვიდრე პრეზიდენტის დანიშნული და სხვაზე დამოკიდებული.

ცოტა სხვა ფორმით შეიძლება გამოხატო შენი სურვილი, ვინ იყოს ქალაქის მერი, არჩევითი. ასე პლაკატებით და ასე გაშარჟებული არ არის სასურველი.”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG