Accessibility links

logo-print

ვატიკანი რომის პაპის მემკვიდრეს ტრადიციიის სრული დაცვით აირჩევს


რომის კათოლიკურმა ეკლესიამ საუკუნეების წინ ჩაუყარა საფუძველი რომის პაპის არჩევის მრავალგანზომილებიან ტრადიციას, რასაც ვატიკანი იოანე პავლე მეორის

გარდაცვალების გამო რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ მიუბრუნდება. როგორც რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ჯონ ჰილი იუწყება, იოანე პავლე მეორეს, სხვა პაპებისაგან განსხავებით, არაჩვეულებრივად შეეძლო გავლენის მოხდენა მემკვიდრის არჩევაზე.

პაპის არჩევის საგულდაგულოდ შემუშავებული ტრადიცია რამდენიმე სეგმენტისაგან შედგება. პირველ ყოვლისა, პაპის სიკვდილი უნდა დაადასტუროს კარდინალთა კოლეგიამ, უმაღლესმა ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია აირჩიოს ახალი პაპი. ეს კი ტრადიციულად ასე ხდება: კოლეგიის ხელმძღვანელი დგება პაპის სხეულთან და წარმოთქვამს პონტიფიკის სახელს. როცა პასუხი არ არის, პაპი გარდაცვლილად ცხადდება. ამის შემდეგ პაპის ცხედარს დაასვენებენ ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, სადაც სამგლოვიარო ცერემონია 9 დღეს გრძელდება.

გარდაცვალებიდან 15 ან 20 დღის განმავლობაში კარდინალთა კოლეგია ახალი მემკვიდრის ასარჩევად იკრიბება. მოცემულ შემთხვევაში ახალი პაპის არჩევის შესაძლო თარიღი ან 15 აპრილი იქნება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, 22 აპრილი.

როგორც ამერიკელმა კარდინალმა, ვაშინგტონის არქიეპისკოპოსმა თეოდორ მაკკერიკმა ჟურნალისტებს უთხრა, ახალი პაპის არჩევა კარდინალებისათვის დიდი პატივიცაა და შიშის მომგვრელი პასუხისმგებლობაც:

[თეოდორ მაკკერიკის ხმა] ”მინდოდა მეხმარა სიტყვა ”საშიში”, მაგრამ ეს არის შესაფერისი სიტყვა. ეს არის ძალიან დამაბნეველი, შემაშინებელი რამ. თქვენ ამისთვის უნდა მოემზადოთ, ასე რომ, მე თქვენი ლოცვა მჭირდება.”

ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის უფროსი, პროფესორი ჩესტერ გილისი კი ამბობს, რომ იოანე პავლე მეორემ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ მისი შეცვლა მჭიდროდ დაყრდნობოდა მისსავე პრინციპებს. ეს კი, პირველ ყოვლისა, კარდინალთა კოლეგიისადმი დამოკიდებულებაში მდგომარეობს:

[ჩესტერ გილისის ხმა]”ყველა, ვინც მისი მემკვიდრის ასარჩევად კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, ფაქტობრივად, მისი დანიშნულია. ეს კი ცოტა უჩვეულოა. როგორც წესი, კოლეგიაში წინა პაპის მიერ დანიშნული ხალხიც გამოერევა ხოლმე. ამჯერად კი იოანე პავლე მეორემ ისეთი ვითარება შექმნა, რომ კოლეგია იდეოლოგიურად მასთან ახლოს მდგომი ადამიანებით არის დაკომპლექტებული.”

ახალი პაპის არჩევნებში მონაწილეობის მიღება 80 წლამდე ასაკის კარდინალებს შეუძლიათ. კარდინალები დღეში ორჯერ - ორჯერ დილით და ორჯერ საღამოს - უყრიან კენჭს ანონიმურად ხელით ნაწერი საარჩევნო ბიულეტენით, ვიდრე კანდიდატს კენჭისყრაში მონაწილეთა ორი მესამედი არ დაუჭერს მხარს. ყველა წარუმატებელი ბიულეტენი სპეციალური ქიმიური ნივთიერებით იწვის, რაც შავ კვამლს გამოსცემს და რითაც ხალხი ხვდება, რომ პაპის არჩევა ვერ მოხერხდა. როდესაც კენჭისყრა წარმატებით მთავრდება, ბიულეტენებს ქიმიური ნივთიერების გარეშე წვავენ. თეთრი კვამლი სიგნალია, რომ ახალი პაპი არჩეულია. თუ არჩეული პირი დაეთანხმება კენჭისყრის შედეგებს, უხუცესი კარდინალი ვატიკანის აივანზე გამოდის და ლათინურად ხმამაღლა წარმოთქვამს სიტყვებს ”ჰაბემუს პაპა”(”ჩვენ პაპი გვყავს”)

პროფესორი გილისი ფიქრობს, რომ ვარაუდები, თუ ვინ გახდება რომის ახალი პაპი, დროის ფუჭი კარგვაა. რადგან ისტორიულად, ისინი, ვინც ფავორიტებად მიაჩნდათ, ძალზე იშვიათად ღირსებიან ამ ტიტულს. ამის მაგალითია თავად იოანე პავლე მეორე, რომელიც ნაკლებსავარაუდო კანდიდატად იყო მიჩნეული. ამჯერად კათოლიკურმა ეკლესიამ, ფიქრობს ჯორჯთაუნის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, შესაძლოა, ახალი პონტიფიკის კანდიდატურა აფრიკის, აზიის ან ლათინური ამერიკის კონტინენტიდან შეარჩიოს.

[ჩესტერ გილისის ხმა]”აქ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთია ეროვნულ წარმოშობის პრინციპი, მეორე კი - ქრონოლოგიისა. ეროვნული წარმოშობიდან თუ გამოვალთ, მაშინ არსებობს შესაძლებლობა, რომ მომავალი პაპი იყოს იტალიელი, მას შემდეგ, რაც წინა არაიტალიელი იყო, რაც ერთადერთი შემთხვევა გახლდათ 400 წლის მანძილზე. მაგრამ არსებობს მეორე არგუმენტიც, რომ კათოლიკური ეკლესია ძლიერდება მესამე სამყაროში და რომ ამ სამყაროს წარმომადგენელ რამდენიმე კარდინალს საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს ვატიკანში,” - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი ჩესტერ გილისი. თუმცა მომავალი პაპის ვინაობა, როგორც ვთქვით, მსოფლიოსათვის უკვე, არაუგვიანეს, 20 აპრილს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG