Accessibility links

logo-print

მიტინგი მარნეულის რაიონში


ქვემო ქართლის მხარეში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა მოთხოვნები, რომელსაც ისინი ხელისუფლებას უყენებენ, როგორც წესი, წლების განმავლობაში არ იცვლება.

ლაპარაკია მიწის სამართლიან განაწილებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. თუმცა მარნეულის რაიონის საზღვრისპირა სოფელ სადახლოში შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელმა ხელისუფლებისაგან ადგილობრივი პოლიციის უფროსის შეცვლაც მოითხოვა. რა აწუხებს უპირატესად ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული მარნეულის რაიონის ყველაზე დიდი სოფლის - სადახლოს - მოსახლეობას?

სოფელ სადახლოს ცენტრში, კულტურის სახლთან, შეკრებილი რამდენიმე ასეული ეთნიკური აზერბაიჯანელი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან პოლიციის ადგილობრივი ქვეგანყოფილების უფროსის მოხსნას ითხოვდა. მათი თქმით, გოჩა შუბითიძე და მისი ხელქვეითები, გარდა იმისა, რომ აკონტროლებენ სადახლოს ბაზრობას, ბაქო-მარნეულის საავტომობილო ხაზის მძღოლებს, ნარკოტიკების ჩადების მუქარით, ფულსაც სძალავენ.

[მამაკაცის ხმა] „ძალაზე არიან, ძალაზე! ვინმე რომ შევიდეთ და ერთი ხელი რომ ავწიოთ, მაშინვე მოგვკლავენ! თოფებით არიან!“(სტილი დაცულია)

თუმცა აქციის მონაწილეთა ბრალდებებსა და მოთხოვნებს ყველა სადახლოელი როდი იზიარებს. სოფლის საკრებულოს თავმჯდომარე ნიზამი მამედოვი ამბობს, რომ მიტინგის ორგანიზატორებს პირადი ინტერესი ამოძრავებთ:

[ნიზამი მამედოვის ხმა] „მე არ მესმის - პოლიცია დამნაშავეს უნდა ეფეროს თუ მართლწესრიგის განმტკიცებით უნდა იყოს დაკავებული?! არანაირი რეალური საფუძველი მათ მოთხოვნას არა აქვს. ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია.“

მარნეულის გამგებელი ამირან შუბითიძე კი ამტკიცებს, რომ აქციის ორგანიზატორებსა და მათ ნათესავებს თავად აქვთ პრობლემები პოლიციასთან:

[ამირან შუბითიძის ხმა] „სადახლოში ორ ჯგუფს შორის არის დაპირისპირება, თვითონ სოფლელებს შორის. ერთ-ერთ საკითხად, როგორც მე ვიცი, გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას პოლიციის მისამართით. ალბათ, ლოგიკურიც არის მათი პრეტენზიები, იმიტომ რომ ოთხი თუ ხუთი კაცის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, ან მათზე ან მათ ნათესავებზე... ასე რომ, პროვოკაციასთან გვაქვს საქმე.“(სტილი დაცულია)

თვითმხილველთა თქმით, მიტინგში მონაწილეობას 300-მდე სადახლოელი იღებდა, თუმცა იმის გამო, რომ სიტყვით გამოსვლა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებმაც ითხოვეს, აქცია მალევე დასრულდა. ერთ-ერთი სადახლოელის თქმით, რომელსაც მე ტელეფონით ვესაუბრე, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიციის რაზმი ჩადგა:

[მამაკაცის ხმა] „ ორივე მხარეს აზერბაიჯანელები იდგნენ - ადგილობრივი თვითმართველობის მოწინააღმდეგენი და მხარდამჭერები. ეს უკანასკნელნიც სიტყვას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. ამის გამო ყველაფერი ჩაიშალა.”

თუმცა სადახლოელთა უმეტესობამ კულტურის სასახლესთან გამართულ მიტინგზე მისვლას საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად მინდორში გასვლა და თბილისიდან გამოგზავნილი დიზელის საწვავის მიღება არჩია. სადახლოელები იმასაც ამბობენ, რომ, ადგილობრივი არჩევნების მოახლოების პარალელურად, მსგავსი აქციები თუ მიტინგები კიდევ არაერთხელ გაიმართება.
XS
SM
MD
LG