Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე თავდახმა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერზე


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი პარასკევ საღამოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს.

დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ანქვაბის საავტომობილო კორტეჟს ცეცხლი სოხუმის მახლობლად გაუხსნეს, ზუსტად იმ ადგილას, სადაც თვე-ნახევრის წინ ანალოგიური თავდასხმა განხორციელდა. წინანდელის მსგავსად, აფხაზთა პრემიერი არც ამჯერად დაშავებულა, დაიჭრა თანმხლები ორი პირი. სოხუმის ხელისუფლება თავდასხმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

ალექსანდრე ანქვაბის საავტომობილო კორტეჟს პარასკევ საღამოს დასახლება აჩადარასთან 21 საათსა და 50 წუთზე დაესხნენ თავს. როგორც ირკვევა, ორი თავდამსხმელი ავტომატური იარაღიდან ისროდა. დე ფაქტო პრემიერის დაცვამ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედები მიიმალნენ. მსუბუქად დაიჭრა ალექსანდრე ანქვაბის დაცვის წევრი, ხოლო ქართულ-აფხაზური ომის მონაწილე ვეტერანთა მოძრაობა ”ამცახარას” წევრი რომან გერია, მძიმე ჭრილობით, სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 28 თებერვლის თავდასხმის მსგავსად, თავდამსხმელთა სამიზნე, აფხაზთა პრემიერ-მინისტრი ანქვაბი, და მასთან მყოფი ვიცე-პრემიერი ლაკერბაია არ დაშავებულან. სოხუმელი ჟურნალისტი მანანა გურგულია ფიქრობს, რომ ალექსანდრე ანქვაბის ფიზიკური განადგურებით დაინტერესებულნი არიან ის კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც სოხუმის ახალმა ხელისუფლებამ შეავიწროვა:

[მანანა გურგულიას ხმა] “თვე-ნახევრის მანძილზე მეორე თავდასხმაა. პირველი იყო 27 თებერვლის ღამეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სავარაუდოდ, ეს იყვნენ ის კრიმინალური ელემენტები, რომლებსაც არ მოსწონთ ის პოლიტიკა და ის ქმედებები, რომლებსაც ახალი ხელისუფლება ახორციელებს.”(სტილიდაცულია)

აფხაზი ჟურნალისტისაგან განსხვავებული აზრი აქვს პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს. მას მიაჩნია, რომ ძლიერი პოლიტიკური ფიგურის, ალექსანდრე ანქვაბის, თავიდან მოცილებით, პირველ რიგში, რუსეთის სპეცსამსახურები არიან დაინტერესებულნი:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “ჩემი ღრმა რწმენით, ანქვაბზე თავდახმა ხდება რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით. არ აწყობს ძლიერი აფხაზეთი და უნდა სრული დესტაბილიზაცია სიტუაციის.”

გაძლიერებული აფხაზეთი კი, ქართველი ექსპერტის აზრით, აუცილებლად დაიწყებს საქართველოსთან საერთო ენის ძიებას. სწორედ ამის თავიდან აცილებას ცდილობს რუსეთი, - ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი. იგი კატეგორიულად გამორიცხავს მოსაზრებას ანქვაბის მიერ საკუთარ თავზე თავდასხმების დაგეგმვისა და ინსცენირების შესახებ. მართალია, აფხაზთა პრემიერს ამის უნარი შესწევს, მაგრამ ეს ალექსანდრე ანქვაბს არ სჭირდება, - მიაჩნია ზაქარეიშვილს. ასეა თუ ისე, სოხუმიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარე თვე-ნახევრის მანძილზე უკვე მეორედ გადაურჩა სიკვდილს. ბაღაფშის ხელისუფლება პირობას დებს, რომ დამნაშავეებს უახლოეს მომავალში მიაგნებს.
XS
SM
MD
LG