Accessibility links

მოსამართლეები რეფორმას ითხოვენ


დავით პაიჭაძე, თბილისი 31 მარტს საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციამ საზოგადოებას მიმართა ღია წერილით, რომლის ძირითადი პათოსი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა

და მიუკერძოებლობის დამკვიდრებაა. მოსამართლეები, საერთოდ, იშვიათად ელაპარაკებიან საზოგადოებას საჯაროდ, მით უმეტეს, იშვიათია მათი ასეთი კოლექტიური გამოსვლა. ყველამ იცის, რომ რევოლუციით მოსული ხელისუფლების მმართველობისას სასამართლო ხელისუფლების რეპუტაცია მეტად შეილახა. სასამართლოს უწოდებდნენ სანოტარო კანტორას, რომელიც უტყვად ადასტურებდა პროკურატურის ყველა მოთხოვნას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ კოტე კუბლაშვილის დანიშვნას დაუკავშირდა იმედი, რომ ჩამკვდარი სასამართლო რეფორმა ახალ იმპულსებს შეიძენდა. შესაძლოა, სწორედ ასეთი მოლოდინის ფონზე იყოს ნიშნეული მოსამართლეთა ასოციაციის ღია გამოსვლა.

“მნიშვნელოვანია, თავად მოსამართლეებმა გააცნობიერონ თავიანთი დამოუკიდებლობის არსი, მათ უნდა გაითავისონ, რომ ემორჩილებიან კანონს და მხოლოდ და მხოლოდ მას. არაფერს და არავის აქვს უფლება, მოახდინოს მოსამართლეზე ზეწოლა, რა ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს ის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თითოეული მოსამართლისა და მთლიანად სასამართლო ხელისუფლების დაცვა დისკრედიტაციისაგან, რაც უეჭველად მოჰყვება ხელისუფლების სხვა შტოების ან პოლიტიკური ძალების მხრიდან მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედებისა და მართლმსაჯულებაში ჩარევის აშკარა მცდელობებს, რაც არამც და არამც არ უნდა დავუშვათ.”

ეს არის ფრაგმენტი მოსამართლეთა ასოციაციის ღია წერილიდან. ჩნდება შეკითხვა: მართლმსაჯულებაში ხელისუფლების სხვა შტოთა ჩაურევლობა დამოკიდებულია მხოლოდ მოსამართლის სიმტკიცესა და ზნეობაზე თუ სასამართლოს შეიძლება იცავდეს რაიმე სხვაც, უწინარესად, კანონი? სხვათა შორის, საქართველოს პარლამენტმა ამას წინათ ჩააგდო უზენაესი სასამართლოს ორი პალატის თავმჯდომარეობის კანდიდატები, მოსამართლეები ნათია წკეპლაძე და ზაზა თოდრია. ორივეს შეუბღალავი რეპუტაცია აქვს. ზაზა თოდრია, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მოსამართლედ მუშაობისას სამი თვე ხელფასი რომ არ მისცეს, სასამართლოდან წავიდა და მტვირთავად მუშაობდა. ნათია წკეპლაძეც იმ იშვიათ მოსამართლეთა რიცხვშია, რომელთა გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებიათ. პარლამენტი კი მათ არ ენდო და დღეს ორივე უზენაესი სასამართლოს მხოლოდ წევრები არიან. მაგრამ მივუბრუნდეთ შეკითხვას: რა იცავს მოსამართლეს და მართლმსაჯულებას ჩარევისაგან?

იურისტი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ჯერჯერობით უპირატესად მოსამართლის მორალზეა დამოკიდებული, ჩაერევა თუ არა ვინმე მის საქმიანობაში, რადგან სამართლებრივად იგი დაცული არ არის. მორალური სიმტკიცე კი არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როცა პრეზიდენტს შეუძლია მოსამართლეებს განუცხადოს, ყველას სახლში გაგიშვებთო. მოსამართლის პატიოსნებას, პროფესიონალიზმს და პრინციპულობას მიიჩნევს ჩაურევლობის ძირითად ფაქტორად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი:

[კუბლაშვილის ხმა] “მაგრამ მეორე ფაქტორია ის, რომ თვითონ ხელისუფლებამ, მთლიანობაში, გაიგოს და მიხვდეს, რომ ასეთი ჩარევებით - ხშირად ფიქრობენ, რომ ჩარევა კარგ მიზნებს ემსახურება - საბოლოო, მთავარ მიზანს ვერ მივაღწევთ.”

ამ კონტექსტში მიზანი მოიცავს ყველა იმ ორიენტირს, რომლზეც მიმართულია დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნების მოსურნე ქვეყანა. საამისოდ აუცილებელია სასამართლოს რეფორმა, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულს დაიწყო და მალევე დამუხრუჭდა. როგორ შეიძლება განახლდეს სასამართლო რეფორმა, ამაზე უფრო კონრეტულად 1 აპრილს, ყოველკვირეულ მეათე სტუდიაში, გესაუბრებით.
XS
SM
MD
LG