Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა, წინა კვირებისგან განსხვავებით, ნაკლებად იყო გაჯერებული კონფლიქტებითა და


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირა, წინა კვირებისგან განსხვავებით, ნაკლებად იყო გაჯერებული კონფლიქტებითა და კოლიზიებით. არ მოუხსნიათ მაღალი თანამდებობის არც ერთი პირი.

დაპატიმრებით კი დააპატიმრეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ჩინოსნები, თუმცა არა ისინი, რომელთა ციხეში ნახვის სურვილს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ კიდევ იანვარში გამოთქვამდა. გასული კვირის დასაწყისში პრესა სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა ყველაზე ცოცხლად. ქართული პრესის მიმოხილვასაც სწორედ ამ ფაქტის გაშუქებით დავიწყებთ.


“ოქრუაშვილის რევანში”, “პროკურატურამ გია ბარამიძის კადრების დასჯა დაიწყო”, “კონფლიქტი ისევ ღვივდება”, “ბარამიძე სკანდალში” – ყველა ეს სათაური თუ ქვესათაური ეკუთვნის ერთ გაზეთს, “ახალ ვერსიას”, სადაც ვკითხულობთ:“დაკავებულია ბარამიძის მინისტრობის დროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ზურაბ ხუციშვილი და ლოჯისტიკის ინსპექტორი გიორგი ხულოშვილი. ორივე მათგანი ბარამიძის კადრად ითვლებოდა. მათ სამშენებლო სამუშაოების არასათანადოდ ჩატარებასა და ფულის მითვისებას ედავებიან. ორი მინისტრის დაპირისპირება დროებით დაკონსერვდა, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, ამ დღეებში ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უახლოეს მომავალში უფრო გაღრმავდება.” ამავე წერილში გაზეთი აღნიშნავს, რომ “ოქრუაშვილი, რამდენიმე თვეა, ლაპარაკობს გიორგი ბარამიძის მინისტრობის პერიოდში უხარისხოდ გარემონტებულ ყაზარმებზე და არც ერთხელ არ გახსენებია შინაგანი ჯარების ყაზარმების მდგომარეობა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.”


ვისი ბრალია უდენობა – ზვავის თუ გილაურის? – კითხულობდა გასულ კვირაში გაზეთი “ახალი თაობა”. “ენერგეტიკის მინისტრი გილაური და მთელი მთავრობა ცდილობენ აუხსნან მოსახლეობას, რომ ენერგოკრიზისი გამოიწვია ზვავმა, თუმცა ეს კონკრეტული რამ საზოგადოებისთვის არაფრის მთქმელია. საზოგადოება იხდის ფულს იმაში, რომ ჰქონდეს დენი და არა იმაში, რომ გაერკვეს ენერგეტიკის სპეციფიკაში. მოსახლეობამ იცის, რომ პრობლემა არა რუსეთში, არამედ საქართველოშია. ლოგიკურია, რომ ხალხს არ სჯერა სააკაშვილის. მათ აქვთ მყარი არგუმენტი: როგორ ახერხებდა შევარდნაძე კორუფციის ფონზე მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას და როგორ ვერ ახერხებს იგივე სააკაშვილი, რომელმაც “კორუფცია მოსპო”. უარესი მდგომარეობაა აჭარაში, სადაც, სანამ აბაშიძე იყო სათავეში, ბათუმს დენის პრობლემა არ ჰქონია, “რევოლუციის” შემდეგ კი გაირკვა, რომ უამრავი პრობლემის გამო ენერგოკრიზისის დაძლევა შეუძლებელია,” – ასრულებს გაზეთი “ახალი თაობა”.


ირაკლი ალასანია ქართულ დელეგაციას აღარ უხელმძღვანელებს. ჟენევაში მოლაპარაკებაზე სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა გაემგზავრება. სერგეი ბაღაფშმა მორიგ წარმატებას მიაღწია, – წერს გაზეთი “ხვალინდელი დღე”. “ბაღაფშისა და კოკოითის მოსკოვში ვიზიტის დროს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოწესრიგების გეგმა შემუშავდა, რომელსაც სოხუმი და ცხინვალი უახლოეს მომავალში თბილისს წარუდგენენ. გეგმის მიხედვით, სოხუმი და ცხინვალი თბილისს ფედერალიზმის პრინციპებზე დაფუძნებული, თანასწორუფლებიანი სუბიექტებისაგან შემდგარი, ერთიანი სახელმწიფოს შექმნას შესთავაზებენ. ბაღაფში ირწმუნება, რომ გაეროს ეგიდით 7-8 აპრილს ჟენევაში დაგეგმილ ქართულ-აფხაზურ შეხვედრაზე მხარეების მიერ რაიმე დოკუმენტის მიღება გათვალისწინებული არ არის. აფხაზეთის საქართველოში გაერთიანების შესაძლებლობა ბლეფია, – აცხადებს ბაღაფში. მისი თქმით, თუკი ქართველმა პოლიტიკოსებმა აფხაზეთის საზოგადოებაში არსებული რეალური განწყობის შესახებ არაფერი იციან, ამ საკითხებთან დაკავშირებით არც განცხადებები უნდა გააკეთონ.”


საქართველოსკენ ყაზახური გაზი და ნავთობი წამოვა, ყაზახეთი კი ქართული ჩაით, ღვინითა და ფორთოხლითაა დაინტერესებული, – აუწყებს მკითხველს გაზეთი “რეზონანსი”. “ყაზახეთიდან ერთი მილიარდი კუბური მეტრი აირის მიღებას უნდა ველოდოთ. მისი იმპორტი მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. საქართველოსა და ყაზახეთს შორის უკვე არსებობს ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, რომელიც, პირველ რიგში, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ნაზარბაევის თქმით, ყაზახეთი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობით და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით.”


რას მოითხოვენ სომხური ნაციონალური ორგანიზაციები? – ასეთი სათაური აქვს გაზეთ “ახალ 7 დღეში” გამოქვეყნებულ წერილს. “ახალქალაქში ცხოვრება ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს, – წაიკითხავთ გაზეთში. – ჯავახეთში ახალი ნაციონალისტური ორგანიზაციები იქმნება, მაგალითად, “ახალი ჯავახკი”, რომლის წევრები, ძირითადად, ძალიან აგრესიული ახალგაზრდები არიან.მათ კი უფროსი ჯავახკელები და ვირქელები არაპირდაპირ, მაგრამ საკმაოდ აქტიურად თანაუგრძნობენ. რუსულ ბაზაზე მომუშავეთა პრობლემა კიდევ ერთ წვეთს უმატებს მოთმინების ფიალას. ამ უკანასკნელთ არ სჯერათ ხელისუფლების დანაპირების, რომ მათი დასაქმება აუცილებლად მოხდება, მით უმეტეს, დანარჩენ საქრთველოში მიმდინარე შემცირებებისა და უმუშევრობის მატების ფონზე.”


იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული გია გეწაძე, არაოფიციალური ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო კაბინეტს ორშაბათიდან ოფიციალურად დატოვებს, – ამტკიცებს გაზეთი “24 საათი”. გია გეწაძის გადადგომის შემდეგ ქუთაისში ახლად შექმნილი მერიის კაბინეტის მორიგ ცვლილებასაც წინასწარმეტყველებენ. “24 საათისთვის” მიცემულ კომენტარში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საიდუმლოდ არ მიიჩნევს იმას, რომ ლაპარაკია გია გეწაძის თბილისში გადასვლაზე. პარლამენტის სპიკერი და იმერელი დეპუტატები ღიად მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ამჯერად იმერეთის გუბერნატორი ქუთაისელი იქნება. დასახელებულ კანდიდატებს შორის ამ პირობას მხოლოდ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსი დავით ჯავახაძე აკმაყოფილებს. სხვა კანდიდატებად შეიძლება მიჩნეულ იქნენ პარლამენტის წევრები დავით კირკიტაძე და ბეჟან ბუცხრიკიძე.


იმავე “24 საათში” ასეთ ფაქტსაც შეიტყობთ: 30 მარტს აზერბაიჯანის საზღვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსულ ლაგოდეხის მკვიდრს, დავით კოჭლამაზაშვილს, ფინანსური პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს. ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ჩხუბის მიზეზი 20 ლიტრი საწვავი გახდა, რომელიც დავით კოჭლამაზაშვილს მანქანის საბარგულში აღმოაჩნდა. ფინანსური პოლიციის რეგიონული სამმართველოს უფროსი ზურაბ ბეჟანიშვილი კი თავს იმით იმართლებს, რომ “რაღაც ინციდენტი კი მოხდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია. რაც შეეხება კოჭლამაზაშვილს, ის კონტრაბანდისტია”.

გაზეთი “ალია” ცდილობს ჩასწვდეს სომხეთის პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის, საქართველოში არაოფიციალური ვიზიტის მიზეზებს. “ალია” ვარაუდობს, რომ ლაპარაკი იქნება ახალქალაქის შესახებ და პრეზიდენტი კოჩარიანი პრეზიდენტ სააკაშვილს ახალქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზის დატოვებას ურჩევს. “რა მოხდება, თუ თბილისი უარს იტყვის? გაგრძელდება ქუჩის აქციები და ღიად დაიწყება იმის დაფიქსირება, რომ ჯავახეთი ცალკე ავტონომიაა. თბილისს შეუძლია ერევანს ერთადერთი სახმელეთო დერეფანი ჩაუკეტოს და მაშინ სომხეთი ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცევა. მაგრამ ამ შემთხვევაში სომხეთი ელექტროენერგიას გაგვითიშავს,” - ჭვრეტს მომავალს გაზეთი “ალია” და დასძენს: “ახალქალაქის ბაზამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყარაბახის კონფლიქტში. მაშინ იარაღი, ფინანსები და ჯარი სწორედ აქედან შედიოდა ყარაბახში. ამ წერტილის აღებით აზერბაიჯანს დაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად შანსები ეზრდება. რთული ენერგოკრიზისიდან გამოყვანას საქართველოს აზერბაიჯანი ჰპირდება. შეტევებისთვის, როგორც ამბობენ, საქართველოც ემზადება - ცხინვალი, აფხაზეთი, ახლა უკვე ჯავახეთიც” - აი, ასეთია გაზეთ “ალიას” ხედვა.
XS
SM
MD
LG