Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის „ჭიაბერაშვილის სამკუთხედს“


სიახლეს, რომელიც დედაქალაქის მერიამ შარშან სექტემბერში დანერგა, თბილისელთა ერთმა ნაწილმა „ბერმუდის სამკუთხედი“ უწოდა, მეორე ნაწილმა კი

დედაქალაქის მერს ამაგი არ დაუკარგა და ქალაქის ცენტრში გაჩენილი ახალი სატრანსპორტო კვანძი „ჭიაბერაშვილის სამკუთხედად“ მონათლა. ალბათ, მიხვდით: ლაპარაკია ვარაზისხევის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებისგან შემდგარ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა ნებადართული. სიახლის დანერგვიდან ნახევარი წლის თავზე ირკვევა, რომ „სამკუთხედმა“ თბილისელთა იმედები არ გაამართლა. მძღოლები გზის დაგრძელების, მოსახლეობა ხმაურის, ხოლო ეკოლოგები ჰაერის დაბინძურების გამო ჩივიან. საინტერესოა, შექმნილი ვითარების ფონზე რა გამოსავალს ხედავს თბილისის მერია. ხომ არ იგეგმება სამკუთხედის მოშლა და აღნიშნულ ადგილზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა?

ახალ სატრანსპორტო კვანძში ავტომანქანები მხოლოდ ერთი მიმართულებით გადაადგილდებიან. კერძოდ, ვარაზისხევში მოძრაობა ქვევიდან ზევითაა ნებადართული, თუმცა აღმართის ავლის შემდეგ გახვევა ორივე მიმართულებით შეიძლება. ვაკიდან საბურთალოსკენ მიმავალმა ტრანსპორტმა კი უნდა გაიაროს მელიქიშვილის ქუჩა, ფილარმონიის წინ დატრიალდეს მარცხნივ და დაუყვეს კოსტავას ქუჩას.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირიდან ვაკეში მოხვედრის მსურველებს, ისინი, კოსტავას ქუჩის გავლით, ჯერ გმირთა მოედანზე სპეციალურად აგებულ ჯებირს შემოუვლიან, შემდეგ კი, ვარაზისხევის გავლით, მოხვდებიან ვაკეში. მოძრაობის ამგვარი მარშრუტი ბევრ თბილისელს არ მოსწონს:

[მამაკაცის ხმა] „გადატვირთულია მოძრაობა. ვაკეში თუ მივდივარ, რა მინდა ვარაზისხევში? ძველი სჯობდა.“

[მამაკაცის ხმა] „მანძილი იზრდება და ძირითადი დაწოლა ხდება ბარნოვის გამზირზე. ბარნოვი გადაიტვირთა ამის ხარჯზე.“

[მამაკაცის ხმა] „ძველი სჯობდა! ჯერ ერთი, ვარაზისხევზე ყველა მძღოლს მანქანა უფუჭდება იმ აღმართზე ასვლით. უფრო გადატვირთულია. და კიდევ - ვაკიდან კაცს საბურთალოზე წასვლა რომ მოუნდეს, მოდის აქეთ, შემოვლით გზაზე.“(სტილი დაცულია)

„სამკუთხედის“ ეფექტიანობის თაობაზე ინტერნეტსაიტმა „თბილისის ფორუმმა“ გლობალური ქსელის მომხმარებლებისათვის საგანგებო გამოკითხვაც კი ჩაატარა. გაირკვა, რომ გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ მოსწონს ახალი სატრანსპორტო კვანძი. „სამკუთხედის“ მახლობლად მცხოვრებმა ადამიანებმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი მიმართეს. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი თამარ ჟვანია ამბობს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა ქალაქის ხელმძღვანელობისგან სატრანსპორტო კვანძის დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვს. მათი თქმით, საცობების, აუტანელი ხმაურისა და ძლიერი გამონაბოლქვის გამო, სამკუთხედის მახლობლად ცხოვრება გაუსაძლისი გახდა:

[თამარ ჟვანიას ხმა] „იყო დაპირება, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა და სამკუთხედი შეიცვლებოდა რაიმე ალტერნატივით, თუმცა რეალურად არანაირი ცვლილება არ მოხდა და ჩვენ, როცა გვსურდა რაიმე სხვა თემაზე ჩაგვეტარებინა მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის შეხვედრა ხელისუფლებასთან, იმავე თხოვნით მოგვმართეს, იმიტომ რომ ეს პრობლემა ძალიან აწუხებს მოსახლეობას, სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, ნიკოლაძის ქუჩისა და ფიქრის გორის მცხოვრებთ და ასე შემდეგ.“

თუმცა, ამგვარი განწყობის მიუხედავად, თბილისის მერიაში „ბერმუდის სამკუთხედად“ მონათლული სანტრანსპორტო კვანძის გაუქმებას არ ჩქარობენ. ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის ბექა ქარსივაძის თქმით, უახლოეს მომავალში კვანძის ეფექტიანობის ასამაღლებლად მთელი რიგი ღონისძიებების გატარება იგეგმება:

[ბექა ქარსივაძის ხმა] „ჩვენ გადავწყვიტეთ მოეწყოს დეკორატიული მოაჯირი ჩაის სახლიდან პეტრიაშვილის ქუჩამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ვარაზისხევიდან ამოსული სამარშრუტო ტაქსები გააგრძელებენ მოძრაობას და გაჩერდებიან მხოლოდ პეტრიაშვილის ქუჩის შემდეგ და ეს შექმნის დაუბრკოლებლივი მოძრაობის საშუალებას. მერე ჩვენ კიდევ განსაზღვრული გვაქვს, კოსტავას ქუჩაზე მოძრაობისას საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდეს მხოლოდ „ევროპასთან“ მდებარე „უბეში“... (სტილი დაცულია)

ქარსივაძის თქმით, გარდა ამისა, ურბანული დაგეგმარების სამსახური აპირებს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მდებარე გაჩერების ზევით - მეორე კორპუსთან გადატანას, რაც, სხვა ყველაფერთან ერთად, ასევე სატრანსპორტო კვანძის გამტარუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა იმას, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება მერიის ძალისხმევა, ყველაზე ადრე მძღოლები და სამკუთხედის მახლობლად მცხოვრები ადამიანები იგრძნობენ. ერთი სიტყვით, „ბერმუდის“, იმავე „ჭიაბერაშვილის”, სამკუთხედს უკანასკნელი შანსი ეძლევა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG