Accessibility links

logo-print

თამბაქოს საწინააღმდეგო დღე


დავით პაიჭაძე, თბილისი 29 მარტს, წელს უკვე მეათედ, საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავენ. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი სამდღიან აქციას მართავს, რაც,

ძირითადად, მოქალაქეთა უფასო კონსულტაციებს ითვალისწინებს. როგორც ჩანს, საქართველოში თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგოდ ცუდად მუშაობენ, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში მეტი და მეტი მწეველი ჩნდება. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გელა კობეშავიძემ გვითხრა, რომ მოსახლეობის 38% მწეველია.

[კობეშავიძის ხმა] “ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ითვლება კატასტროფულ მაჩვენებლად, სხვა ქვეყნებთან შედარებით. 1998 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 34%-ს, ე.ი. არ არის პატარა სეგმენტიც კი, სადაც ხდება მწვეელთა რაოდენობის ზრდის შეჩერება, კლებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.”

მაგალითისთვის: თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სიგარეტს ეწევა ორსულ ქალთა 41%. მწეველია მოზარდების 43%.

საქართველოში სიგარეტის ფასმა, მასზე აქციზის გადასახადის გაზრდისა და კონტრაბანდასთან პერიოდული დაპირისპირების შემდეგ, უცბად და საგრძნობლად მოიმატა. ეს მოხდა იანვარში და, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეთა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს გადააწყვეტინა, ნაკლები მოეწიათ.

[კობეშავიძის ხმა] “უბედურება ის არის, რომ მწეველები გადავიდნენ კონტრაბანდული სიგარეტის მოხმარებაზე, როცა კონტრაბანდა ჩაენაცვლა ლეგალურ სიგარეტს. კონტრაბანდა დღეს იმავე დონეზეა, როგორზეც, ვთქვათ, თებერვალში იყო, სამაგიეროდ, უფრო ორგანიზებულია.”

საქართველოში მიღებულია თამბაქოს კონტროლის კანონი, რომელიც, გელა კობეშავიძის თქმით, მხოლოდ ქაღალდზე მოქმედებს. სავაჭრო ადგილებში, ალბათ, ყველას შეუმჩნევია წებოვანა, რომელზეც გადახაზულია რიცხვი 18 და წერია: ჩვენ არ ვყიდით თამბაქოს მოზარდებზე. სინამდვილეში ამ კანონიერ აკრძალვას თითქმის არსად იცავენ. თან კანონი მხოლოდ მოზარდებისთვის თამბაქოს მიყიდვას კი არ კრძალავს, არამედ ბევრ სხვა ზომასაც ითვალისწინებს არასრულწლოვანებისა და პასიური მწევლების დასაცავად; როგორც გელა კობეშავიძე ამბობს, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა და მისი კომპეტენცია თუ შესაძლებლობები არ ჰყოფნის კანონის აღსრულებას. აქ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს:

[კობეშავიძის ხმა] “არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება; მეორე: თამბაქოს ინდუსტრია ისეთივე ძლიერია და ისეთივე გავლენიანი ლობისტები ჰყავს, როგორც ადრე ჰყავდა და, მესამე: არ არის ჩამოყალიბებული აღსრულების ადმინისტრირების სისტემა. დღეს არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ იციან, ვის რა ევალება ამ კანონით. ჩვენ კი არა გვაქვს საშუალება, კარდაკარ ვიაროთ და ავუხსნათ ყველას, თუ ვინ რა უნდა განახორციელოს.”

მოკლედ, მწეველობას საქართველოში ჯეროვნად ვერ ებრძვიან. ალბათ, კანონზომიერი იყო, რომ ქუჩაში სახელდახელოდ გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა მწეველი აღმოჩნდა:

[მოქალაქეთა ხმები] ქალბატონის ხმა: “რატომ დავიწყე? რა თქმა უნდა, მიბაძვით და ახლა ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მწეველი ვარ და ძალიან განვიცდი ამას. ეს უკვე სენია. საშინლად არ მომწონს, რომ ეწევიან ახალგაზრდები. მათ არ იციან, რა სისულელეს სჩადიან”. ვაჟის ხმა: “ვეწევი უკვე თითქმის 7 წელია”. ვაჟის ხმა “მოწევა დავიწყე იმ მიზეზით, რითაც, ალბათ, ყველა იწყებს: ყველას უნდა, გაიგოს გემო. მე შევეჩვიე და ვეღარ დავანებე თავი. 6 წელია, ვეწევი. დანებება მინდა, მაგრამ ვერ ვანებებ. რა ვქნა, არ ვიცი.” გოგონას ხმა: “არასოდეს მომიწევია და ვცდილობ, ირგვლივ მყოფებსაც ავუხსნა, რა მავნე ჩვევაა მოწევა.” გოგონას ხმა: “18 წლის ვარ და ვეწევი 16 წლიდან. თავის დანებება მინდა და ვცდილობ დავანებო. როგორი მომენტია, იცი? რამდენსაც ვეწეოდი, ეხლა იმდენს აღარ ვეწევი. ხვდები? ვსიო.” (სტილი დაცულია).

თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს ერთი ღონისძიება დაემთხვა ქალაქ ზუგდიდში: 29 მარტს პოლიციამ იქ კონტრაბანდული სიგარეტის დიდი პარტია საჯაროდ დაწვა. არ იცოდნენ და ისე გამოუვიდათ თამბაქოსთან ერთჯერადი ეფექტური შებრძოლება.
XS
SM
MD
LG