Accessibility links

უცხოეთის პრესა რევოლუციებზე ყოფილ საბჭოთა სივრცეში


გასულ კვირაში უცხოეთის პრესაში, ბუნებრივია, უამრავი პუბლიკაცია მიეძღვნა პოსტსაბჭოთა სივრცეში რევოლუციების გავრცელების თემას.

ამ კონტექსტში და არა მხოლოდ რევოლუციების კონტექტსში საქართველოც უცხოელ ჟურნალისტთა ინტერესის საგნად რჩება. ნინო გელაშვილი უცხოეთის პრესის მიმოხილვაში რამდენიმე პუბლიკაციაზე შეაჩერებს თქვენს ყურადღებას:

პოსტ-საბჭოთა სივრცეში რევოლუციების ანალიზის თვალსაზრისით საინტერესოდ მოჩანს ყოველდღიურ "უოლ სტრიტ ჯორნალში" 30 მარტს დაბეჭდილი სტატია სახელწოდებით "ლიბერტისტან". ავტორს - ლეონ არონს, რომელიც რუსეთის ექსპერტი გახლავთ, მიაჩნია, რომ თუკი ზოგიერთი ექსპერტის აზრით "არათავისუფალი დემოკრატიები" არსებობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს თავისუფლების წინა სტადიაში მყოფი დემოკრატიებიც და ასეთად საქართველო, უკრაინა და ყირგიზეთი უნდა იყოს მიჩნეული. ლეონ არონი წერს: "როგორც წესი, რევოლუციებს მოჰყვება ხოლმე უკუსვლა, შეფერხება და ჩიხური ვითარებები, ვიდრე რაიმე ახალი დაიწყებოდეს. თავისუფლებისწინა სტადიაში მყოფი დემოკრატიები წლების მანძილზე ავტორიტარიზმის პირობებში ცხოვრების შედეგად უსუსურ მდგომარეობაში იმყოფებიან. უამრავი სტრუქტურული პრობლემისა და სიღატაკის გამო არსებობს დიდი საფრთხე, რომ დემოკრატიის ეს მეორე ტალღაც უნაყოფო აღმოჩნდეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შემთხვევისა არ იყოს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ახალმა ლიდერებმა შეიძლება საკმარისად ხანგრძლივად ვერ გაუწიონ წინააღმდეგობა ავტორიტარიზმის ცდუნებას. საკმარისად ხანგრძლივად იმისათვის, რომ დემოკრატიის ტრადიციამ მყარად გაიდგას ფესვი. თუკი ასე მოხდება, მეორე ტალღას, მესამე და შესაძლოა, მეოთხეც მოჰყვეს, ვიდრე ამ ქვეყნების მოქალაქეები ღირსეული დემოკრატიის პირობებში იცხოვრებენ".

რევოლუციების გავრცელების და ამ პროცესში უკრაინის როლის შესახებ წერს 31 მარტის საინტერნეტო გამოცემა "ჯეინს ინტელიჯენს დაიჯესტი". ანალიტიკური სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ უკრაინა შეიძლება დემოკრატიული რევოლუციის რუსეთში იმპორტიორი გახდეს. პუბლიკაციაში სახელწოდებით "რუსეთი თანამეგობრობაში თავდაცვის პოზიციაში აღმოჩნდა: "უკრაინასა და ყირგიზეთში რევოლუციების შემდეგ რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში იძულებითი თავდაცვის პოზიციაში აღმოჩნდა. მოსკოვის გავლენა კიდევ უფრო შესუსტება და ეს სერიოზულ ზეგავლენას მოახდდენს კრემლის საგარეო პოლიტიკაზე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთის ახლო საზღვარგარეთად ითვლება".

ყოფილ საბჭოთა სივრცეში რევოლუციების ტალღის ყველაზე მეტად ამ ეტაპზე შუა აზიის ქვეყნებს ეშინიათ. მათი ლიდერები სხვადასხვა ზომებს მიმართავენ სახალხო ამბოხის თავიდან აცილებაში. 29 მარტის "ბიზნეს უიკი" წერს: "ახლო მომავალში ოპოზიციის დასაშოშმინებლად ეფექტიან საშუალებას ამ ქვეყნების ლიდერებისთვის რეპრესიების გამკაცრება წარმოადგენს. თუმცა, უფრო შორეულ მომავალში ამან შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს მდგომარეობა. უთანხმოების მიზეზს პოლიტიკური გაშეშება წარმოადგენს: საბჭოთა ეპოქის ლიდერებს ყირგიზეთში იქნება ეს თუ ბელორუსიაში, არ სურთ საკუთარი ნებით დათმონ ძალაუფლება. ეს კი ხელს უწყობს ოპოზიციას მოაწყოს ვარდების, ნარინჯისფერი, თუ ყვითელი რევოლუცია, მოსწონთ ეს თუ არა ელიტის უკომპრომისო წარმომადგენლებს, ან მათ მოკავშირეებს მოსკოვში".

რევოლუციების ხელშემწყობ მიზეზად ავტოკრატი ლიდერების სიჯიუტის გარდა "ფაინენშელ ტაიმსის" სტეფან ვაგსტილი ეუთოს მიიჩნევს. ის წერს: "საქართველოსა და უკრაინის მსგავსად ყირგიზეთში მოვლენათა განვითარებაშიც სავარაუდოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეუთომ, რომელიც არჩევნების მეთვალყურეობას უზრუნველყოფს. ეუთოს კრიტიკულმა ანგარიშებმა ანტი-სახელისუფლებო ძალები მნიშვნელოვანი არგუმენტებით შეაიარაღა", - წერს 26 მარტის "ფაინენშელ ტაიმსი".
XS
SM
MD
LG