Accessibility links

logo-print

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში წამოწყებული გეოპოლიტიკური რევოლუციის ავანგარდში


“პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე მიმდინარეობს გეოპოლიტიკური რევოლუცია და ამ სიტუაციაში საქართველო გარკვეული პოლიტიკური მოდის გამტარებელია,”

- ასე ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი. უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, მორიგ ვიზიტს ის უაღრესად რთულ რეგიონში ახორციელებს - იქ, სადაც რევოლუციური პროცესების გავრცელებისა დღეს ყველაზე მეტად ეშინიათ. მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ყახაზეთში ორდღიანია. ცნობილია, რომ ასტანაში მიხეილ სააკაშვილისა და ნურსულთან ნაზარბაევის შეხვედრების ძირითადი თემა ეკონომიკა იქნება, თუმცა, ბუნებრივია, პრეზიდენტებს არც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები დარჩებათ ყურადღების მიღმა. საინტერესოა, ითქმება თუ არა რამე პოსტსაბჭოთა სივრცეში აზვავებულ რევოლუციის აჩრდილზე, რომლითაც ასე ამაყობს საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ რომლისაც ასე ეშინია ნაზარბაევს.

“ეს გეოპოლიტიკური რევოლუციები უკეთესობისკენ ცვლის სიტუაციას პოსტსაბჭოთა სივრცეში. რევოლუციების მოძალება ბოლოს უღებს ამ სივრცეში ერთი ქვეყნის ამბიციებს და ამ პროცესში პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს საქართველო გარკვეულ მოდას უკარნახებს,” - ასეთი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს გააკეთა, ოთხშაბათ საღამოს კი კურსი ყახაზეთისკენ აიღო. ყაზახეთში მისი მასპინძელი ნაზარბაევია - კაცი, რომელიც ხელისუფლებას 1989 წლიდან ინარჩუნებს და შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც ემზადება.

[შალვა ფიჩხაძის ხმა] “თქვენ წარმოიდგინეთ, როგორია ნაზარბაევისთვის მიღება სტუმრისა, რომელიც ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რევოლუციებს ახდენს, ქვეყნებთან ურთიერთობა არ უნდა გაიფუჭოს იმისთვის, რომ პროპაგანდისტული აქციები აწარმოოს ქვეყნის შიგნით.”(სტილი დაცულია)

ეს იყო ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში შალვა ფიჩხაძე. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ სააკაშვილის მცდელობა, პოსტსაბჭოთა სივრცეში რაღაც ახალი მისიის მატარებლის იმიჯი მოირგოს, მარტო შიდა პროპაგანდისტული აქციისთვის არ კეთდება:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] “საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა სათავე დაუდო მოვლენებს, რომლებიც ადგილს პოულობს ბუშის სტრატეგიაში. ეს მისია ამერიკისკენ მიდის და წარმოადგენს დასავლეთის პოლიტიკის გატარებას კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში. ამას შეიძლება პოლიტიკური პარტნიორობა დავარქვათ. “ (სტილი დაცულია)

მოცემულ ეტაპზე ლაპარაკია კონტინენტის ისეთ აღმოსავლეთ ნაწილზე, რომლის წარმომადგენლობასაც საბჭოთა კავშირის ყრილობებზე მდუმარე, მაგრამ აგრესიულ უმრავლესობას უწოდებდნენ. “ეს იყო უფრო ავტორიტარიზმის მიმართ ტოლერანტობის გამოვლინება, ვიდრე საბჭოთა კავშირის სიყვარული. არც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენა წარმოადგენს შუა აზიის ხალხებისთვის დღეს პრობლემას, მათ პრობლემა შეიძლება გაუჩნდეთ უფრო ევროპასთან, თუ ევროპა მოსთხოვთ ევროპული ფასეულობების ბოლომდე გაზიარებასო,“ - ამბობს რამაზ საყვარელიძე. რამდენად შეიძლება მოუტანოს შუა აზიის ხალხებს დემოკრატია რევოლუციის ტალღის აგორებამ, ამის თქმა ქართველ ექსპერტებს ეძნელებათ. თუმცა უზბეკეთის ოპოზიციის ლიდერმა, პარტია “თავისუფლების” დამფუძნებელმა, სამშაბათს ტელეკომპანია” მზის” ეთერით გამოსვლისას თქვა, რომ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული უზბეკეთის პრეზიდენტის სიტყვები, თითქოსდა უზბეკი ხალხი არ არის მზად დემოკრატიისთვის. “ დაგვეხმარეთ, თუ შეიძლება. უზბეკი ხალხი დღეს ისეა მზად თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, როგორც არასდროს,” - ამ სიტყვებით მიმართ მან საქართველოს პრეზიდენტს.

იმაზე, თუ რით შეიძლება დაეხმაროს საქართველოს პრეზიდენტი უზბეკ ხალხს, ის, ალბათ, სამომავლოდ იფიქრებს. მანამდე წინ არის შეხვედრები ყაზახეთში, რომელიც თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დიდი ძალისხმევით დათანხმდა ყახაზური ნავთობის ნაწილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ჩაეტვირთა. გარდა ამისა, კომპანია “შევრონმა “კარგა ხნის წინ დაიწყო ყაზახეთის თენგიზის საბადოდან ნავთობის ტრანსპორტირება ბათუმში რკინიგზით. ამას ძალიან დიდი შემოსავალი მოჰქონდა ქვეყნისთვის. სხვა საკითხია, სად მიდიოდა ეს შემოსავალი.
XS
SM
MD
LG