Accessibility links

logo-print

დიზელის საწვავის დარიგების პროცესმა საპარლამენტო უმრავლესობაც შეაშფოთა


კვლავ ხმაურია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის ირგვლივ. სოფლის მოსახლეობისთვის 20 ლიტრი დიზელის საწვავის საჩუქრად

დარიგების პროცესს უამრავი გაუგებრობა მოჰყვა. ისინი, ვინც მიიღო ეს საჩუქარი, მისი სიმცირით არიან უკმაყოფილო, ხოლო, ვისაც არ შეხვდა 20 ლიტრი დიზელის საწვავი, თავს დაჩაგრულად გრძნობს და სამართლიანობას მოითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობას კი დიზელის შესაძენად ზედმეტი თანხების გამოყოფა არ მოეწონა.

600 ათასი ოჯახისთვის 12 მილიონი ლიტრი დიზელის შესაძენად, პრეზიდენტის 16 მარტის განკარგულებით, 13 მილიონ 560 ათასი ლარი გამოიყო. ამით კი დაირღვა ბიუჯეტის კანონი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ფონდში მხოლოდ 10 მილიონი ლარია ჩადებული. დაღვეულია ასევე კანონი შესყიდვების შესახებ და, რაც მთავარია, გაბერილია დიზელის ფასი: 1 ლიტრი - 1.13 ლარი. არადა, დიზელის საბაზრო ღირებულება გაცილებით ნაკლებია.

სწორედ ეს არ მოეწონა საპარლამენტო უმრავლესობას და 4 აპრილისთვის უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა გადაწყვიტა, თუმცა ყველაფერი ამ სხდომამდე, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოზე, გაირკვა. უმრავლესობის წევრს, ვიცე სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს მოვუსმინოთ:

[მაჭავარიანის ხმა] ”ჩვენ მოგვაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია - პრემიერმაც, პრეზიდენტმაც - და საკითხი ჩვენთვის, ასე ვთქვათ, არის... გარკვეული.”

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით კირკიტაძის, კომენტარი:

[დავით კირკიტაძის ხმა] ”არავითარი პრეტენზიები ჩვენ ამ პროექტზე საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არ გვქონია. პირიქით, ვთავაზობთ დახმარებას განაწილებაში, რათა ეს დიზელი დროზე მოხვდეს გლეხებთან.”

გლეხები ამბობენ, რომ სიჩქარე სულაც არაა საჭირო, რადგან უამინდობის გამო საგაზაფხულო სამუშაოები შეფერხებულია და, ასეც რომ არ იყოს, 20 ლიტრი დიზელის საწვავით გლეხებისთვის დარიგებული მიწების მეოთხედის დამუშავებაც კი შეუძლებელია..

[დავით ონიკაშვილის ხმა] ”მაგაზე რომ აქცენტი ავიღოთ, მაგით რომ რამე შეიქმნება, ეს გამორიცხულია. ალბათ, ყველა ლამპისთვის გამოიყენებს, სოფლებში დენი არ არის და.”

ეს არის დავით ონიკაშვილი, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის საკრებულოს წევრი. მისივე განცხადებით, დიზელის განაწილება სახლების მიხედვით ხდება და არა მიწის მფლობელთა რაოდენობის მიხედვით. არის ასევე სხვა გაუგებრობებიც.

[დავით ონიკაშვილის ხმა] ”მიწების გაცემის დროსაც გაყრილ კომლებს მივეცით მიწა. ახლა ეს არ გააკეთეს ამათ, სახლში მისცეს ერთი ნორმა, თუგინდ 3 გაყრილი კომლი ყოფილიყო.”

პრეტენზიებს გამოთქვამენ მიწის სხვა მესაკუთრენიც, კერძოდ კი, თერჯოლის რაიონულ ცენტრში მცხოვრებნი, რომელთაც 20 ლიტრი დიზელის საწვავი არ ერგოთ, რადგან ქალაქის მცხოვრებლებად ითვლებიან. რაიონის საკრებულოს წევრი მევლუდ ბრეგვაძე ასე აღწერს თერჯოლაში შექმნილ ვითარებას:

[მევლუდ ბრეგვაძის ხმა] ”ესეთი ხალხია, მიწის მფლობელია, მართლა მიწათმოსარგებლეა, მას მიწის მეტი არაფერი გააჩნია. დიზელს არ ვაძლევთ, ხო, მიწის ქირა როცა იქნება გადასახადი, თუ ესენი მიწის მესაკუთრეები არ არიან, მერე როგორ მოვთხოვო ეს ფული?”(სტილი დაცულია)

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, სოფლად შინამეურნეობათა საერთო რაოდენობა 589 ათას 422-ია. პრეზიდენტის საჩუქარი კი 600 ათასი ოჯახისთვის არის განსაზღვრული, თუმცა ჭარბი რაოდენობაც კი რატომ არ ყოფნის მიწის მესაკუთრეებს, პასუხგაუცემელი რჩება.
XS
SM
MD
LG