Accessibility links

logo-print

საოკენო სანაოსნო ”საპრივატიზებო მარათონში” მეორეჯერ ჩაება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ხატოვნად ”საპრივატიზებო მარათონად” შეფასებული მსხვილი ობიექტების განსახელმწიფოებრიობის პროცესი საქართევლოში, როგორც ჩანს, მართლაც, მარათონის სახეს იღებს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ”საოკენო სანაოსნოს” მეორედ ყიდის. პირველი ”ფალშ სტარტის” შემდეგ გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ამ ობიექტის ახალი მფლობელი გამოცხადდა. სანაოსნოს პრივატიზების თემა იმთავითვე მედიის ცხოველი განსჯის საგანი გახლდათ და ეს ყურადღება ამ პროცესს, ბუნებრივია, არც ამჯერად მოჰკლებია.

მთავრობამ უკვე მესამედ და, იმედია, უკვე საბოლოოდ, შ.პ.ს. ”საოკეანო სანაოსნოს“ ახალი მფლობელი - ბრიტანული კომპანია ”მერინ ქეფითალი“- გამოაცხადა.
რაც შეეხება ძველ მფლობელს თუ პრეტენდენტს, ასევე ბრიტანულ ”არმსტრონგ ჰოლდინგს”, პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ ამ კომპანიასთან კონტრაქტი შეწყვიტა, ვინაიდან მის მიერ წამოყენებული პირობები საქართველოს მთავრობისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.
”ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ”არმსტრონგ ჰოლდინგთან“ გაგვეწყვიტა ურთიერთობა და ხელშეკრულება გავაფორმეთ ახალ კომპანია ”მერინ ქეფითალთან“, რომელიც ”საოკეანო სანაოსნოში“ 93 მლნ. დოლარს გადაიხდის“, - აცხადებს ნოღაიდელი.
მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა იმ რისკზე ვერ წავიდოდა, რასაც ”არმსტრონგ ჰოლდინგი“ სთავაზობდა და კონტრაქტი მასთან ამიტომ გაწყვიტა. ანუ ხელისუფლებამ თავად აღიარა, რომ სანაოსნოს ირგვლივ ატეხილი ”ოპოზიციური ყიჟინა” და გარკვეული ბუნდოვანება მთლად საფუძველს მოკლებული არ ყოფილა.
მაინც რა პირობა დაარღვია ”არმსტრონგ ჰოლდინგმა”? თავდაპირველი ინფორმაციით, ”არმსტრონგ ჰოლდინგი“ მზად იყო პირველ ეტაპზე ”საოკეანო სანაოსნოს" მთლიანი ღირებულების 50 პროცენტი გადაეხადა და ამის შემდეგ მთავრობას მის მფლობელობაში სრულად უნდა გადაეცა ”საოკეანო სანაოსნო“. როგორც ირკვევა, კომპანიას საქართველოს მთავრობის ანგარიშზე არც ერთი ცენტი არ გადმოურიცხავს.
ნოღაიდელის განმარტებით, ”მერინ ქეფითალი“ ”არმსტრონგ ჰოლდინგზე“ უკეთეს წინადადებებს გვთავაზობს და უფრო მეტ ფასსაც იხდის. თუმცა თავის დროზე საკონკურსო პირობად ჩაიდო პრეტენდენტის მიერ დეპოზიტზე გარკვეული თანხის დადება, რაც გარიგების პირობების დაცვის ერთ-ერთ გარანტიად უნდა ქცეულიყო, დღეს მთავრობა აღიარებს, რომ ”არმსტრონგ ჰოლდინგს” საქართველოს სასარგებლოდ სადეპოზიტო თანხა არ დაუდვია. მას არც მემორანდუმის პირობების შესრულებაზე აუტკიებია თავი და, როგორც ჩანს, პირიქით, ულტიმატუმსაც აყენებდა.
ეკონომიკის მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, ”არმსტრონგ ჰოლდინგთან” სანაოსნოს გასხვისების თაობაზე ხელშეკრულება არ გაფორმებულა და, შესაბამისად, ქართული მხარე უფლებამოსილი იყო მასთან გარიგება დაერღვია და ამისათვის მთავრობას არანაირი საჯარიმო სანქცია არ ემუქრება. ახალი გარიგებით კმაყოფილია სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძეც, თუმცა მას არც ”არმსტრონგ ჰოლდინგის” მიმართ ექნებოდა პრეტენზიები, ამ კომპანიას ”მთავრობასთან თამაში რომ არ დაეწყო”.
[კახა ბენდუქიძის ხმა] “გარიგება ნორმალურია. როცა ფული მთლიანად შემოვა, მაშინ საბოლოოდ დავკმაყოფილდებით. “არმსტრონგ ჰოლდინგზე” რომ გაყიდულიყო, ისიც ნორმალური იყო, უბრალოდ, რომ არ დაეწყო თამაში ჩვენთან.”(სტილი დაცულია)
სანაოსნოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ოპოზიციას ნიშნის მოგების საფუძველი მისცა. ამ თემასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად, ტრადიციულად, ”მემარჯვენეები” აქტიურობენ, რომლებიც ირონიულად შენიშნავენ, რომ პატიოსანი მთავრობა ამ სიტუაციაში ავტომატურად გადადგებოდა. ”ახლებს”, ჩვენს შემთხვევაში, ამის იმედი, ბუნებრივია, არა აქვთ, თუმცა ისინი ხელისუფლებისაგან ელემენტარულ ბოდიშზეც ყაბულს იქნებიან. ”საოკეანო სანაოსნოს” გაჭიანურებული ”ოდისეით” არც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილია აღფრთოვანებული, თუმცა, ოპოზიციისაგან განსხვავებით, ის, ტრადიციულად, თავშეკავებულია.
[ნიკო ლეკიშვილის ხმა] “შეიძლებოდა ეს პროცესი დასრულებულიყო თავის დროზე და ჩვენ ეს ერთი თვე, თვე-ნახევარი არ გვეწვალა, ფაქტიურად, ხელახალი კონკურსის ჩატარებაზე. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სანაოსნოს კონკურსი შეიძლებოდა, რბილად რომ ვთქვათ, უკეთ ჩატარებულიყო.”(სტილი დაცულია)
მთავრობის წევრების განმარტებით, ”საოკენო სანაოსნოს” ახალი მფლობელი ”მერინ ქეფითალი” აპრილის ბოლომდე დაფარავს სრულ თანხას. იგი ასევე დებს მეზღვაურებისათვის სამუშაო ადგილების გარკვეული ვადით შენარჩუნების პირობას და განავითარებს ინფრასტრუქტურას, თუმცა ხელისუფლება წინა შეცდომისაგან თავს იზღვევს და ”მერინ ქეფითალისაგან” ობიექტის ღირებულების 10%-ს დეპოზიტზე წინასწარ ითხოვს. აღმოჩნდება თუ არა ეს გარიგება სანაოსნოს ”საპრივატიზებო მარათონის” საფინიშო ეტაპი, ეს აპრილის ბოლოს თანხის სრულად ჩარიცხვის შემთხვევაში გაირკვევა.
XS
SM
MD
LG