Accessibility links

logo-print

საგანგებო კომისია აშშ-ის სპეცსამსახურების საქმიანობას აკრიტიკებს


აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ შექმნილმა საგანგებო კომისიამ მძაფრად გააკრიტიკა ამერიკის სპეცსამსახურების საქმიანობა.

გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში კომისია აღნიშნავს, რომ აშშ-ის სადაზვერვო უწყებებმა არაერთი სერიოზული შეცდომა დაუშვეს ერაყში ვითარების შეფასებისას - განსაკუთრებით კი ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა-არარსებობის საკითხში.

კრიტიკასთან ერთად საგანგებო კომისიის ანგარიშში გამოთქმულია არაერთი რეკომენდაციაც იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს, რომლის პოსტზეც ჯორჯ ბუშმა ჯონ ნეგროპონტეს კანდიდატურა წამოაყენა, უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს სადაზვერვო უწყებებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სახის უთანხმოება.

ჯორჯ ბუშმა გუშინვე განაცხადა, რომ იზიარებს დოკუმენტში გამოთქმულ წინადადებებს:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "კომისიამ გამაცნო თავისი რეკომენდაციები, რომლებიც გააზრებული და უაღრესად მნიშვნელოვანია. ძირითადი დასკვნა, რომელსაც ვეთანხმები, შემდეგია: ამერიკის სადაზვერვო სისტემა საჭიროებს ძირფესვიან გარდაქმნას, რათა წარმატებით გაუმკლავდეს 21-ე საუკუნეში არსებულ საფრთხეებს."

თავისი გამოსვლის შემდეგ ბუშმა ტრიბუნა დაუთმო კომისიის თანათავმჯდომარეებს, რესპუბლიკელ ლორენს სილბერმანსა და დემოკრატ ჩარლზ რობს. პირველი უწინ მოსამართლედ მსახურობდა, ხოლო მეორე სენატორი იყო. დღეს ორივე პენსიაზეა.

პირველი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც კომისიის თანათავმჯდომარეებს მოუხდათ, შემდეგი გახლდათ: როგორ შეიძლებოდა, აშშ-ის დაზვერვა ასე შემცდარიყო და ემტკიცებინა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი არა მარტო ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის დიდძალ არსენალს ფლობს, არამედ ბირთვული იარაღის შექმნაზეც წარმატებით მუშაობს? ერაყის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დასაწყებად ვაშინგტონი ხომ სწორედ ამ არგუმენტს იშველიებდა?!

ლორენს სილბერმანის თქმით, ამერიკელი მზვერავებმა ეს დასკვნა მოძველებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთეს.

[ლორენს სილბერმანის ხმა] "სადაზვერვო უწყებები ეყრდნობოდნენ ვარაუდებს, იმას, რაც მათ 1991 წელს ენახათ. და ამავე ვარაუდებზე დაყრდნობით განაგრძეს მოქმედება."

კიდევ ერთი საინტერესო კითხვა, რომლითაც ჟურნალისტებმა კომისიის თანათავმჯდომარეებს მიმართეს, ასეთი იყო: ხომ არ ცდილობდნენ სადაზვერვო უწყებების მესვეურები ის მთავრობისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ, რომელსაც მათგან თეთრ სახლში ელოდნენ? ამ კითხვას ჩარლზ რობმა გადაჭრით უარყოფითად უპასუხა.

სილბერმანს და რობს არაერთი შეკითხვა დაუსვეს ახლანდელ ვითარებაზე, კერძოდ ჩრდილოეთი კორეისა და ირანის ბირთვული პროგრამების შეჩერებასთან დაკავშირებულ ძალისხმევაზე. კომისიის თანათავმჯდომარეებმა ამ კითხვებს პასუხი ვერ გასცეს და განმარტეს, რომ ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
XS
SM
MD
LG