Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველის ოფისი უკანონოდ დეპორტირებულ ქისტებს ექომაგება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი სახალხო დამცველის ოფისის ძალისხმევით, საქართველოდან უკანონოდ დეპორტირებულ სამ ქისტს ლტოლვილობის მაძიებლის სტატუსი მიანიჭეს. როგორც ირკვევა,

ჩეჩნეთის მკვიდრ სამ ძმას, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ლტოლვილის სტატუსის მიღებას ცდილობდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 მარტს ფარულად დაატოვებინა საქართველოს ტერიტორია. ორი კვირის მანძილზე ძმები ცათიაშვილები, რომელთაგან ერთი 14 წლისაა, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საბოლოო ჯამში, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთა ჩარევის შედეგად, ცათიაშვილებს სტატუსი მიანიჭეს და პანკისის ხეობაში ცხოვრების ნება დართეს.

საქართველოში დაბადებულმა და შემდგომში რუსეთის მოქალაქეობამიღებულმა ძმებმა ცათიაშვილებმა ბოლო პერიოდში საქართველოს საზღვარი ორჯერ გადმოლახეს. პირველ ჯერზე მათ ბედმა არ გაუღიმათ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მისულებს პოლიციელები დახვდნენ და საქართველოს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. საბოლოოდ კი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე ქისტები თავად პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს და, მესაზღვრეთა დახმარებით, საზღვრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე დატოვეს. მოგვიანებით ცათიაშვილების ნათესავებმა დახმარებისათვის სახალხო დამცველის ოფისს მიმართეს. ოფისის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი პოლიციელებისა და მესაზღვრეების ქმედებას კანონის უხეშ დარღვევად აფასებს:

[ბექა მინდიაშვილის ხმა] “უკანონობა იყო ის, რომ ხელაღებით გაიყვანეს ეს ხალხი საზღვარზე, გადაწყვიტეს მათი დეპორტირება. უკანონობა იყო ის, რაც გააკეთეს შემდეგ მესაზღვრეებმა: მანქანაში ჩამალეს და გაიყვანეს საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება იყოს მათი გასახლების მიზეზი, შეიძლება იყოს უშიშროება. მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული და ეს უნდა მოხდეს სასამართლო წესით. ასე უხეშად ამის გაკეთება შეუძლებელია.”(სტილი დაცულია)

ბექა მინდიაშვილის შუამდგომლობის შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ეთერ ასტემიროვამ ცათიაშვილებს ლტოლვილობის მაძიებელთა სტატუსი მიანიჭა. მით უფრო, რომ უფროს ძმას, შენგელი ცათიაშვილს, მსგვავსი სტატუსი უკვე მინიჭებული ჰქონდა. მის ნებართვას ვადა გასდიოდა სწორედ 7 მარტს, ანუ იმ დღეს, როდესაც მისი და მისი ძმების დეპორტაცია განახორციელეს. პოლიციელთა ქმედებით შეშფოთებულია დეპუტატი ელენე თევდორაძეც. იგი მიიჩნევს, რომ ამჟამად კანონი ლტოლვილის სტატუსის მიღების შესახებ საკმაოდ რთულია და პარლამენტი სწორედ მის გამარტივებაზე მუშაობს:

[ელენე თევდორაძის ხმა] “ჩვენ შემდგომ სესიაზე საერთოდ გამოგვაქვს შესწორებები ამ ლტოლვილთა შესახებ კანონში. იქ არის, ავიღოთ, როგორ ავაცდინოთ ადამიანს, რომელიც შემოვიდა ჩვენს საზრღვარზე და აცხადებს, რომ მე მინდა ლტოლვილის საბუთი ავიღო და მოვითხოვო საქართველოში, აი, ეს თავშესაფარი. ჩვენ, აი, ამას ვუადვილებთ კიდევაც.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის მიერ კანონის გამარტივებამდე ომბუდსმენის ოფისმა ცხოვრება გაუმარტივა სამ ქისტს, რომელიც პანკისის ხეობაში ნათესავებმა შეიფარეს. შედგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მათთან რეგულარული კონტაქტი აქვთ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს. რუსეთის მოქალაქე ქისტებს კი, საბოლოოდ, თავშესაფრის მოთხოვნა ევროპის ქვეყნებში აქვთ დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG