Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრადიციონალისტთა კავშირი ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებს


საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის ფლანგზე თვისებრივად ახალი ტიპის საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება. “სახალხო ფორუმი კეთილდღეობისა და

დემოკრატიისათვის” ტრადიციონალისტთა კავშირის ინიციატივით დაიბადა. დღეს მოძრაობის სამოქმედო პრინციპების დეკლარირება მოხდა. უახლოესი ერთი თვის შემდეგ კი სახალხო ფორუმის დამფუძნებელი ყრილობა დაამტკიცებს პროგრამას, რომლის არსი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საზოგადოების როლის გააქტიურებაა. სახალხო ფორუმის გრძელვადიანი პერსპექტივა ქვეყნის განვითარების ალტერნატიული კონცეფციის შემუშავებაა.

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ოპოზიციის გავლენის მკვეთრი შესუსტების პარალელურად, საქართველოს მემარჯვენე ოპოზიციის ერთ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, არსებული სახით, თავიანთი თავი ამოწურეს. ოპოზიციის პოლიტიკური სახეცვლილების იდეის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი, ოპოზიციის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ პირობად საზოგადოების გააქტიურებას მიიჩნევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მზადაა დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს. ამ ლოგიკით, აკაკი ასათიანის არჩევანს საზოგადოება განაპირობებს, სამოქალაქო პროცესებში ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის ერთგვარ ბარომეტრად კი იქცევა ფორუმი, რომლის მიზნებზე ტრადიციონალისტი ირაკლი მელაშვილი საუბრობს:

[ირაკლი მელაშვილის ხმა]” ეს ფორუმი ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არის ოპოზიციური, იმიტომ რომ ის ხედვები, რომლებიც გააჩნიათ აქ გაერთიანებულ ადამიანებს, არ ემთხვევა ხელისუფლების ხედვებს. ამისი შექმნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ ჩვენ, აქ გაერთიანებული ხალხი, ვერ ვხედავთ ხელისუფლებისგან რაღაც ნორმალურად ჩამოყალიბებულ კურსს და რასაც ვხედავთ, ის ნამდვილად არ გვაკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ფაქტიურად, გვინდა დავდოთ ქვეყნის განვითარების ალტერნატიული პროგრამა.”(სტილი დაცულია)

ქვეყნის განვითარების ალტერნატიული კონცეფციის ჩამოყალიბება პირდაპირ კავშირშია საზოგადოების მხარდაჭერასთან. შესაბამისად, ფორუმის მიერ ქვეყნის მოსახლეობისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ ერთობა ალტერნატიული პროექტის ცხოვრებაში გატარებასაც შეუწყობს ხელს. ანუ ასე იქცევა საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ ძალად, ხოლო ამ მოძრაობის მიერ მომზადებული კონცეფცია - ჩრდილოვანი კაბინეტის სამოქმედო დოკუმენტად.
სახალხო ფორუმის საინიციატივო ჯგუფში ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებითა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიით უკმაყოფილო 300-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. მუშაობა, შესაბამისად, წარიმართება დარგობრივი სექციების მიხედვით - შეიქმნება მედიცინისა და სოციალური სფეროს, ეკონომიკის, ხელოვნების, ქვეყნის მოწყობის, საგარეო პოლიტიკისა და სხვა, ამ რიგის, პროფესიული ჯგუფები. ანუ ფორუმი, საინიციატივო ჯგუფის წევრთა აზრით, იქნება სხვადასხვა დარგის პროფესიონალების - და არა პოლიტიკური პარტიების - ერთობა. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, რეზო შავიშვილის, პარტიულ წარმომავლობას, მაგალითად, საზოგადოებრივ მოძრაობაში მეორეხარისხოვანი როლი ენიჭება.

[რეზო შავიშვილის ხმა]” ეს არ არის არჩევნებისთვის შექმნილი ორგანიზაცია. არის ფორუმი, ანუ ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. ეს იქნება თავად სახელმწიფოს არსებობა-არარსებობის საკითხი, ვთქვათ, გლობალური საკითხი თუ ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვცდილობთ შევკრიბოთ საზოგადოებაში ასე გაბნეული ცოდნა.”(სტილი დაცულია)

ანუ ის ცოდნა, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება თავისივე ნებით ემიჯნება - ყოველ შემთხვევაში, არ იყენებს მას და ოპოზიციას დასარაზმად უბიძგებს. ხელისუფლებას ოპოზიცია ანგარიშგასაწევ ძალად არ მიაჩნია, რაც ამ დღეებში პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წარმოთქმულმა ფრაზებმა კიდევ ერთხელ ნათელყო.
XS
SM
MD
LG