Accessibility links

logo-print

ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის განზრახ მოწამვლის დამადასტურებელი ნიშნები აღმოჩენილი არ არის. ამ ორი ადამიანის გარდაცვალების

მიზეზი ნახშირჟანგით ინტოქსიკაციაა, რაც, თავის მხრივ. შემთხვევის ადგილას არასწორად დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა განაპირობა. - ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების დასკვნა. პარასკევს ჟურნალისტებს ის გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ გააცნო, კავკასიის რეგიონში FBI -ის წარმომადგენელ ბრაიამ ფარმანთან ერთად. გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა უმნიშვნელო ცდომილებით ემთხვევა საქართველოს საგამოძიებო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას.

ცდომილება გარდაცვლილების სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის შემცველობას ეხება. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს, იმავე FBI -ს, ექსპერტიზის მონაცემებით:

[გიორგი ჯანაშიას ხმა] “ბატონ ჟვანიას სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინის კონცენტრაცია 72 პროცენტის, რაულ იუსუპოვის სისხლში - 74 პროცენტის შემადგენლობით. “

FBI -ს დასკვნის ეს და სხვა მონაცემები ჟურნალისტებს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ გააცნო. შეგახსენებთ საქართველოს საგამოძიებო ექსპერტიზის ნაციონალური ბიუროს საბოლოო დასკვნას, რომელიც თავის დროზე ამ ბიუროს ხელმძღვანელმა ლევან სამხარაულმა წარმოგვიდგინა:

[ლევან სამხარაულის ხმა] “ბატონ ზურაბ ჟვანიას სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის შემცველობა არის 60, 6 პროცენტი, იუსუპოვის სისხლში - 73, 9 პროცენტი. ამდენად, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სიკვდილის მიზეზი არის ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია. “

ეროვნული ექსპერტიზის დასკვნის გახმაურებამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ეს არის უბედური შემთხვევა, ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი, მე თვითონ ვიყავი შემთხვევის ადგილას. იმ ოთახში იყო დამონტაჟებული ირანული გაზქურა. “

ეს განცხადება ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების ფაქტის გახმაურებისთანავე გაკეთდა , რის გამოც ვანო მერაბიშვილი გამოძიებისთვის მიმართულების კარნახში დაადანაშაულეს. რა იყო სინამდვილეში, შეცდომა თუ შეცდომაზე მეტი, ფაქტია, რომ 3 თებერვლის ტრაგიკული შემთხვევისადმი ხელისუფლების და სამართალდამცავების უცნაურად არაპროფესიონალურმა დამოკიდებულებამ საზოგადოებაში სერიოზული ეჭვები ააგორა და დატოვა კიდეც. არადა, ამერიკელი სპეციალისტებიც ირწმუნებიან, რომ ბინაში, სადაც ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი გარდაიცვალნენ, გაზის გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული: მას აკლდა სათანადო ვენტილაციის სისტემა და შესაძლებელი იყო ნამწვავის უკან, ბინაში, შებრუნება. გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების სპეციალურმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ასეთი გამათბობლის ჩართვიდან საათ-ნახევარში ჰაერში ჟანგბადის შემცველობა 18, 4 პროცენტამდე უნდა ჩამოსულიყო, ამერიკული სტანდარტებით კი, სიცოცხლისთვის სახიფათო ჰაერში ჟანგბადის 19 პროცენტიანი შემცველობაა.

“ მთელი კვლევის პროცესში არ გამოვლენილა არაფერი ისეთი, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს მთავრობის თავდაპირველ დასკვნასთან. ჟვანიას და იუსუპოვის სიკვდილი განაპირობა გაზის გამათბობლის მოქმედებამ. “ - ასეთია FBI –ს დასკვნა, რომელშიც სერიოზული ეჭვი შეაქვს დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს:

[მაია ნიკოლეიშვილის ხმა] “აქ რომ სხვა არაფერი იქნებოდა, დარწმუნებული ვიყავი. მქონდა კიდეც შეხვედრა საელჩოში და ვთქვი, რომ ასეთ საქმეში პოლიტიკური მხარდაჭერა არ შეიძლება. გააკეთეს და რა ვუყო. “

ასე რომ, FBI -ს დასკვნას ნიკოლეიშვილი საქართველოს მთავრობისადმი პოლიტიკურ მხარდაჭერად განიხილავს. ამ დასკვნის არსებობა კი გამოძიების დასრულებას არ ნიშნავს. საქმე გრძელდება და დგინდება, ვინ დაამონტაჟა სიკვდილის მომტანი გამათბობელი.
XS
SM
MD
LG