Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძანება, რომელიც ოფიციალურად არავის უნახავს, თუმცა ყველას საბჭოთა წარსული გაახსენა


ამ კვირის ქართულ პრესაში გამოქვეყნდა რამდენიმე პუბლიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ბრძანების თაობაზე.

საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ამირან მესხელის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაზე, რომელიც უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან უწყების ყველა თანამშრომლისა და მათი ოჯახების წევრთა ურთიერთობის წესებს განსაზღვრავს.
ბრძანების შინაარსი ჟურნალისტებმა შეიტყვეს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, რომლებიც განკარგულებას ანტიკონსტიტუციურად აფასებენ.

შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროები, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, ერთ უწყებად, საბოლოოდ, თებერვლის მიწურულს გაერთიანდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწოდა. პარლამენტში ამ საკითხის განხილვისას რამდენიმე დეპუტატი სერიოზულ ეჭვს გამოთქვამდა, რადგან არც უწყების რეფორმირების გეგმა იყო ცნობილი და არც ის, თუ სად გადის ზღვარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასა და პოლიციის ფუნქციებს შორის. დაინტერესებულ ოპოზიციონერ დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობა იმით ამშვიდებდა, რომ სამინისტროს ფუნქციებს პოლიციის შესახებ ახალი კანონი და უწყების რეფორმირების პროგრამა დააკონკრეტებდა. მიუხედავად ხელისუფლების არგუმენტებისა, გაერთიანებულ სამინისტროში არსებულ ტენდენციაზე ჯერ კიდევ თებერვალში საუბრობდა რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,ასეთი ორი სამინისტროს შერწყმა განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც იმყოფება დღეს საქართველო, ძალიან სახიფათოა, ვინაიდან, ჩემი ინფორმაციით, - და არა მხოლოდ ჩემი ინფორმაციით, -პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ამ სამინისტროში, დღეს მას შეგვიძლია პირობითად სუკიზაციის ან კაგებიზაციის პროცესი ვუწოდოთ.” (სტილი დაცულია)

ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, შესაძლოა, იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ოც იანვარს გაცემული ბრძანება, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი აწერს. მისი საიდუმლო განკარგულების შინაარსი ჟურნალისტებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შეიტყვეს. მათ შორისაა პაატა ზაქარეიშვილი, რომლის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის გაცემული ბრძანება ორი ნაწილისგან შედგება. პირველი უცხოელების მიღებისა და გასტუმრების წესს განსაზღვრავს, მეორე კი უწყების თანამშრომლებისა და მათი ოჯახების წევრებისთვის უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან ურთიერთობის წესებს ადგენს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ,, იქ არის ძალიან მკაცრად განსაზღვრული, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რა ვითარებაში ხვდება უცხოელს: თუ დაგეგმილი შეხვედრაა, როგორ იქცევა, თუ დაუგეგმავია, როგორ იქცევა, თუ საზღვარგარეთ მიემგზავრება, როგორ იქცევა. თუ მისი მეუღლე და ოჯახის წევრები მიემგზავრებიან და კონტაქტი აქვთ უცხოელებთან, როგორ იქცევიან. ყველაფერი ეს დადის იქამდე, რომ მათი ქცევა არის ანგარიშვალდებულება თავისი უფროსისა და, საბოლოო ჯამში, ამირან მესხელის წინაშე.” (სტილი დაცულია)

პაატა ზაქარეიშვილი ანტიკონსტიტუციურს უწოდებს იმას, რომ ყველას, ვისაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო განკარგულება შეეხება, უფლება აქვს ფარულად ჩაიწეროს უცხოელებთან ნებისმიერი საუბარი. ექსპერტი განმარტავს, რომ გარკვეული შეზღუდვები, შესაძლოა, მოქმედებდეს მხოლოდ დაზვერვის წარმომადგენლების და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმეათასიანი შემადგენლობისთვის:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ,,ფაქტიურად, უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაერთიანებით მივიღეთ დიდი უშიშროების სამინისტრო. ნებისმიერი უცხოელისგან შეგიძლია მოიპოვო საინტერესო ინფორმაცია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ბერიას დროს იყო ასეთი რაღაცეები, მგონი, იმის დროსაც არ იყო ასეთი მკაცრი.” (სტილი დაცულია)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო განკარგულების თაობაზე ჟურნალისტებისგან შეიტყო ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ. ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, დეპუტატებს საიდუმლო დოკუმენტის შინაარსის გაცნობის უფლება აქვთ. ელენე თევდორაძე ამბობს, რომ ბრძანებით დაინტერესდება, თუმცა განგაშის საფუძველს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხედავს:

[ელენე თევდორაძის ხმა] ,,მაინტერესებს, საერთოდ, თუ არის მსოფლიო პრაქტიკაში, აი, ევროპის ქვეყნების პრაქტიკაში. მაშინ ჩვენ პიონერები არა ვართ, ხო, თუ ყველგან არის ასე. მაგრამ, თუ ჩვენ ვართ პიონერები ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ავტეხოთ ამაზე განგაში.” (სტილი დაცულია)

ამ შემთხვევაში საქართველო პიონერობას ვერ დაიჩემებს, თუნდაც იმიტომ, რომ არცთუ შორეულ წარსულში ჩვენს ქვეყანაში მსგავსი დირექტივები იშვიათობას არ წარმოადგენდა. რაც შეეხება ევროპულ პრაქტიკას, ბრიტანელი ან ფრანგი პოლიციელების მეუღლეებს უცხოელებთან ურთიერთობას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები არ ასწავლიან.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG