Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება ურთიერთდაპირისპირება ”საქართველოს თამბაქოს წარმოებასთან” დაკავშირებით


”საქართველოს თამბაქოს წარმოების” მფლობელი ავთანდილ წერეთელი გასულ წელს საუკეთესო ბიზნესმენად აღიარეს, თუმცა მისი ყოფილი პარტნიორი ჰუსეინ ალი ირწმუნება,

რომ ის ბიზნესი, რომლის გამოც წერეთელი საუკეთესო ბიზნესმენი გახდა, მისი საკუთრებაა. თამბაქოს წარმოებასთან დაკავშირებული დაპირისპირება არახალია და ის სათავეს იღებს 2001 წლიდან, როდესაც პოლიციამ საწარმოში არ შეუშვა გენერალური დირექტორი, აშშ-ის მოქალაქე მუნა ფირინი. ახლა კი დავის საგანს წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თამბაქოს წარმოების 90 პროცენტს მანამდე 10 პროცენტის მესაკუთრე ავთანდილ წერეთელი დაეუფლა.

გასულ წელს, ვაშინგტონში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იქაურ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა და მათ დაცვას დაჰპირდა. ამ ბიზნესმენებს შორის იყო ჰუსეინ ალი, რომელიც თავს საქართველოდან გაძევებულ ინვესტორად მიიჩნევდა. სწორედ მისი 20 მილიონდოლარიანი ინვესტიციით დაფუძნდა 1997 წელს “საქართველოს თამბაქოს წარმოება”. როგორც თვითონ ამბობს, საქართველოს დატოვება შევარდნაძის ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ზეწოლამ აიძულა. პუსეინ ალიმ სააკაშვილის სიტყვები ირწმუნა და, მართლაც, დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ აქ სულ სხვა რეალობა დახვდა.

[გელა დანელიას ხმა] ”უბედურება ის გახლავთ, რომ საქართველოში დაბრუნებული ეს ადამიანები აწყდებიან უდიდეს ავანტიურას. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჰუსეინ ალის ყალბი ხელმოწერა. და, აი, ამ ხელმოწერის საფუძველზე დღეს ამ ქარხნის მეპატრონე გახდა წლის საუკეთესო ბიზნესმენი, - ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, - ავთანდილ წერეთელი.”(სტილი დაცულია)

ეს არის გელა დანელია, ჰუსეინ ალის კომპანიის ”იუტაჰ ჯდუფის” ოფიციალური ლობისტი. მისი მტკიცებით, ჰუსეინ ალის გაყალბებული ხელმოწერით ვინმე თამაზ მელქაძე გახდა ალის ნდობით აღჭურვილი პიროვნება. ეს მინდობილობა 2001 წლის 16 აგვისტოს არის დამოწმებული ნოტარიალურად. გელა დანელია ირწმუნება, რომ ამ დროს ალი საქართველოში არ იმყოფებოდა და, ამერიკელი ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ხელმოწერაც გაყალბებულია.

აი, რას ამბობენ ამაზე ”საქართველოს თამბაქოს წარმოებაში”. მის პრეს-მდივანს რუსუდან ლაგვილავას მოვუსმინოთ:

[რუსუდან ლაგვილავას ხმა] ”მელქაძემ ამ მინდობილობით, მისი გაცემის დღიდან განვლილ პერიოდში, მრავალ სასამართლო პროცესში მიიღო მონაწილეობა, როგორც ჰუსეინ ალის წარმომადგენელმა...
... ამ პერიოდის განმავლობაში მას მელქაძის მიმართ არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია.”

პრეტენზია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მელქაძემ 2004 წლის 16 სექტემბერს სასამართლოს პროცესზე, 8 მილიონიანი დავალიანების სანაცვლოდ, 20 მილიონიან საწარმოში ჰუსეინ ალის კუთვნილი 90 პროცენტიანი წილი ახმედ იუნესს გადასცა, რომლისგანაც აღნიშნული წილი ავთანდილ წერეთელმა იყიდა. ჰუსეინ ალის ლობისტის გელა დანელიას განცხადებით, ამ საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჭიანურდება და მისი დაჩქარება მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ჩარევით არის შესაძლებელი.

[გელა დანელიას ხმა] ”კარგი იქნება, თუ ის თავითონ ჩაერევა ამ საქმეში. იმიტომ რომ, სამწუხაროდ, სანამ პრეზიდენტი არ გასცემს ბრძანებას, მანამ არაფერი არ ხდება.”(სტილი დაცულია)

ამ სურვილს მოწინააღმდეგე მხარე ასე ხსნის:

[რუსუდან ლაგვილავას ხმა] ”მან მხოლოდ აღძრა სარჩელი დოკუმენტების ბათილობის და, წილის დაბრუნების მოტივით, არ გადაიხადა სარჩელის განხილვისთვის დადგენილი ბაჟი და მისი სარჩელები დარჩა განხილვის გარეშე.”

ამ დავაში მტყუან-მართლის გარკვევა, საბოლოო ჯამში, მაინც სასამართლოს პრეროგატივაა. იქნება თუ არა ობიექტური მისი გადაწყვეტილება, ამას დრო გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG