Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსი" მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ ილაშქრებს


ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა" ამ დღეებში კიდევ ერთხელ გაილაშქრა მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ.

ამასთან, 31 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაცია მიუთითებს იმ საგანგაშო გარემოებაზე, რომ გაეროს ადამიანის უფლებების კომისიაში, რომელსაც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა ევალება, თვრამეტი წევრიდან ექვსი რეპრესიულ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება.

ანგარიშის სახელწოდებაა "უარესთაგან უარესნი: მსოფლიოს ყველაზე უფრო რეპრესიული საზოგადოებები 2005 წელს". როგორც მისმა ავტორმა, "ფრიდომ ჰაუსის" პრესსამსახურის უფროსმა თანამშრომელმა მაიკლ გოლდფარბმა განუცხადა ჩვენს რადიოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას სახელს უტეხს მასში რეპრესიული რეჟიმების მქონე ქვეყნების ყოფნა.

[გოლდფარბის ხმა] "ადამიანის უფლებების სფეროში სერიოზული დარღვევების მქონე ქვეყნებმა მოახერხეს არჩევნების გზით მოხვედრილიყვნენ გაეროს ადამიანის უფლებების სამეთვალყურეო ორგანოში. ისინი ერთობლივი მოქმედებით ახერხებენ, ხელი შეუშალონ მათსავე საწინააღმდეგოდ რეზოლუციების მიღებას. ისინი აფერხებენ მსოფლოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ კანონის ფარგლებში, ღია, გამჭვირვალე დისკუსიას."

ეს ქვეყნებია ჩინეთი, კუბა, ერითრეა, საუდის არაბეთი, სუდანი და ზიმბაბვე.

"ფრიდომ ჰაუსი" არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც შეერთებულ შტატებში უდევს ბინა. მის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია ამოკრებილია ორგანიზაციის წლიური მიმოხილვიდან "თავისუფლება მსოფლიოში 2005 წელს", რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

21 მარტს გაეროს გერენალურმა მდივანმა კოფი ანანმა გააკეთა რეკომენდაცია ადამიანის უფლებების კომისიის რეფორმირების თაობაზე.

[ანანის ხმა] "ჩემის აზრით, თუ შევძლებთ იგი ვაქციოთ საბჭოდ, რომლის წევრებს გენერალური ასამბლეა პირდაპირ აირჩევს ორი მესამედის უმრავლესობით - ცხადია, ამ არჩეულ ქვეყნებს კარგი მაჩვენებლები უნდა ჰქონდეთ ადამიანის უფლებების სფეროში და მოწოდებული უნდა იყვნენ ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვისთვის - მაშინ საქმეს ეშველება."

"ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში გარდა ზემოთნახსენები ქვეყნებისა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - ბელორუსიაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.

[გოლდფარბის ხმა] "ბელორუსიაში არჩევნების გაყალბება მოხდა. უზბეკეთში ძალიან, ძალიან მკაცრად იზღუდება პოლიტიკური უფლებები და იკრძალება პოლიტიკური პარტიები. თურქმენეთში, ფაქტობრივად, უფლებები არ არსებობს. იგი ნამდვილად ყველაზე რეპრესიული რესპუბლიკაა ცენტრალურ აზიაში. ასე რომ, ამ სახელმწიფოებს ბევრი საერთო აქვთ პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით."

გარდა ამისა, ყოფილ საბჭოთა კავშირს რაც შეეხება, ანგარიშში ცალკე არის ნახსენები ჩეჩნეთი, როგორც რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ერთეული, სადაც ყველაზე უფრო მეტად ირღვევა ადამიანის უფლებები.

"ფრიდომ ჰაუსი" თავის წლიურ მიმოხილვებში მსოფლიოს ქვეყნებს ანიჭებს "თავისუფალი", "ნაწილობრივ თავისუფალი" და "არათავისუფალი" ქვეყნების სტატუსს. ცხადია, ზემოთჩამოთვლილი რეპრესიული რეჟიმები "არათავისუფლად" არის კვალიფიცირებული.

რაც შეეხება საქართველოს, "ფრიდომ ჰაუსის" მიერ იგი "ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყნად არის მიჩნეული და პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მდგომარეობით დაახლოებით უტოლდება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა, მაგალითად, ალბანეთი, მოლდავეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, უკრაინა ან ვენესუელა.
XS
SM
MD
LG