Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიზელის საწვავის დარიგების თემა კვლავ საკამათოდ რჩება


საქართველოს პრეზიდენტის 16 მარტის განკარგულებასთან დაკავშირებით, რომელიც სოფლად მცხოვრები თითოული ოჯახისთვის 20 ლიტრი დიზელის საწვავის გადაცემას გულისხმობს,

იურისტი თინა ხიდაშელი არაერთ დარღვევას ხედავს. მართალია, მათ შორის ერთ-ერთზე, ანუ დიზელის ადრესატთა სიების გაბერვაზე, აქცენტს თავად პრეზიდენტიც აკეთებდა, მაგრამ, ხიდაშელის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ეს რეაქცია დაგვიანებული იყო, რადგანაც ეს და ამის მსგავსი სხვა საკითხები განკარგულების გაცემამდე უნდა გარკვეულიყო და არა - პოსტფაქტუმ. იურისტი გაოცებულია, რომ პრეზიდენტის განკარგულება მოუმზადებელ ნიადაგზე აღმოცენდა, ანუ შესაბამისი დოკუმენტაციის მოუმზადებლად გაიცა.

პრეზიდენტ სააკაშვილის 16 მარტის განკარგულების მიხედვით, სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის 12 მილიონი ლიტრი დიზელის საწვავის შესაძენად 13 მილიონ 560 ათასი ლარი გამოიყო, ერთი ლიტრის ფასი 1,13 ლარად განისაზღვრა და ამ თანხის გასტუმრება თავად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს დაეკისრა. იურისტი თინა ხიდაშელი, რომელსაც ხსენებული განკარგულების დეტალების შესწავლა ჯერ არ დაუსრულებია, უკვე თვალშისაცემ დარღვევებზე საუბრობს:

(თინა ხიდაშელის ხმა) ”დარღვეულია საბიუჯეტო კანონი სარეზერვო ფონდთან მიმართებით, იმიტომ რომ 2005 წლის ბიუჯეტით, პრეზიდენტის ფონდში სულ 10 მილიონი ლარია და უცებ პრეზიდენტი ერთი აქტით არარსებულ 3 მილიონ 560 ათასზე იღებს განკარგულებას. და ის, რომ, უცბად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, პრეზიდენტმა დაადგინა, რომ 16 მარტს დიზელის ფასი იყო ლარი და 13 თეთრი და დაადგინა, რომ შემდეგი დღეების განმავლობაში და კვირების განმავლობაში, სანამ ეს პროცესი დამთავრდებოდა, ეს ფასი არ შეიცვლებოდა... ამას გარდა, პრეზიდენტმა დაარღვია შესყიდვების შესახებ კანონი, რომელშიც პირდაპირ და ცალსახად წერია, რომ ასეთი თანხის პირობებში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ტენდერი.” (სტილი დაცულია)

თუკი 12 მილიონ ლიტრს 20-ზე (ანუ თითოული ოჯახისთვის გათვალისწინებულ ოდენობაზე) გავყოფთ, მივიღებთ - 600 ათასს, რაც, წესით, პრეზიდენტის საჩუქრის მიმღებთა საერთო რიცხვს უნდა ასახავდეს. თუმცა ხიდაშელი, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2002 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ სოფლად შინამეურნეობათა საერთო რაოდენობა არა 600 ათასი, არამედ 589 422-ია. მის ნათქვამს ჩვენთან საუბარში ადასტურებს სტატისტიკის დეპარტამენტის აღწერის განყოფილების თანამშრომელი ნათია ქველაძე:

(ნათია ქველაძის ხმა) ”589 422 - ეს არის შინამეურნეობების რიცხვის მიხედვით, სოფლად.” (სტილი დაცულია)

მართალია, სიზუსტით ამ შემთხვევაში,ალბათ, ვერც სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები დაიკვეხნის, მაგრამ ამჟამად სხვა ოფიციალური მონაცემი ქვეყანაში არ არსებობს. და თუკი ჩვენც მას დავეყრდნობით, პრეზიდენტის განკარგულებაში ნაჩვენებს შევადარებთ და ელემენტარულ არითმეტიკას მივმართავთ, გამოდის, რომ სახელმწიფომ გლეხებისთვის საჭიროზე დაახლოებით 211 ათასი ლიტრით მეტი დიზელის საწვავი შეიძინა და, შესაბამისად, დაახლოებით 239 ათასი ლარით მეტი გამოყო.

მართალია, სიების გაბერვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავადაც იეჭვა, მათი გადამოწმება საკმაოდ მკაცრად მოითხოვა და გამგებლებს სასტიკი დასჯითაც დაემუქრა, მაგრამ, როგორც ხიდაშელი ამბობს, ყველაფერი ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დიზელის საწვავი - უკვე შეძენილი, ხოლო ფული უკვე დახარჯული იყო. უფრო მეტიც, იურისტმა აღმოაჩინა, რომ პრეზიდენტის განკარგულებას მოსამზადებელი სამუშაოები არ უძღოდა წინ. შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნის საფუძველზე, ხიდაშელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიიღო მხოლოდ წერილი:

(თინა ხიდაშელის ხმა) ”რომელშიც წერია, რომ არავითარი დოკუმენტაცია არ არსებობს, რაც წინ უძღოდა ამ აქტს, რაც უკვე, თავისთავად, კანონდარღვევა არის და აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ არის, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა 13 მილიონის დახარჯვა ისე, რომ არავითარი დოკუმენტაცია არ შექმნილა, რომელიც დაასაბუთებდა, იანგარიშებდა, ანალიზს ჩაატარებდა და იტყოდა, რომ - კი, ასე ღირს და ამდენი გვჭირდება.” (სტილი დაცულია)

გადაწყვეტილების ასე სწრაფ ტემპებში და პრაქტიკულად მოუმზადებლად მიღება ქვეყანაში ფორსმაჟორული საჭიროებით ახსნეს - გლეხებს წინ საგაზაფხულო სამუშაოები ელით და ხელი სასწრაფოდ უნდა შევუწყოთო. თუმცა ბევრმა გლეხმა დარიგებულ დიზელს, მიწათმოქმედებისთვის საჭირო დამატებითი სახსრების უქონლობის გამო, სულ სხვა დანიშნულება მოუძებნა:

(კახელი გლეხების ხმები) ”ჩემს ოჯახს ეს სალიარკა თუ ეყოფა სახლში ლამპის ასანთებად, დავუშვათ, ნახევარი წელი. / 20 ლიტრა გინდა გქონია, გინდა - არა, არაფერი არ არის. ეს სჭირდება ლამპას.” (სტილი დაცულია)

დიახ, როგორც ჩანს, სოფლად ტრაქტორებისთვის გაგზავნილ დიზელს (მით უმეტეს - საყოველთაო უდენობის პირობებში), ძირითადად, ლამპები გამოიყენებენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG