Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა სამინისტრო ნავთობისა და თამბაქოს იმპორტიორებთან მცირედ დათმობაზე მიდის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ”ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს სფეროში ლიცენზირების გაცემის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბიზნესმენთა მიერ გამოთქმული შენიშვნების ნაწილს

ფინანსთა სამინისტრო დაეთანხმა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო კომპრომისი მიღწეული არ არის. რას ითხოვენ იმპორტიორები და რას თმობს ფინანსთა სამინისტრო?
ცოტა ხნის წინ ნავთობისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორებმა ფინანსთა სამინისტროში მომზადებულ ”ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს სფეროში ლიცენზირების გაცემის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს და თავიანთი შენიშვნები მთავრობას წარუდგინეს. ბოლო ხანებში ბიზნესმენების შენიშვნებს ფინანსთა სამინისტრო ნაწილობრივ დაეთანხმა. სამინისტროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ბიზნესმენთა შენიშვნების დიდი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა და მათი გათვალისწინება შესაძლებელია. ”შენიშვნების ნაწილთან დაკავშირებით დისკუსიები გაგრძელდება. ამასთანავე, არსებობს ისეთი პრინციპული საკითხები, რაზეც ჩვენ არ დავთანხმდებით“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე, რომელსაც ამგვარ პრინციპულ თემად კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა მიაჩნია. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ნავთობპროდუქტების და თამბაქოს ბიზნესით დაკავებულ პირებს და ორგანიზაციებს სხვა ეკონომიკური საქმიანობის უფლება არა აქვთ. ”თუ კომპანია დაინტერესებული იქნება სხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმოებით, მაშინ მან ცალკე უნდა ჩამოაყალიბოს შეზღუდული პასუხისმგებლობის სააგენტო. ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია“, - ასეთი გახლავთ სამინისტროს პოზიცია.
დამოუკიდებელი ექსპერტები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ბაზრის მონოპოლიზების საშიშროებაზე საუბრობენ. ექსპერტ ნიკო ორველაშვილს მიაჩნია, რომ ნავთობისა და თამბაქოს იმპორტის სფეროში ლიცენზიების მკევთრი შემცირება მოხდება, რაც, თავის მხრივ, საბიუჯეტო შემოსავლებს დაეტყობა:
[ნიკო ორველაშვილის ხმა] “თუ აქამდე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა რიცხვი ქვეყანაში შეადგენდა, ვთქვათ, სიტყვაზე, იქსს, დღეს ეს “იქსი” უნდა დავიყვანოთ მეათედზე, მეასედზე. დავტოვოთ ერთი-ორი ფავორიტი კომპანია, რომელსაც მერე ვიღაც დაინტერესებული ჯგუფები გააკონტროლებენ, ხოლო დანარჩენი უნდა მოვიშოროთ ბაზრიდან. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ეკონომიკა - ყოველ შემთხვევაში, მისი საბიუჯეტო შემოსავლების ნახევარზე მეტი - დამოკიდებულია იმპორტზე.”
ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო გარკვეულ დათმობებზე მიდის, თუმცა ბიზნესმენებისათვის ბევრი თემა მაინც გაურკვეველი რჩება. ამის გამო საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაში კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესმენთა მიერ წარმოდგენილი ყველა შენიშვნა შეიკრიბება და ერთიანი სახით გადაეგზავნება ფინანსთა სამინისტროს. ხოლო ოთხშაბათიდან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს.
XS
SM
MD
LG