Accessibility links

logo-print

მსოფლიო რომის პაპს გლოვობს


კვირას მთელი მსოფლიოს კათოლიკეები და, მათთან ერთად, სხვა კონფესიების წარმომადგენლები ეკლესიებსა და და ტაძრებში იკრიბებოდნენ,

რათა ეგლოვათ წინა საღამოს გარდაცვლილი რომის პაპი იოანე პავლე მეორე. როგორც იტალიის გაზეთები იუწყებიან, ბოლო სიტყვა, რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა სიკვდილის წინ წარმოთქვა, იყო სიტყვა "ამინ". რომში, წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს კი პაპის გარდაცვალება ამ ზარებმა შეატყობინა.

[წმიდა პეტრეს ტაძრის ზარები]

ამას მოჰყვა მონაზვნების "მაგნიფიკატი" პაპის ხსოვნის საპატივცემულოდ.

[გალობს მონაზონთა გუნდი]

წმიდა პეტრეს მოედანს ტაშის ტალღამ გადაუარა - რომაელებმა და იტალიის სხვადასხვა კუთხიდან თუ უცხოეთიდან იქ ჩასულმა ადამიანებმა ასე გამოხატეს თავიანთი პატივისცემა პონტიფიკის მიმართ. მორწმუნეთაგან ბევრს თვალებში ცრემლები ედგა, ბევრიც ხმამაღლა ქვითინებდა.

კვირას დილით მოედანზე ასი ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი, რათა პაპის ხსოვნისადმი მიძღვნილ მესას - რექვიემს დასწრებოდნენ.

[რექვიემი]

ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ორშაბათიდან იოანე პავლე მეორის ცხედარი წმიდა პეტრეს ტაძარში იქნება დასვენებული, რათა მორწმუნეებმა და ფართო საზოგადოებამ მასთან გამოთხოვება შეძლონ. საჯარო პანაშვიდები ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართება.

პაპის მშობლიურ პოლონეთში პანაშვიდების მოწყობა კვირას, დილიდანვე დაიწყეს. ქალაქ ვოდოვიცეში, სადაც რომის პაპი - საერო სახელით კაროლ ვოიტილა - დაიბადა, ხალხი დილიდან მიაწყდა ეკლესიებს.

[ატირებული ქალის ხმა]

როცა ეს ამბავი შევიტყე, ლაპარაკის უნარი დავკარგეო, ამბობს პაპის თანაქალაქელი ეს ხნიერი ქალი.

სამხრეთი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში კი ახალგაზრდა ქალმა, რენატა იანოჩიაკმა, რომელსაც რადიო "თავისუფლება" გაესაუბრა, ასე ახსნა პაპის პიროვნების მნიშვნელობა პოლონელი ხალხისთვის:

[რენატა იანოჩიაკის ხმა] "ეს დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახდენი მოხდა. ამ კვირამ ბევრი გვასწავლა რელიგიური თვალსაზრისით და ყველამ ვიგრძენით, რომ ღმერთის ნება აღსრულდა. და სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ 21-ე საუკუნის ქრისტიანებისთვის."

მთელი მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთების საკვირაო გამოცემები პირველ გვერდებს პაპის გარდაცვალების ამბავს უთმობენ. "პაპი, რომელმაც სამყარო შეცვალა", "ყველა ადამიანის პაპი", "მსოფლიო რომის პაპს გლოვობს" - ასეთი სათაურებით იბეჭდება პაპის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტატიები.

პაპის გავლენა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე მართლაც განუზომელია. პონტიფიკატის თითქმის 27 წლის მანძილზე იოანე პავლე მეორემ უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპაში კომუნიზმის ნგრევის საქმეში. თუმცა, მისი ნაღვაწის შედეგს მხოლოდ ევროპაში როდი ვხედავთ, მის გავლენა აშკარაა ლათინურ ამერიკასა თუ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში...

ბრაზილიელმა კარდინალმა, სან პაულუს არქიეპისკოპოსმა კლაუდიუ უმეშმა, რომელსაც პაპის პოსტის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევენ, ასე შეაფასა იოანე პავლე მეორის მოღვაწეობა:

[კარდინალ კლაუდიუ უმეშის ხმა] "ეკლესია დიდად დამწუხრებულია პაპის დაკარგვით, რადგან ის დიდი პაპი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო პაპი. ყოველი ჩვენგანისთვის იყო ნიმუში მწყემსისა, უმწიკვლო და ბრძენი ადამიანისა, რომელმაც თავისი სიცოცხლე ადამიანთა სამსახურს მიუძღვნა - ადამიანებისა, რომლებსაც ასე უყვარდათ იგი და ასე უნდოდათ, მასთან ახლოს ყოფილიყვნენ."

იოანე პავლე მეორის პონტიფიკატის პერიოდში ვატიკანმა მხარი დაუჭირა ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმებების გაფორმებას. პაპის სამშვიდობო ძალისხმევის გათვალისწინებით აღარავის გაჰკვირვებია, რომ მის გარდაცვალებას მწუხარებით შეხვდნენ როგორც ერთ, ისე მეორე ბანაკში. აი, რა თქვა, მაგალითად ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა.

[არიელ შარონის ხმა] "ისრაელის მთავრობისა და ისრაელის სახელმწიფოს სახელით ნება მიბოძეთ, ღრმა მწუხარება გამოვთქვა იოანე პავლე მეორის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა ისრაელის სახელმწიფოში და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ მილიონობით ქრისტიანს. რომის პაპი იყო მშვიდობის იდეის ერთგული ადამიანი და ებრაელი ხალხის მეგობარი. იგი აღიარებდა ამ ხალხის უნიკალურობას. 1993 წელს მან გააკეთა ყველაფერი ისრაელისა და ვატიკანის ისტორიული შერიგებისა და მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის."

რადიო "თავისუფლებამ" ინტერვიუ ჩამოართვა არა მარტო ქრისტიანებსა და ებრაელებს, არამედ სხვა სარწმუნოებათა წარმომადგენლებსაც. ტაჯიკეთის ოპოზიციური "ისლამური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჰექმათულა საიფულაზადამ სატელეფონო საუბარში მაღალი შეფასება მისცა პაპის საშუამავლო მოღვაწეობას:

[ჰექმათულა საიფულაზადას ხმა] "უზარმაზარი იყო მისი გავლენა სოციალური ცხოვრების მრავალ ასპექტზე. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ორ ცივილიზაციას შორის დიალოგის დაწყებისა და თანამშრომლობის საქმეში. ჩემი აზრით, ყველა, ვინც მოწმე იყო მისი ამ ძალისხმევისა, იმედოვნებს, რომ პაპის დაწყებულ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს მისი მემკვიდრე."

ამ ორიოდე წლის წინათ იოანე პავლე მეორე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ერაყში სამხედრო კამპანიის დაწყებას. ამ თვალსაზრისით იგი ვაშინგტონისა და მისი მეცადინეობით შექმნილი ე.წ. "მოსურნეთა კოალიციის" მძაფრ კრიტიკოსად მოგვევლინა. მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუშურებია აღტაცების სიტყვები პაპის პიროვნებისა და მოღვაწეობის მისამართით.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "პაპი იოანე პავლე მეორე წარმოადგენდა შთაგონების წყაროს მილიონობით ამერიკელისთვის და კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში. ჩვენ მუდამ გვემახსოვრება თავმდაბალი, ბრძენი, უშიშარი მოძღვარი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მორალურ ლიდერად მოგვევლინა. მადლობას ვწირავთ ღმერთს იმისთვის, რომ ასეთი კაცი მოგვივლინა - პოლონეთის შვილი, რომელიც ჯერ რომის ეპისკოპოსი გახდა, საბოლოოდ კი ადამიანთა ხსოვნაში საუკუნეთა მანძილზე გმირად დარჩება."

ჯორჯ ბუში მსოფლიოს 200-მდე სახელმწიფოს ლიდერთა შორის იქნება, რომლებიც პაპის დაკრძალვას დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG