Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საოკეანო სანაოსნოს ახალი მფლობელი გამოუჩნდა


დაახლოებით ორი თვის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შ.პ.ს. საოკეანო სანაოსნო 161 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

შეთანხმების მიხედვით, თანხის გადახდის შემდეგ სანაოსნოს მესაკუთრე ბრიტანულ-ავსტრალიური კომპანია "არმსტრონგ ჰოლდინგი" უნდა გამხდარიყო. 30 მარტს კი გაირკვა, რომ საოკეანო სანაოსნოს მფლობელი, "არმსტრონგ ჰოლდინგის" ნაცვლად, ბრიტანული კომპანია "მერინ კაპიტალი" გახდება, რომელმაც 93 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდის პირობა დადო.

როგორც ირკვევა, საქართველოს მთავრობა და "არმსტრონგ ჰოლდინგი" თანხის გადახდის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და გარიგებაც ჩაიშალა. ამის შესახებ 30 მარტს ოფიციალურად გამოაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენ ვერ მოვილაპარაკეთ კონტრაქტზე გადახდის პირობების გამო. ჩვენ ვერ წავიდოდით პირდაპირ, ვთქვათ, იმ რისკზე ჩვენი მხრიდან, რომ, როგორც იყო შემოთავაზებული, 50 პროცენტი იქნებოდა პირველი ტრანში, შემდეგ საკუთრებაში გაფორმდებოდა საოკეანო სანაოსნო და მხოლოდ შემდეგ იქნებოდა გადახდილი მეორე 50 პროცენტი. ჩვენ ამ რისკზე ვერანაირად ვერ წავიდოდით და, შესაბამისად, გუშინ გაფორმდა ხელშეკრულება მეორე კომპანიასთან.”(სტილი დაცულია)

ეს არის კომპანია "მერინ კაპიტალისთვის" საქართველოს საოკეანო სანაოსნოს 93 მილიონ დოლარად მიყიდვის ოფიციალური მიზეზი. ამასთან, გაურკვეველია, შედის თუ არა მასში გერმანიის ბანკების მიმართ სანაოსნოს ვალების დასაფარად საჭირო თანხა. მოლაპარაკება გასაიდუმლოებული იყო და, შესაბამისად, ბურუსითაა მოცული გარიგების მნიშვნელოვანი დეტალები.

ექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც საოკეანო სანაოსნოს საკითხების დეტალურად შესწავლითაა დაკავებული, აღნიშნავს, რომ "მერინ კაპიტალის” წარმომავლობა ბურუსითაა მოცული. ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ბრიტანული კომპანიაა, თუმცა ინტერნეტში ამ დასახელების მხოლოდ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული გერმანული კომპანიის პოვნა მოხერხდა.

[ზვიად ქორიძის ხმა] ”ყველაზე არსებითია ის ვალდებულება, რომელიც ნაკისრი აქვს საქართველოს მთავრობას, რომ სანაოსნოში რეალურად არაფერი შეიცვალოს, ანუ იქ იმ ფინანსური და კრიმინალური დაჯგუფებების ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული, ვინც აქამდე აკონტროლებდა სანაოსნოს. “არმსტრონგ ჰოლდინგი” მთლიანად ანგრევდა ამ ინტერესებს...”(სტილი დაცულია)

საქართველოს საოკეანო სანაოსნოს მენეჯმენტს, აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ხელდასხმით, ”გრინ ოუკ გრუპი” ახორციელებდა. სწორედ მან შესთავაზა საქართველოს აწ გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას საოკეანო სანაოსნოში 107 მილიონი დოლარი. მემორანდუმსაც მოეწერა ხელი, მაგრამ, ოპოზიციური ძალების მიერ ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ტენდერის ვადა გახანგრძლივდა და გამოჩნდა ”არმსტრონგ ჰოლდინგი”, რომელმაც 161 მილიონი დოლარის გადახდის პირობა დადო. ეს კომპანია, ზვიად ქორიძის განცხადებით, უშუალოდ ზურაბ ჟვანიას ხელდასხმით მოქმედებდა, თუმცა ახლა მასაც უარი უთხრეს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლექსო ალექსიშვილი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ”არმსტრონგ ჰოლდინგთან” ხელშეკრულება არ გაფორმებულა და მემორანდუმის დარღვევა დიდი ცოდვა არ არის:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”ამ მემორანდუმის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო კონკრეტული ქმედებები, რომლის მიხედვითაც შემდგომში გაფორმდებოდა კონტრაქტი წილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ეს კონტრაქტი არ შემდგარა. შესაბამისად, რაიმე საჯარიმო სანქციებზე საუბარი ზედმეტი არის.” (სტილი დაცულია)

ეთქვა თუ არა უარი ”არმსტრონგ ჰოლდინგს” საქართველოს ხელისუფლების იმ ძველი, არაოფიციალური, ვალდებულებების გამო, რომელზეც ზევით ზვიად ქორიძე საუბრობდა, ჯერჯერობით უცნობი რჩება.
XS
SM
MD
LG